როგორ მიიღო სტალინმა კრემლში აკაკი ხორავა, მიხეილ ჯავახიშვილი და საქართველოს დელეგაციის სხვა წევრები

საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარების 15 წლისთავის აღსანიშნავად საქართველოს რესპუბლიკის 146 დელეგატი 1936 წლის 19 მარტს მოსკოვში გაემგზავრა სტალინთან შესახვედრად.

 

დელეგაციაში იყვნენ საქართველოს ყველა სფეროს წარმომადგენლები _ დაწყებული მეცნიერებით და  დამთავრებული სპორტსმენებით. დელეგაციას ხელმძღვანელობდა ლავრენტი ბერია.

დელეგაციის წევრთა ვრცელ სიაში არ იყო საქართველოს სახალხო პოეტი გალაკტიონ ტაბიძე (მიზეზი უცნობია _ გრ. ონიანი). კრემლში მიღებისას სტალინი გულთბილად მიესალმა დელეგაციის თითოეულ წევრს და ხელი ჩამოართვა. როდესაც საქართველოს სახელოვან ადამიანთა შორის ვერ აღმოაჩინა გალაკტიონ ტაბიძე, იქვე მდგომ ლავრენტი ბერიას გადაულაპარაკა: “სად არის ქართული პოეზიის მეფე?”. ბერია, რა თქმა უნდა მიხვდა, რაშიც იყო საქმე და საბჭოეთის ხელმძღვანელს განუცხადა, გალაკტიონ ტაბიძე შეუძლოდ იყო და ხანგრძლივი მგზავრობისათვის აღარ შევაწუხეთო. არავინ იცის, სარწმუნოდ მიიღო თუ არა სტალინმა ბერიას ინფორმაცია, მაგრამ ამ საკითხზე ყურადღება აღარ გაუმახვილებია.

დელეგაციას პირველი ვიაჩესლავ მოლოტოვი მიესალმა და ხაზი გაუსვა საქართველოს რესპუბლიკის როლსა და მნიშვნელობას არა მხოლოდ საბჭოთა კავშირში, არამედ მსოფლიოში: “ქართველმა ხალხმა, რომელსაც კაცობრიობის ისტორიაში საპატიო ადგილი უჭირავს, ბევრი რამ მისცა არა მხოლოდ თავის ქვეყანას, არამედ საბჭოთა კავშირსაც. საკმარისია, ითქვას, რომ საქართველომ ჩვენ მოგვცა ამხანაგი სტალინი”.

მოლოტოვის შემდეგ სიტყვა ქართულად წარმოთქვა თბილისის სტალინის სახელობის ორთქმავალშემკეთებელი ქარხნის მჭედელმა დავით ალექსის ძე ჭიჭინაძემ. მან ილაპარაკა ქარხნის წარმატებებზე და აღნიშნა:

“1921 წელს, როცა მენშევიკები ტფილისიდან გარბოდნენ, სურდათ, გაენადგურებინათ ქარხანა. ისინი ამტვრევდნენ დაზგებს და ჭრიდნენ ტრანსმისიებს, ცდილობდნენ, აეფეთქებინათ სამჭედლო საამქროს ორტონიანი ორთქლის ურო, მაგრამ მუშებმა ამის ნება არ მისცეს. ხოლო 1935 წელს სწორედ ამ ორთქლის უროს წყალობით ჩემმა სტახანოვურმა ბრიგადამ ორჯერ დაამყარა ორთქმავლების დამზადების საკავშირო რეკორდი…

საიუბილეო წელს ჩვენს ქარხანაში მუშაობს 2 500 მუშა, მათ შორის 819 _ სტახანოველი. თუ მენშევიკური მთავრობა აღნიშნული ქარხნიდან წელიწადში 10 ორთქმავალზე მეტს ვერ უშვებდა, დღეს ჩვენ წელიწადში ვუშვებთ 241 ორთქმავალს და მიმდინარე წელს ვფიქრობთ, გამოვუშვათ 320 ორთქმავალი”.

