დღეისათვის უკვე დადასტურებულია, რომ ახალი კორონავირუსი თრომბის წარმოქმნის რისკს ზრდის.
ამავდროულად ზუსტი პროგნოზის გაკეთება რთულია, რადგან კვლევები განსხვავებულ შედეგებს აჩვენებს. თუმცა აშკარაა, რომ ეს რისკი კოვიდის მკურნალობის დროს გასათვალისწინებელია. თრომბის წარმოქმნამ შეიძლება გამოიწვიოს მიოკარდიუმის ინფარქტი, ინსულტი, ღრმა ვენების თრომბოზი და ფილტვის ემბოლია. რატომ წარმოიქმნება ახალი კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში თრომბი და როგორ უნდა შევამციროთ ამასთან დაკავშირებული რისკი?
რატომ წარმოიქმნება COVID-19-ის შემთხვევაში თრომბთან დაკავშირებული პრობლემები?
ეს ბოლომდე გაურკვეველია, თუმცა ექსპერტები განიხილავენ რამდენიმე ფაქტორს, რამაც შეიძლება კოვიდის მძიმე ფორმით განვითარების შემთხვევაში თრომბის წარმოქმნა ახსნას:
– დაზიანებულია ქსოვილი, რომლითაც სისხლძარღვების შიდა კედელია დაფარული, რაც სისხლის მიმოქცევას აფერხებს;
– სისხლძარღვები იკუმშება და სისხლის მიმოქცევა ირღვევა, რადგან ჰოსპიტალიზებული ადამიანი ცოტას მოძრაობს;
– რაღაც მიზეზების გამო სისხლში ზოგიერთი კომპონენტის დონე იცვლება, რომელიც თრომბის წარმოქმნაზე გავლენას ახდენს.
არსებობს გარკვეული რისკ-ჯგუფები? შეიძლება თუ არა ეს საფრთხე ყველას დაემუქროს?
რა თქმა უნდა, თრომბი ყველას შეიძლება განუვითარდეს, მაგრამ მაღალი რისკის ჯგუფები ნამდვილად არსებობს. პირველ რიგში, ესენი არიან ჰოსპიტალიზებული პაციენტები და განსაკუთრებით ისინი, ვინც რეანიმაციულ განყოფილებაში იმყოფებიან. ამის მიზეზი არის ის, რომ უპირველეს ყოვლისა, ახალმა კორონავირუსმა მათ სხვებზე უფრო ძლიერი დარტყმა მიაყენა. მეორე მხრივ კი, როგორც წესი, ადამიანები საავადმყოფოში ნაკლებად მოძრაობენ, რაც თრომბების წარმოქმნას ასევე ხელს უწყობს.
ამავდროულად კვლევებით დადასტურდა, რომ თრომბი პრობლემებს უფრო ხშირად ჰოსპიტალიზებულ პაციენტებში იწვევს. ესენი არიან:
– გაცხიმოვნების მქონე ადამიანები;
– კაცები;
– ასაკოვანი ადამიანები;
– უმოძრაო მდგომარეობაში მყოფი ადამიანები;
– ადამიანები, რომლებსაც აქვთ ან ჰქონდათ ონკოლოგიური დაავადებები;
– თრომბოფილიის მქონე ადამიანები;
– ადამიანები, რომლებსაც წარსულში ჰქონდათ ფილტვის ემბოლია ან ღრმა ვენების თრომბოზი;
– ადამიანები, რომლებსაც გადატანილი აქვთ მიოკარდიუმის ინფარქტი, გულის იშემიური დაავადება ან გულ-სისხლძარღვთა სხვა დაავადებები.
სისხლძარღვების ბლოკირებასთან დაკავშირებული გართულების დროულად დასაფიქსირებლად, ზოგიერთი ექიმი ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს ქვედა კიდურების ვენების ულტრაბგერით გამოკვლევასა და ექოკარდიოგრაფიას უტარებს, ის ასევე D-დიმერის დონეს ამოწმებს. თუმცა სამწუხაროდ, პროფილაქტიკის ამგვარი ზომების შემთხვევაშიც კი, თრომბს პრობლემების გამოწვევა მაინც შეუძლია, თუმცა ასეთი პაციენტების რაოდენობა გაცილებით ნაკლებია.
როგორც წესი, რეკომენდაციებში მითითებულია, რომ ყველა ჰოსპიტალიზებულ პაციენტს უნდა დაენიშნოს დაბალმოლეკულური ან არაფრაქცირებული ჰეპარინი კანქვეშ ან ინტრავენურად. თუ არ არსებობს უკუჩვენებები (მაგალითად, სისხლდენა ან მწვავე თრომბოციტოპენია). ჰოსპიტალიზებულ პაციენტებს სისხლის შედედების ინდიკატორებს რეგულარულად უმოწმებენ. თუმცა ეს ხდება არა იმისთვის, რომ დადგინდეს, საჭიროა თუ არა ანტიკოაგულანტი (ის ყველას უნდა მისცენ), არამედ იმისთვის, რომ რამე სხვა დაავადება არ გამორჩეთ.
რადგან რისკი მაინც არსებობს, პროფილაქტიკის მიზნით ყველა რომ დალიოს ეს პრეპარატი?
პრობლემა ის არის, რომ ანტიკოაგულანტებს, ისევე როგორც სხვა მედიკამენტებს, არასასურველი რეაქცის გამოწვევა შეუძლიათ. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანია სისხლდენა. ამიტომაც ამ წამლების დანიშვნის დროს საჭიროა, რისკისა და სარგებლის ბალანსი შეფასდეს.
