ამ არჩევნების და, ზოგადად, ე. წ. ქართული პოლიტიკური სპექტრის შემხედვარე, მახსენდება მე-17 საუკუნის იტალიელი მისიონერი – მრავალთაგან ერთ-ერთი, რომელმაც ბედკრული საქართველო ნახა, თუმცა რატომ ბედკრული? – მაშინ ხომ არ ვგმინავდით რუსეთის ჩექმის ქვეშ და სრულიად “თავისუფლები” ვიყავით.
თავისუფლად ვყიდდით მეზობლებს, ნათესავებს, მრევლს, მღვდლებს, გლეხებს, აზნაურებს, ქალებს, კაცებს… კიდევ ბევრ საშურ საქმეს ვაკეთებდით, სანამ ეს დამპყრობელი რუსეთი არ შემოვიდა ჩვენთან.
ჰოდა, ისევ ავიტაბილეს რომ დავუბრუნდე: მახსენდება იმიტომ, რომ საარჩევნო პროცესს, ნებისმიერ პოლიტიკურ დისკუსიას სატელევიზიო სტუდიაში ან თუნდაც ვიდეოკამერების გარეშე, საქართველოში მუდამ თან ახლავს ამ დისკუსიის მონაწილეთა მხრიდან აგრესიული ხმაური, ყაყანი, აყალ-მაყალი, არც თუ ისე იშვიათად – ხელჩართული ბრძოლები. თვით სასამართლო პროცესებიც ხმაურით მიმდინარეობს და ამიტომაც იწოდებიან ეს პროცესები ჟურნალისტურ ლექსიკონში “ხმაურიან სასამართლო პროცესებად”.
პიეტრო ავიტაბილე ჯერ კიდევ მე-17 საუკუნეში დააკვირდა იმას, რაც საოცრად ჰგავს დღევანდელ რეალობას: ქართველები, როცა რაიმე სადავო საკითხს განიხილავენ და მასზე კამათობენ, – წერდა იტალიელი, – შეიკრიბებიან და საუბრისას მალევე იწყებენ ყვირილს. ვინც ყველაზე ხმამაღლა ლაპარაკობს და მედგრად იქნევს ხელებს, სიმართლეც მის მხარეს არის, ეს ასე მიიჩნევა.
აი ამას წერს ავიტაბილე (ციტატი ჩემი სიტყვებით, მაგრამ აზრის ზუსტი დაცვით გადმოვეცი) და თუ ვინმემ ამ სიტყვებში დღევანდელი ქართული რეალობა ვერ ამოიცნო, ეს მისი პრობლემაა!
ახლახან მოლდავეთში გახლდით, იქ ვაკვირდებოდი საპრეზიდენტო არჩევნების ფინალურ ეტაპს. არჩევნების შედეგები ითვლება რეალურ დროში. როდესაც იკეტება საარჩევნო უბნები, ტელევიზიები გადმოსცემენ ხმის დათვლის მაჩვენებლებს – ეკრანზე ჩანს ციფრები, თუ რეალურ დროში როგორ იცვლება ხმების რაოდენობა ამა თუ იმ კანდიდატის სასარგებლოდ, იქვე კომპიუტერულად დაიანგარიშება პროცენტული მაჩვენებლები. არავითარი ყალბი “ეგზიტპოლები” შედეგის მოლოდინში და არც იმის გამთანგავი მოლოდინი, როდის გამობრძანდება ცესკოს თავმჯდომარე და ჩაატარებს ბრფინგს – ზეპირად მოგვახლის ციფრებს და მიჯღანულ-მოჯღანული ოქმების სკანირება-ატვირთვას დაგვპირდება.
იმავე ტელევიზიების საშუალებით საუბრობენ ჟურნალისტები და პოლიტოლოგები – მიმოიხილავენ საარჩევნო თემას, მასთან დაკავშირებულ პრობლემატიკას, პერსპექტივებს… არავინ უმაღლებს ხმას, არსად ჩანან ეგზალტირებული პოლიტიკოსები, მობანდიტო ტიპაჟები, “სუსი”, ნიკანორ მელია და სხვა “კოლორიტები”. თუმცა ეს ასე იყო ყაზახეთშიც, მოლდავეთისგან მნიშვნელოვნად განსხვავებულ ქვეყანაში, სადაც შარშან გახლდით და ასევე პრეზიდენტის არჩევნებს ვაკვირდებოდი. იქაც ყველაფერი ცივილიზებულად, ღირსეულად და თან, საინტერესოდ ჩატარდა!
ნუთუ ასე ძნელია ამის მიღწევა საქართველოში? როდემდე უნდა ვიყოთ ავიტაბილეს დროში, მე-17 საუკუნეში?!
გულბაათ რცხილაძე