შენიშვნა:

დღეს ამ უმძლავრესი საწარმოს კვალიც აღარ არის დარჩენილი. ორტონიანი ორთქლის ურო, რომელზეც კრემლში ლაპარაკობდა დავით ჭიჭინაძე, ამ გიგანტური ქარხნის ტექნიკურ შეიარაღებასთან ერთად, მეოცე საუკუნის დასასრულს, ალბათ, ჯართად ჩააბარეს. დავიწყებას მიეცა ის დიდი ტრადიციები, რომლებიც 2500 მუშის სისხლსა და ხორცში იყო გამჯდარი. ეს ერთი თვალნათელი მაგალითია იმისა, თუ რა დაემართა უსტალინოდ დარჩენილი ქვეყანას.

ტრიბუნაზე ავიდა საბჭოთა კავშირის სახალხო არტისტი აკაკი ხორავა (რომელმაც ასევე ილაპარაკა ქართულად და მის სიტყვებს რუსულად თარგმნიდნენ). დიდმა ქართველმა მსახიობმა წარმოთქვა შთამბეჭდავი სიტყვა, რომელმაც უდიდესი მოწონება დაიმსახურა, როგორც სტუმრების, ისე დელეგაციის წევრთა შორის:

“70 წლის განმავლობაში ქართველი აქტიორი უპატრონო, მშიერი, უუფლებო იყო. გიორგი ერისთავი, კოტე ყიფიანი, ვასო აბაშიძე, კოტე მესხი, ვალერიან გულია, ლადო მესხიშვილი და ქართული სცენის მთელი შემდგომი ბრწყინვალე პლეადა, რომელთა ოსტატობით თამამად შეეძლო ეამაყა მსოფლიო სცენას, განა ისინი ეკლის გვირგვინის ღირსნი იყვნენ თავიანთი თავგანწირული, უსასყიდლო მოღვაწეობისათვის მშობლიური თეატრის საკეთილდღეოდ?

გიორგი ერისთავი _ ქართული თეატრის ფუძემდებელი პირველი კომედიოგრაფი, აქტიორი და რეჟისორი _ ქართველი ხალხის უსაზიზღრესი მძარცველის, მეფისნაცვალ ვორონცოვის ბრჭყალებში საძირკველს უყრიდა მშობლიურ თეატრს. ვასო აბაშიძე, მშრომელი ხალხის ღიმილისა და სიხარულის ეს უკვდავი ნიღაბი, იძულებული იყო, უტვინო თავადი მუხრანსკის წინაშე 3-ჯერ შემხტარიყო როგორც ჯამბაზი, რათა თავის დამცირებით ნაშოვნი 300 მანეთი გამოეყენებინა ერისთავის პიესის _ “სამშობლოს” დასადგმელად და გასაფორმებლად.

ლადო მესხიშვილი _ ქართული თეატრის პრომეთეოსი ქართველმა თავადაზნაურობამ გაასამართლა რევოლუციაში აქტიური მონაწილეობისთვის, როგორც სცენაზე, ისე ბარიკადებზეც. ლადოს ცეცხლოვანი მოკლე პასუხი თვით ქართული თეატრის დედაარსი იყო: “გამასამართლეთ, ხელოვნება ხალხს ეკუთვნის და მეც მასთან ვარ!”.

