მორიგი ვიზიტი ბრიუსელში, იუწყება საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქო. ისევ და ისევ ბოდბელი მთავარეპისკოპოსი, მეუფე იაკობი – ახლო წარსულში სექსუალური უმცირესობებისადმი ზღვარსგადასული აგრესიით გამორჩეული, ახლა კი – დასავლეთის ზღვარსგადასული მეხოტბე, სათავეში უდგას ამ დელეგაციას.
დელეგაციაში ასევე წარმოდგენილია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე.
ეს ვიზიტი სასულიერო პირების ვიზიტზე მეტად “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” წევრების ვოიაჟს უფრო წააგავს. ერთია, რომ საქართველოში მოქმედი “რონდელის ფონდი”, რომელიც ამერიკა-ევროპის სრულ კმაყოფაზეა, ისეთსავე კავშირშია ეკლესიასთან და მართლმადიდებლობასთან, როგორც ლამპის შუშა – მეფე ერეკლესთან, მაგრამ სწორედ ამ ფონდის საშუალებით მოხდა საპატრიარქოს დელეგაციის ვიზიტი ბრიუსელში.
ამჯერად, საპატრიარქოს დელეგაციაში არ აღმოჩნდნენ საღად მოაზროვნე ეპისკოპოსები და ბურთი და მოედანი რუსოფობულ ელემენტებს დარჩათ. ლუსტრაციისთვის – თუ ვინ უთხრის ძირს მართლმადიდებლების ერთიანობას, ვინ ცდილობს არაკანონიკური “უკრაინის ეკლესიისთვის” საქართველოს ეკლესიის ხარჯზე იმიჯის შექმნას, ესეც საკმარისია.
მკითხველს კომენტარით არ დავღლით, თავად გააკეთოს დასკვნები – ქვემოთ წარმოდგენილი ფაქტების მიხედვით. ოფიციალური ქრონიკიდან:
“ვიზიტი ხორციელდება რონდელის ფონდის მხარდაჭერით და მასში მონაწილეობენ საქართველოში არსებული სხვადასხვა რელიგიების წარმომადგენლები.
18 ნოემბერს, ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციის (NATO) სათაო ოფისში შედგა შეხვედრა ჯეიმს აპატურაისთან, – კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს ევროატლანტიკური ალიანსის მნიშვნელობაზე, საქართველოს ნატოში გაწევრიანების გეგმებზე, გამოწვევებზე, თანხვედრ სირთულეებსა და მართლმადიდებელი ეკლესიის ჩართულობაზე აღნიშნულ პროცესში.
საუბრისას აღინიშნა, რომ უმნიშვნელოვანესია, გაერთიანება იმ მთავარი კულტურულ-რელიგიური ღირებულებების გარშემო, რომლებზეც დგას ჩვენი ქვეყანა. თავის მხრივ, ბატონმა აპატურაიმ სრული მხარდაჭერა და მხარში დგომა აღუთქვა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლებს და ბრძანა: ,,როდესაც ვამბობთ, რომ მხარში ვუდგავართ საქართველოს, ვდგავართ სწორედ იმ ღირებულებების მხარდამხარ, რომლებიც თქვენი ერის მთავარ ღირებულებებს წარმოადგენს”.
ამავე დღეს ვიზიტის მონაწილეები ევროპის სახალხო პარტიის (epp) ოფისში შეხვდნენ ევროპის სახალხო პარტიის გენერალურ მდივანს, ბ-ნ ანტონიო ლოპეზ-ისტურიზ ვაიტსა და ევროპის სახალხო პარტიის საგარეო ურთიერთობათა მდივანს, ბ-ნ პატრიკ ვოლერს.
შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ამჟამად ქვეყანაში მიმდინარე პროცესების შესახებ. ამასთან, მასპინძლებმა, შესაძლებლობის ფარგლებში, სრული მხადრაჭერა აღუთქვეს ქართულ მხარეს ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გასათავისუფლებლად.
ასევე აღინიშნა, თუ რაოდენ მნიშვნელოვანია ეკლესიის მხრიდან საზოგადოებასთან ღია ურთიერთობა და ამ მიმართულებით საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის აქტიური მუშაობა.
თავის მხრივ, ევროპარლამენტარებმა გამოხატეს მზაობა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიასთან უშუალო თანამშრომლობისა და სამომავლოდ კიდევ უფრო მჭიდრო ურთიერთობის ჩამოყალიბებისათვის. შეხვედრის მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ასეთი თანამშრომლობა ქვეყნისთვის მრავალი სასარგებლო საკითხის გადაჭრას შეუწყობს ხელს.
ევროპარლამენტში ასევე გაიმართა ორმხრივი შეხვედრები ევროპის სახალხო პარტიის წევრ პარლამენტარებთან. ვიზიტის მონაწილეები დაესწრნენ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომას. შეხვდნენ სამხრეთ კავკასიის დელეგაციის თავმჯდომარის მოადგილეს, კულტურათაშორისი და რელიგიური დიალოგის სამუშაო ჯგუფის თანათავმჯდომარეს, ევროკავშირში მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენელთა კომიტეტის (TBC) წევრებსა და სხვა ოფიციალურ პირებს.
19 ნოემბერს, რონდელის ფონდის ორგანიზებით, ბრიუსელში მიმდინარე ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა და სხვა რელიგიური კონფესიების წარმომადგენლები დაესწრნენ სემინარს „ეკლესიისა და რელიგიური თემების როლი მშვიდობის აღდგენისა და კონფლიქტის დარეგულირების პროცესში“.
სემინარზე საქართველოს მხრიდან მომხსენებლები იყვნენ: ბოდბელი მთავარეპისკოპოსი იაკობი (იაკობიშვილი), საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, დეკანოზი ანდრია ჯაღმაიძე, საპატრიარქოს წარმომადგენელი ინტერრელიგიურ საბჭოში თეა გოგოტიშვილი, სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოს შეიხი რამინ იგიდოვი, სომეხთა სამოციქულო წმინდა ეკლესიის საქართველოს ეპარქიის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებელი, არქიმანდრიტი კირაკოს დავთიანი, საქართველოში კათოლიკე ეკლესიის ეპისკოპოსის ვიკარი, მამა გაბრიელე ბრაგანტინი, თბილისის დიდი სინაგოგის საბჭოს თავმჯდომარე მერაბ ჩანჩალაშვილი“.