თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს – საქართველოს ეკონომიკის მინისტრი

საქართველოს “სტრატეგიულ პარტნიორად” გამოცხადებულმა თურქეთმა დიდი სარგებელი ნახა საქართველოთი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველო პატარა ქვეყანაა.

საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, 1990-იან წლებში, საქართველო თურქული ინდუსტრიის ჯართით მომარაგების ერთ-ერთ მნიშვნელოვან წყაროდ იქცა; ქართველებმა რუსების მიერ დატოვებული საკუთარი წარმოება დაანგრიეს და ქარხნებისა და ფაბრიკების უმეტესი ნაწილი თურქეთში ჯართად გაზიდეს. თურქები ამ ჯართით ნაწარმოებ პროდუქციას შემდეგ საქართველოს ბაზარზეც ყიდდნენ.

თურქეთი შეუფერხებლად სარგებლობს შეღავათიანი ტრანზიტით, საქართველოს ტერიტორიის გავლით, აზერბაიჯანის, შუა აზიის და რუსეთის მიმართულებით.

ვაჭრობის ლიბერალიზაცია ცალმხრივი სარგებლის საფუძველი გახდა: ამჟამად თურქეთში ვიზიტად მყოფმა საქართველოს ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ აღიარა, რომ “თურქეთიდან იმპორტი 7-ჯერ ჭარბობს ქართული პროდუქციის ექსპორტს”.  რა გასაკვირია, როდესაც საქართველომ საკუთარი ჩაის წარმოება თითქმის მოსპო (მაშინ, როდესაც მთელ საბჭოთა კავშირს ამარაგებდა ამ პროდუქტით), თავისი მოსახლეობა კი თურქებს დაუყენა იაფ მოჯამაგირედ, თურქული ჩაის პლანტაციებზე.

მინისტრი იმედოვნებს, რომ “შერეული ეკონომიკური კომისიის” მუშაობის განახლება 14-წლიანი პაუზის შემდეგ, დადებით შედეგებს მოიტანს.

“დღეს ჩვენ მივიღეთ დასტური და გადავდგით ნაბიჯები ჩვენი სავაჭრო რეჟიმის შემდგომი ლიბერალიზაციისკენ, ეს შეეხება როგორც ტარიფებს, ასევე არასატარიფო ბარიერებს. ასევე შეეხება ჩვენს ცხოველურ ნაწარმს, სასოფლო-სამეურნეო ნაწარმს, რომელიც, შესაძლებელი გახდება, მალე ვიხილოთ თურქულ ბაზარზე. გარდა ამისა, საუბარი არის ტექსტილის ინდუსტრიისთვის თურქეთთან ვაჭრობის გამარტივებაზე, რაც სექტორს საშუალებას მისცემს, უფრო უკეთ იყოს წარმოდგენილი, მათ შორის მესამე ქვეყნების – ევროკავშირის ბაზარზე“, – აღნიშნა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ანკარაში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში, ერთობლივი კომისიის სხდომაზე გამოსვლისას.

თურნავას ვიზიტი თურქეთში განხორციელდა, როგორც პრემიერ გიორგი გახარიას 31 ოქტომბრის ვიზიტის ერთ-ერთი შედეგი.