ვასო აბაშიძე და ლადო მესხიშვილი თითქოს განგებ მოესწრნენ იმ დღეს, როცა მენშევიკური მთავრობის განათლების მინისტრის მოადგილემ, ვიღაც ცინცაძემ, ქართული სცენის ჭაღარა კორიფეებს თხოვნაზე _ სათანადო ყურადღება მიაქციეთ თეატრსო, შემდეგი პასუხი მისცა: “მთელ ქართულ თეატრს ერთი საბალეტო წარმოდგენა მირჩევნია”. ხოლო მენშევიკური მთავრობის თავმჯდომარემ ნოე ჟორდანიამ განაცხადა, განა სირცხვილი არ იქნება, რომ ქართულ თეატრს სახელმწიფო თეატრი დავარქვათო, და თავისი მოკლე ხნის სამარცხვინო ბატონობის უკანასკნელ წელს თეატრს “ქართული დრამა” დაარქვეს. საბჭოთა ხელისუფლებას მენშევიკური “სამოთხიდან” მემკვიდრეობით დარჩა იდეურად და მხატვრულად გაკოტრებული, უპერსპექტივო ქართული თეატრი. თეატრი თვითლიკვიდაციის წინაშე დადგა და საგულისხმოა, რომ თვითონ თეატრის ხელმძღვანელებმა და მისმა იდეურმა სულისჩამდგმელებმა დააყენეს მისი დახურვის საკითხი. მაგრამ კომუნისტური პარტიის და საბჭოთა ხელისუფლების სიბრძნემ გადაარჩინა ქართული თეატრი ისტორიულ სირცხვილს. საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე ქართულ თეატრს 165 მუშაკი ჰყავდა. დღეს კი, საბჭოთა საქართველოს 15 წლისთავზე, საქართველოს თეატრებში მუშაობს 2 ათასზე მეტი კაცი, მათგან 1 400 აქტიორი, ხოლო დანარჩენები მხატვრები, კომპოზიტორები, მუსიკოსები არიან. ჩვენ გვყავს 14 სახალხო არტისტი, 25 ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე და არტისტი. საქართველოში არის 46 თეატრი: რუსთაველის სახელობის თეატრი, მარჯანიშვილის სახელობის თეატრი, გრიბოედოვის სახელობის რუსული თეატრი, ოპერის თეატრი, სომხური, თურქული, აფხაზური, ოსური, ბერძნული და ებრაული თეატრები. ტფილისში მუშაობს მოზარდი მაყურებლის სამი თეატრი _ ქართული, რუსული და სომხური. გვაქვს ჩრდილებისა და ტიკინების თეატრი, აგრეთვე, ექვსი მოძრავი თეატრი.

საქართველში 15 დრამატურგი მუშაობს. ბოლო 7-8 წლის განმავლობაში მხოლოდ ორ აკადემიურ თეატრში _ რუსთაველისა და მარჯანიშვილის სახელობის _ დაიდგა 35 ქართული ორიგინალური პიესა დაწერილი საბჭოთა დრამატურგების მიერ. მათ შორის, ალიო მაშაშვილის (ალიო მირცხულავას ფსევდონიმი _ გრ.ონიანი) “განგაში”, დავით კლდიაშვილის “შემოდგომის აზნაურები”, იონა ვაკელის (იონა მეგრელიძის ფსევდონიმი _ გრ. ონიანი) “შამილი”, პოლიკარპე კაკაბაძის “ყვარყვარე თუთაბერი”, გერცელ ბააზოვის “მუნჯები ალაპარაკდნენ” და მარავალი სხვა. მოკავშირე რესპუბკლიკების დრამატურგია წარმოდგენილია კირშონით, აფინოგენოვით, გლებოვით, კორნეიჩუკით, პოგოდინითა და სხვა მწერლებით.

ჩვენი თეატრის სცენაზე ღირსეული ადგილი უჭირავთ მსოფლიო დრამატურგიის გიგანტებს: შექსპირს _”ოტელო”, “ჰამლეტი”, შილერს _”ვერაგობა და სიყვარული”, “ყაჩაღები”, ლოპე დე ვეგას _ “ცხვრის წყარო” და მრავალი სხვა”.

როდესაც აკაკი ხორავამ სიტყვა დაასრულა, ჯერ კიდევ ტრიბუნაზე მდგარ გოლიათს მოლოტოვმა მიმართა: “ახლო მომავალში იმედი გვაქვს, ვნახოთ ქართული თეატრი საბჭოთა კავშირის დედაქალაქ მოსკოვში”, რასაც დამსწრე საზოგადოება მქუხარე ტაშითა და ოვაციებით შეხვდა.

აკაკი ხორავას სიტყვის წარმოთქმის შემდეგ ხელოვნების მუშაკები მივიდნენ პრეზიდიუმის მაგიდასთან და სტალინს ხელი ჩამოართვეს.

მხატვრებმა მოსე თოიძემ და ელენე ახვლედიანმა თავიანთი ტილოები გადასცეს სტალინს.

მოსე თოიძემ, როდესაც თავის ნახატს გადასცემდა, სტალინს მიმართა: “მიიღეთ სურათი სახელოსნო სასწავლებლის ყოფილი მოწაფისაგან, ხოლო ახლა მრავლისაღმქმნელი 66 წლის “ახალგაზრდისაგან”.

