პომპეოს ჩამოსვლის დღეს ოპოზიცია მდუმარე აქციას გეგმავს

„ლელოს“ ოფისში ოპოზიციის შეხვედრა დასრულდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ პარტიის ერთ-ერთმა წევრმა, საბა ბუაძემ ხვალინდელ აქციასთან დაკავშირებით ისაუბრა და განაცხადა, რომ აქციები პოლიტიკური ლიდერების გარეშეც გაიმართებოდა, რადგან ეს არის ადამიანების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება.

„აქციები არის ადამიანების გულწრფელი პროტესტის გამოხატულება, რომელსაც პოლიტიკური პარტიები უკეთებენ ხოლმე ორგანიზებას. ეს აქციები ჩვენგან დამოუკიდებლადაც გაიმართებოდა, მაგრამ ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ ყველაფერს თავი მოვუყაროთ. ზუსტად ეს აშინებს ხელისუფლებას, მრავალრიცხოვანი პროტესტის დანახვა და საზოგადოებაც კარგად ხვდება ამას“,- განაცხადა საბა ბუაძემ.

„ლელოს“ წევრმა მაიკ პომპეოს ჩამოსვლის დღეს დაგეგმილ აქციასთან დაკავშირებითაც ისაუბრა.

„პომპეოს ჩამოსვლის დღეს იქნება მდუმარე აქცია. ეს იქნება ერთგვარი იმედიანი მისალმება სახელმწიფო მდივნის მიმართ, სადაც ჩვენ მდუმარე ფორმაში ჩვენს ერთიანობას და არჩევნების მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას დავაფიქსირებთ. ჩვენ ვეცდებით, რომ ეს პროტესტი იყოს მაქსიმალურად განსხვავებული, რასაც აქამდე ვაკეთებთ“ – აღნიშნა საბა ბუაძემ.

წყარო: report.ge