ქვეყანა დამატებითი შეზღუდვების მოლოდინშია

ეპიდსიტუაციის უკიდურესად დამძიმების გამო ქვეყანა დამატებითი წერტილოვანი შეზღუდვების მოლოდინშია.

დიდი ალბათობით, ახალი აკრძალვების შესახებ ინფორმაცია უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი. სწორედ დაგეგმილი შეზღუდვები იყო დღის ბოლოს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვედრის მთავარი თემაც. პრემიერის დავალებით, მთავრობის ეკონომიკური გუნდი, ვიცე-პრემიერ მაია ცქიტიშვილის ხელმძღვანელობით, ბაზრობების წარმომადგენლებს შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა შეზღუდვების პარალელურად სამუშაო ადგილების მაქსიმალურად შენარჩუნებაზე.

“ჩვენ ბიზნესი და მთავრობა ერთიანად ვფიქრობთ, შეიქმნას რაღაც ისეთი პლატფორმა, რომელიც არ დააზიანებს რეგულაციების ფონს და არ დააზიანებს ეკონომიკის განვითარებას და ეკონომიკური შენელება არ იქნება,” – განაცხადა “სანაპირო საინვესტიციო ჯგუფის” წარმომადგენელმა სერგო რუხაძემ.

როგორც “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ აღნიშნა, შეხვედრაზე იყო საუბარი იმაზე, რომ სრული ლოკდაუნი არ იგეგმება, ვინაიდან ეკონომიკის პარალიზება იქნას თავიდან აცილებული.

“ვიმსჯელეთ ჩვენ პრობლემებზე, რაც დღეს არის საქართველოში და რა თქმა უნდა, კიდევ ერთხელ გვექნება და კიდევ ერთხელ შევაჯერებთ შეზღუდვების იმ წესის მიხედვით ცხოვრებას, რომელიც არც ეკონომიკას დააზიანებს, არც ჯანმრთელობას. შესაბამისად სრულ ლოკდაუნზე არ იქნება საუბარი როგორც ვხვდები და ითვალისწინებს ამას მთავრობა, მაგრამ იქნება რაღაც შეზღუდვები, რომელიც მოზომილი და მიზანშეწონილი იქნება იმისთვის, რომ ჯანმრთელობაც შევინარჩუნოთ,” – აღნიშნა “ლილო მოლის” გენერალურმა დირექტორმა გიორგი კვარაცხელიამ.

 

“რუსთავი2”