პოზიტიური ინფორმაცია: კორონავირუსის პანდემიის პიკზე გუშინ ვიყავით, 2 კვირაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია იქნება

„მარდალეიშვილის დიაგნოსტიკური ცენტრის“ ექიმი-ინფექციონისტი, გიორგი კანდელაკი, კორონავირუსის სტატისტიკასთან დაკავშირებით ვაშინგტონის უნივერსიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანალიზს აქვეყნებს.

კანდელაკი აღნიშნულ პროგნოზზე დაყრდნობით განმარტავს, რომ საქართველო ეპიდტალღის პიკზე გუშინ იყო უახლოეს 2 კვირაში ქვეყანაში ინფიცირების კლების ტენდენცია წამოვა. როგორც კანდელაკი აღნიშნავს, ინფექციის უკანდახევა არ იქნება შეზღუდვების დამსახურება.

„ვაშინგტონის უნივერსიტეტის „Institute for Health Metrics and Evaluation“ – წარმოადგენს ერთ-ერთ ავტორიტეტულ ორგანიზაციას ჯანდაცვის სტატისტიკური ანალიზის კუთხით. სწორედ მასთან თანამშრომლობს საქართველოს დაავადებათა კონტროლის ცენტრი და მისგან ღებულობს კოვიდის ეპიდემიის პროგნოსტულ მაჩვენებლებს.

ამ ორგანიზაციის პროგნოზის მიხედვით ჩვენ ამ კონკრეტული ეპიდტალღის პიკზე ვიყავით გუშინ.

ჩემის აზრით ეს პროგნოზი საკმაოდ ზუსტია. მართალია ისინი გაცილებით რთულ მათემატიკურ ალგორითმებს ეყრდნობიან, მაგრამ ემპირიული შეფასებითაც კი, თუ გავითვალისწინებთ სხვა ქვეყნების მრუდების თავისებურებებს და და ბოლო თვეების განმავლობაში კორონავირუსის იმუნოლოგიურ კვლევებში დაგროვილ ინფორმაციას, ზუსტად იგივე დასკვნის გამოტანა შეიძლება. და თუ ეს ასეა, მაშინ შეზღუდვების გამკაცრება უბრალოდ არაფერს მოიტანს გარდა ეკონომიკური კრიზის გაღრმავებისა.

გაითვალისწინეთ, რომ ყველა შეზღუდვის პირველი ეფექტი გამოჩნდება 2-3 კვირის შემდეგ, მანამდე არა (ეს დადასტურებული ჭეშმარიტებაა) ასე რომ, თუ უახლოეს 1-2 კვირაში ვნახეთ კლების ტენდენცია (შემთხვევების კლებას ვგულისხმობ, თორემ სიკვდილიანობის პიკი დაიგვიანებს 2-3 კვირა, როგორც ახასიათებს კოვიდს), ეს არ იქნება შეზღუდვების დამსახურება, არამედ დაადასტურებს Institute for Health Metrics and Evaluation – ის პროგნოზს და ასეთ ვითარებაში, ჩემის აზრით რაც მალე მოვხსნით შეზღუდვებს, მით უკეთესი იქნება.

P.S. შეცდომაში არ შეგიყვანოთ გამოვლენილი შემთხვევების ზრდამ, რადგან უახლოეს ხანს იგეგმება 2.5-ჯერ გაზრდა ტესტირების რაოდენობის; ამ გრაფიკზე საუბარია ინფიცირებულთა პროგნოზირებულ საერთო რაოდენობაზე და არა გამოვლენის რაოდენობაზე, რაც ცხადია ტესტირების ინტენსიურობაზეა დამოკიდებული)”, – წერს კანდელაკი.

 

“რეზონანსი”