შენიშვნა:

დღეს სოფლად (და არამხოლოდ) სამკითხველოები, ბიბლიოთეკები, სახალხო თეატრები, კულტურისა და ხელოვნების სექციები, თვითშემოქმედებითი კოლექტივები წარსულის ტკბილ მოგონებებად შემორჩა ხანდაზმულ ადამიანებს, ახალგაზრდებს კი წარმოდგენაც არ აქვთ, რა იყო წარსულში და სად ვიმყოფებით ამჟამად. ადამიანების გასარყვნელად, გონების დასაჩლუნგებლად, მათი ზომბირებისთვის უარყოფილი იქნა ყველაფერი, რაც ხალხის წიაღში იშვა. ხალხს თვითშემოქმედება წაართვეს და მის ნაცვლად გულსა და გონებაში ამერიკული “შემოქმედება” ჩაუნერგეს. ამით არა მხოლოდ საქართველო, მთელი პლანეტა იღუპება _ აი უსტალინოდ დარჩენილი ქვეყნის კიდევ  ერთი უბედურება.

ტრიბუნაზეა თბილისის მესამე სკოლის ფრიადოსანიმოწაფე ეთერ გვანცელაძე (ლაპარაკობს რუსულად, თარგმნიან ქართულად):

“მე საბჭოთა საქართველოს ტოლი ვარ. ამჟამად ვსწავლობ სკოლაში, მეშვიდე კლასში. ვსწავლობ ფრიადზე, ჩვენი სკოლის ბავშვთა უმრავლესობა კარგზე და ფრიადზე სწავლობს. კარგზე და ფრიადზე სწავლობს 290, ხოლო სუსტად _ 34. სუსტ მოწაფეებს ჩვენ, ფრიადოსნები, მუდამ ვეხმარებით. მაგალითად, მე დავეხმარე ვარია ცეცხლაძეს, რომელიც ახლა კარგად სწავლობს და მოწინავეთა რიგებში გადმოვიდა. ამ ბედნიერ ცხოვრებას, სახელოვან, შესანიშნავ სამშობლოს ჩვენ მზადა ვართ, შევწიროთ მთელი ჩვენი სიცოცხლე, პირობას ვიძლევით, ვისწავლოთ ისე, რომ თქვენ, ამხანაგო სტალინ, გვითხრათ: “ჩინებულია, ახალგაზრდებო!”. საბჭოთა სკოლის მოწაფეები საუკეთესონი იქნებიან მსოფლიოში”.

შენიშვნა:

დღეს პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილის მეუღლე, თავდაცვის მინისტრი თინა ხიდაშელი საქართველოს საქაჯეთს უწოდებს და ქართველი ახალგაზრდების გასაგონად ამბობს, _ ჩემს შვილებს ვერც მართლმადიდებლობას დავაძალებ და ვერც იმას, რომ სამშობლოს გმირულად შეეწირონო… სად არიან პაატა და გიორგი, სად არის მღვდელი თევდორე, ცოტნე დადიანი, იაკობ ჯუღაშვილი ან სად არის თვითონ სტალინი _ იღუპება მისი საქართველო…

სიტყვას ამბობს ჭიათურის მაღაროს მნგრეველი ვასილ ვლადიმერის ძე სამხარაძე.

“ძვირფასო ამხანაგო სტალინ! თქვენ კარგად იცით, როგორ მდგომარეობაში იყვნენ ძველ დროს ჭიათურის მაღაროს მუშები… დაბალი და ბნელი გვირაბები, მუხლებამდე წყალი და ტალახი; ჭრაქის შუქზე მუშაობდნენ მაღაროელები და წელში მოხრილთ გამოჰქონდათ მადანი ურიკებით. ბევრ მუშას არ ჰქონდა საცხოვრებელი ბინა და კვირების განმავლობაში იქვე, სანგრევში იძინებდნენ. პარაზიტი მრეწველი გიგია ბრეგვაძე მაღაროელებს აიძულებდა, სამუშაოდ გამოსულიყვნენ, როცა ცაზე ჯერ კიდევ ჩანდა ვარსკვლავი, რომელსაც მუშებმა “გიგიას ვარსკვლავი” შეარქვეს, და მათ სამუშაოდან უშვებდა მხოლოდ მაშინ, როცა ვარსკვლავი კვლავ გამოჩნდებოდა ცაზე.

