არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის

საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, რომ არანაირი ამბიცია არ გააჩნია და არავისთვის თანამდებობის წართმევას არ აპირებს.

როგორც სააკაშვილმა Facebook-ზე დაწერა, “მთავარი თემა გაყალბებული არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნაა”.

“მეგობრებო, ახლა ჩემი როლის შეფასება და ჩემზე საუბარი არ არის მთავარი თემა. მთავარი თემა არის ერთიანობა, გაყალბებული არჩევნების შედგების გაუქმების მოთხოვნით. ამიტომ, მოდით ჩემზე დებატებს თავი დავანებოთ და მივხედოთ მთავარ თემას. მთავარი თემის გადაწყვეტის შემდეგ, ქართველი ხალხი ყველას თვითონ მიუჩენს თავის ადგილს. მე საერთოდ ეჭვი არ მეპარება მის სამართლიანობაში. მე რაც შემეხება, არ გამაჩნია ცალკე აღებული არანაირი ამბიციები და არ ვაპირებ არავისთვის არც კაბინეტის წართმევას და არც თანამდებობის”, – წერს მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები მიიჩნევენ, რომ არჩევნები გაყალბდა და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობენ.

ოპოზიცია ითხოვს ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას ახალი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ისევე, როგორც პოლიტპატიმრების გათავისუფლებას.

ამ მოთხოვნით უკვე 3 მასშტაბური საპროტესტო აქცია გაიმართა. მორიგი საპროტესტო აქცია ოპოზიციამ უკვე დაანონსა, რომელიც 17 ან 18 ნოემბერს გაიმართება.

 

“აიპრესი”