მთავრობის კანცელარიასთან სამართალდამცველთა მობილიზება იწყება. ადგილზე საპატრულო და კრიმინალური პოლიციის დანაყოფები ყოველ წუთს მატულობს. მიტანილია რკინის ჯებირები.
მთავრობის ადმინისტრაციასთან სამართალდამცველთა მობილიზება, დღეს, სამოქალაქო აქტივისტების 11:00 საათზე დაგეგმილ აქციას უკავშირდება. მოძრაობა “სირცხვილია” და “შეცვალეს” წარმომადგენლები, კანცელარიას ბოქლომს დაადებენ.
დღესვე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ახალგაზრდული ჯგუფები საპროტესტო აქციას პარტია “ქართული ოცნების” თავმჯდომარის სახლთან 14:00 საათზე გამართავენ.
პროტესტის პარალელურად, 18 ნოემბერს აქციაზე დაკავებულების სასამართლო პროცესები თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს განახლდება. საპროტესტო აქციის ფონზე, მოსამართლემ გადაწყვეტილება 25 აქტივისტთან დაკავშირებით უნდა მიიღოს.