ახლა, ამხანაგო სტალინ, თქვენ ვეღარც კი იცნობთ ჭიათურის მაღაროებს. საყელავმა მანქანამ, ელექტრობურღებმა, სანგრევმა უროებმა შეცვალეს წერაქვი და ნიჩაბი. ახლა ვიწრო და ტალახიანი გვირაბების ნაცვლად ფართო და მშრალი გვირაბები გვაქვს. წინანდელი ჭრიალა იმერული ურმების ნაცვლად გვაქვს ელექტრომავლები და საჰაერო საბაგირო გზები, რომლებსაც რიონჰესისა და ზაჰესის ენერგია ამოძრავებს. აშენდა ახალი მძლავრი გამამდიდრებელი ფაბრიკები, რომლებმაც შეცვალეს მრეცხავის მძიმე შრომა ხელით. მაღაროებში გაჩნდა მუშებით დასახლებული ადგილები კლუბებით, სასადილოებით, მაღაზიებით.

ჩემი თვიური ხელფასი ამჟამად 1300 მანეთს შეადგენს. მოწინავე სტახანოველები _ ფოფხაძე, წერეთელი, ცუცქირიძე, ბოყოველი და სხვები 40_50 ტონა მარგანეცს ანგრევენ და თვეში 1000 დან 1300 მანეთანდე იღებენ ხელფასს”.

ვლადიმერ სამხარაძის ამ სიტყვებზე სტალინმა ტაში დაუკრა და შესძახა: “ბარაქალა!”.

შენიშვნა:

ამჟამად რა დღეშია ერთ დროს აყვავებული, სტუმართმოყვარე ინტელიგენციითა და კულტურული ტრადიციებით სახელგანთქმული ჭიათურა _ სრულიად საქართველოს მასპინძელი და მისი სავიზიტო ბარათი, სტალინის რევოლუციური წრთობის, ბრძოლისა და შემდგომ მისი გაბრწყინების ყველაზე დიდი ქომაგი და ყურისმგდებელი?

გაპარტახებული _ აი, როგორია დღეს უსტალინოდ დარჩენილი ჭიათურა.

“კოლხიდმშენის” მთავარმა ინჟინერმა გრიგოლ გიორგის ძე გეგჭკორმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა:

“მრავალი წლის განმავლობაში დაჭაობებული კოლხეთის დაბლობი ტენიანი სუბტროპიკების ზონაში, შავი ზღვის სანაპიროზე მდებარეობს. მიუხედავად იმისა, რომ კლიმატური პირობებით ეს მიწა საუცხოოა ციტრუსებისა და ძვირფასი ტექნიკური კულტურების გასაშენებლად, გულშემზარავი ჭაობები და საშინელი მალარია საშუალებას არ აძლევდა მცხოვრებლებს, ესარგებლათ ამ მხარის დოვლათით. მიწების ნაწილი თითქმის გაუვალ ჭაობებს წარმოადგენს, მეორე ნაწილს კი წყალდიდობისას იმ მდინარეთა წყლები ფარავდა, რომლებიც კოლხეთის დაბლობს კვეთენ.

ასეთი იყო კოლხეთის დაბლობის სურათი საქართველოში საბჭოთა ხელისუფლების დამყარებამდე. ასეთივე სურათი იყო 1932 წლამდე. 1932 წელს კი დაიწყო და ფართოდ გაიშალა დიდი სამუშაოები. ჩვენ გავიყვანეთ 750 კილომეტრის საერთო სიგრძის მაგისტრალური არხი, ავაგეთ დასაშრობები და კოლექტორები. 18 ათას ჰექტარზე მოეწყო წვრილი ქსელი და ცალკეულ ნაკვეთებზე უკვე სახლდებიან გლეხები, რომლებიც ამ მიწებს სუბტროპიკული კულტურების მოსაყვანად იყენებენ. მდინარე რიონის ფარვატერის მე-12 კილომეტრიდან მდინარე ახალ კალაპოტში უხვევს. მდინარის ძველი კალაპოტის გაღრმავების შემდეგ იქ უნდა გადავიდეს შავი ზღვა და ჩვენ 12 კილომეტრის მანძილზე ზღვის უბე გვექნება.