ანტიკოაგულანტების დანიშვნისას ექიმმა ასევე უნდა გაითვალისწინოს მათი ურთიერთქმედების რისკი იმ წამლებთან, რომლებსაც პაციენტი უკვე იღებს. თუ ეს არ გაკეთდება, შეიძლება არასასურველი რეაქციები განვითარდეს. ეს არის კიდევ ერთი არგუმენტი იმაზე, რომ ანტიკოაგულანტები ექიმის დანიშნულების გარეშე ადამიანმა არ უნდა მიიღოს.
თუ კოვიდის ფორმა მსუბუქია, ჰოსპიტალიზაცია საჭირო არ არის, მაგრამ თრომბების წარმოქმნისადმი მიდრეკილება მაქვს, Რა უნდა ვქნა?
პაციენტებს, რომლებიც COVID-19-ს სახლის პირობებში მკურნალობენ, შეიძლება ექიმმა ანტოკოაგულანტი დაუნიშნოს, მაგრამ ეს იშვიათად ხდება. მაგალითად, თუ ადამიანს ადრე ჰქონდა ღრმა ვენების თრომბოზი, ცოტა ხნის წინ ოპერაცია გაუკეთდა ან ტრავმა გადაიტანა, ის მუდმივად წევს ან ჭარბწონიანია. ნებისმიერ შემთხვევაში, გადაწყვეტილებას ექიმი იღებს.
სამწუხაროდ, არ არსებობს ტესტები, რომლებიც ზუსტ და საიმედო ინფორმაციას იძლევა, რომ პაციენტს, რომელიც ჰოსპიტალიზაციას არ საჭიროებს, ანტიკოაგულანტები დასჭირდება. ამიტომაც არანაირი კონკრეტული კვლევა რეკომენდებული არ არის. ამ შემთხვევაში უფრო მნიშვნელოვანია, თქვენს თვითშეგრძნებას დააკვირდეთ.
უფრო კონკრეტულად, რას უნდა მივაქციო ყურადღება?
დალიეთ საკმარისი რაოდენობის სითხე (არა ალკოჰოლი), მეტი იმოძრავეთ და სიმპტომებს დააკვირდით. თუ თქვენი ფეხი (როგორც წესი, ცალ ფეხზეა საუბარი) არის შეშუპებული, გტკივათ, გაწითლებულია ან შეხებისას ძალიან თბილია, ეს შეიძლება იყოს ღრმა ვენების თრომბოზი. ასეთ დროს, სასწრაფოდ უნდა მიმართოთ ექიმს. აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ უმეტეს შემთხვევაში ადამიანმა არც კი იცის, რომ მას რამე პრობლემა ჰქონდა – ყველაფერი თავისით გადის.
ფილტვის ემბოლია შეიძლება ასიმპტომური იყოს. თუმცა შესაძლებელია გამოიწვიოს სუნთქვის გართულება, გულმკერდის არეში ტკივილი და ჰემოპტოზი. ეს სიმპტომები ხომ ახალ კორონავირუსსაც ახლავს, ამიტომაც ყველა შემთხვევაში ექიმს უნდა დაუკავშირდეთ. ეს ყველაფერი მნიშვნელოვანია არა მხოლოდ COVID-19-ით დაავადების შემთხვევაში, არამედ ზოგადად ცხოვრებაშიც გასათვალისწინებელია.
არსებობს თუ არა გამოკვლევები, რომლებიც პერიოდულად უნდა ჩავიტარო, თრომბის წარმოქმნა რომ არ გამომრჩეს?
შეიძლება ითქვას, რომ ასეთი გამოკვლევები არსებობს. თუმცა ფართოდ გავრცელებული მოსაზრების მიუხედავად, ეს არ არის ულტრაბგერითი გამოკვლევები და D დიმერის დონის შემოწმება.
გამოკვლევების სრული ჩამონათვალი ინდივიდუალურ რისკებზეა დამოკიდებული. თუმცა ჩვეულებრივ რეკომენდებულია:
– ყოველ ხუთ წელიწადში ერთხელ, ანალიზი ჩააბარეთ ლიპიდურ პროფილზე (ქოლესტერინის დონე) – კაცებმა 35, ქალებმა კი 45 წლიდან. ეს ხელს შეუწყობს ათეროსკლეროზის რისკის შემცირებას ან მის კონტროლს. შესაბამისად, გულ-სისხლძარღვთა დაავადებების რისკიც დაბალი იქნება.
– გაიზომეთ არტერიული წნევა. სულ ცოტა, 5 წელიწადში ერთხელ მაინც.
– დააკვირდით თქვენი სხეულის მასის ინდექსს.
– შეიმოწმეთ სისხლში შაქრის დონე. ჯერჯერობით არ არსებობს საერთო მოსაზრება იმის შესახებ, რამდენად ხშირად და ვინ უნდა გაიკეთოს ეს. ამისათვის ექიმთან უნდა გაიაროთ კონსულტაცია, გაქვთ თუ არა შაქრიანი დიაბეტის განვითარების რისკი და შესაბამისად იმოქმედოთ. 40 წლის შემდეგ კი, ყოველ სამ წელიწადში შეიმოწმეთ.
და, რა თქმა უნდა, გულ-სისხლძარღვთა სისტემისთვის სასარგებლოა, რომ არ მოწიოთ, იყოთ ფიზიკურად აქტიური და აკონტროლოთ კვების რაციონი, მათ შორის – მარილის შემცველობა.
“იმედინიუსი”