შენიშვნა:

დღეს კოლხეთი კვლავ უბრუნდება თავის პირვანდელ მდგომარეობას. დანგრეულია არხები და ამოვსებულია სადრენაჟო კვლები, გამომშრალ და ხრიოკ მიწებზე ციტრუსების ადგილს კვლავ ეკალბარდი იკავებს. ნარინჯების ქვეყანას, საამური ცხოვრების მეხოტბე და მომღერალი ხალხის ნაცვლად, კვლავ ტურები დაეპატრონებიან და აქა–იქ ჩარჩენილი მოსახლეობა მათ კივილსღა გაიგონებს. შეიცვალა სიმღერის ტექსტიც: “იქ, სადაც წინათ კიოდა ტურა, ჩვენ გავაშენეთ ჩაის კულტურა”. პოეტურად შეიძლება არ ბრწყინავდეს ეს სტროფი, მაგრამ სოცრეალიზმის ნათელი მაგალითია. ახლა კი ეს სოცრეალიზმი ასე იკითხება: იქ, სადაც გვქონდა ჩაის კულტურა, ახლა გაჰკივის მგელი და ტურა.

ასეთია ნარინჯების ქვეყნის სახე სტალინის შემდგომ.

ტრიბუნაზეა მართა პლიევა _ ბერიას სახელობის კოლმეურნეობის (სამხრეთ ოსეთის ავტონომიური რესპუბლიკა) მწველავი (ლაპარაკობს ოსურად, თარგმნიან რუსულად და ქართულად):

“ჩვენი სოფლის თითოეულ კოლმეურნეს, სასოფლო-სამეურნეო არტელის წესდების შესაბამისად, პირად სარგებლობაში ჰყავს 2-დან 5-მდე ძროხა, ერთი ან ორი ცხენი, 10-დან 25 სულამდე ცხვარი და 2-დან 3 სულამდე დედა ღორი ნამატით, აგრეთვე, დიდძალი ფრინველი”.

შენიშვნა:

ძველო და ახალო ინტრიგანებო, აკი სტალინის დროს აკრძალული იყო ძროხისა და სხვა საქონლის ყოლა. ატყუეთ ერთმანეთი, ამერიკის მონებო და ქვეყნის გამყიდველებო, კეთილის მძაგებლებო და ბოროტის მაქებრებო, მიმიფურთხებია თქვენთვის!

ეს წერილი მიხეილ ჯავახიშვილზე თხრობით უნდა დავამთავრო.

1936 წლის 19 მარტს კრემლს სხვა გამოჩენილ ქართველ მოღვაწეთა შორის საამაყო ქართველი მიხეილ ჯავახიშვილიც სტუმრობდა. შეხვედრა დასასრულს უახლოვდებოდა, როდესაც მოლოტოვი წამოდგა და დელეგაციის წევრებს მიმართა: “ამხანაგებო, ამ თათბირის პრეზიდიუმის დავალებით უნდა გადმოგცეთ: ჩვენ, პრეზიდიუმის წევრნი, ვშუამდგომლობთ ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის წინაშე, რომ საქართველოს დელეგატები დაჯილდოებულ იქნან საბჭოთა კავშირის უმაღლესი ჯილდოთი _ ორდენებით.

ვთხოვთ ამხანაგ დელეგატებს, მცირე საჩუქრები მიიღონ მთავრობისგან: ყოველ დელეგატს და დელეგატ ქალს _ საათი და პატეფონი ფირფიტებით, ხოლო აქ წარმოდგენილი ყოველი კოლმეურნეობა მიიღებს სატვირთო ავტომანქანას”.

სტალინმა, მოლოტოვმა, ვოროშილოვმა, ორჯონიკიძემ და პოლიტბიუროს სხვა წევრებმა საქართველოს დელეგაციის წევრებს გადასცეს მთავრობის საჩუქრები _ საათები და პატეფონები ფირფიტებით. როდესაც სტალინთან მიხეილ ჯავახიშვილი მივიდა, ის სტალინმა გულწრფელად გადაკოცნა და საჩუქარი გადასცა.

მიხეილ ჯავახიშვილმა კი საჩუქრის მიღების შემდეგ სტალინისა და დელეგაციის წევრების წინაშე სამადლობელი სიტყვა წარმოთქვა:

“მე მწერლობა დავიწყე 1903 წელს, მაგრამ ნამდვილი მწერალი მხოლოდ საბჭოთა ხელისუფლების დროს გავხდი. ამიტომ საბჭოთა ხელისუფლების 15 წლის განმავლობაში ოცჯერ მეტი დავწერე, ვიდრე ძველი რეჟიმის დროს. ვიძლევი პირობას, ჩემს მკითხველს მივცე ახალი რომანი 1905 წლის ეპოქიდან. თემა 1905 წლის აჯანყებაა. რომანს ეწოდება “ქალის ტვირთი”. Lლაპარაკია ქალებზე, რომლებმაც იკისრეს რევოლუციის ტვირთი. მათგან ერთმა გაუძლო ამ ტვირთს, მეორე კი დაეცა”.

შენიშვნა:

ჩაგვჩიჩინებდნენ, რომ მიხეილ ჯავახიშვილი კომუნისტურ ეპოქაში საშინელ წნეხს განიცდიდა, არ უბეჭდავდნენ წიგნებსა და სტატიებს, ავიწროებდნენ და ყოველგვარ ხერხს მიმართავდნენ მის გასამცირებლად და სამუშაო რიტმიდან ამოსაგდებად. კომუნისტების მიმართ მიხეილ ჯავახიშვილის უდიდესი სიძულვილის მიუხედავად, საბჭოთა ხელისუფლებამ ის ქართველი საზოგადების ერთ–ერთ გამორჩეულ პიროვნებად წარმოაჩინა.

აი რა წერია ქართულ ვიკიპედიაში მიხეილ ჯავახიშვილზე:

“…1917 წლიდან ჯავახიშვილი აქტიურად იყო ჩაბმული ეროვნულ მოძრაობაში. აღნიშნული წლიდან იგი იყო საქართველოს ეროვნულ-დემოკრატიული პარტიის ერთ-ერთი დამფუძნებელი წევრი და შედიოდა ამ პარტიის მთავარ კომიტეტში. საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის (1918_1921) ბოლშევიკური რუსეთის მიერ ოკუპაციისა და ფაქტობრივი ანექსიის (1921 წლის თებერვალი-მარტი) შემდეგ იყო საქართველოს ეროვნულ-განმათავისუფლებელი მოძრაობის თვალსაჩინო მოღვაწე: 1922_1924 წლებში იგი შედიოდა საქართველოს დამოუკიდებლობის კომიტეტში და აქტიურად მონაწილეობდა 1924 წლის აგვისტოს აჯანყების მომზადებაში”.

ზემოთქმულის მიუხედავად, სსრ კავშირის ცენტრალურმა აღმასრულებელმა კომიტეტმა დაადგინა:

“საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის 15 წლისთავთან დაკავშირებით შრომის წითელი დროშის ორდენით დაჯილდოვდეს ჯავახიშვილი მიხეილ საბას ძე _ საქართველოს სსრ მწერალი.

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი

კომიტეტის თავმჯდომარე მ. კალინინი

სსრ კავშირის ცენტრალური აღმასრულებელი კომიტეტის მდივნის მოვალეობის ამსრულებელი ი. უნშლიხტი”

რაც შეეხება მიხეილ ჯავახიშვილის რეპრესირებას, ეს ცალკე თემაა, რომელსაც მომავალში შევეხები.

გრიგოლ ონიანი

P.S. მიუხედავად იმისა, რომ გალაკტიონ ტაბიძე კრემლში ვერ გამოცხადდა, სტალინის წინადადებით, იგი ქვეყნის უმაღლესი ჯილდოთი _ “ლენინის ორდენით” დააჯილდოვეს.