COVID-19–ის 10 ათასამდე შემთხვევა გვაქვს ყოველდღიურად – იმნაძე

კორონავირუსით ინფიცირების ოფიციალური სტატისტიკა ქვეყანაში არსებულ რეალურ სურათს არ ასახავს, მიიჩნევს ეპიდემიოლოგი.

 

სინამდვილეში, საქართველოში ერთ დღეში კორონავირუსით ათი ათასამდე მოქალაქე ინფიცირდება და არა სამი–ოთხი ათასი, როგორც ეს სტატისტიკურ მონაცემებშია ასახული, განაცხადა ტელეკომპანია „რუსთავი2“–ის ეთერში დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძემ.

COVID-19 საქართველოში: რამდენი შემთხვევა გამოვლინდა ბოლო დღე-ღამეში>>

„ჩვენი გათვლებით, ახლა 10 ათასამდე მაინც არის დღეში ახალი ავადმყოფი საქართველოს მასშტაბით. ეს არის ის, რაც რეალურად ხდება ახლა, უბრალოდ, ეს ადამიანები არიან ის უსიმპტომოები, ძალიან მსუბუქები, რომლებიც არ მიდიან, რომ გაიტესტონ, ან სისტემაში მოხვდნენ”, – განაცხადა იმნაძემ.

ეპიდემიოლოგმა აღნიშნა, რომ მთავრობის დამოკიდებულება არ უნდა იყოს ასეთი ლიბერალური, შეზღუდვები უფრო მკაცრი უნდა იყოს.

„ამას ყველაფერს მე ზაფხულშიც ვამბობდი,რომ ეს მოხდებოდა. შეახსენეთ მოსახლეობას, რომ მე ჩემს სიტყვებზე პასუხისმგებელი ვიყავი გაზაფხულზეც, ზაფხულშიც და ახლაც. ალბათ საჭირო იყო მეტი შეზღუდვები”, – განაცხადა იმნაძემ.

 

სპეციალისტები ფიქრობდნენ, რომ მოსახლეობა გაგებით შეხვდებოდა ამ პრობლემას და გაითავისებდა, დაუჯერებდა სპეციალისტებს, მაგრამ ეს ასე არ მოხდა, აღნიშნა მან.

„დიახ, მეტი სიმკაცრე უნდა ყოფილიყო, გეთანხმებით”, – განაცხადა იმნაძემ.

მან აღნიშნა, რომ ყველა დიდი შეკრება, იქნება ეს ეკლესიაში, აქციაზე, რესტორანში ან სადმე სხვაგან, შეიძლება ინფექციის მასშტაბური გავრცელების წყარო გახდეს.

დღეის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსით ინფიცირებულია 114 889 ადამიანი, გარდაიცვალა 1 085.

„ეს იყო შეცდომა” – ჯანდაცვის მინისტრი მთავრობის ლიბერალურ პოლიტიკაზე>>

სექტემბრის დასაწყისიდან, როდესაც ქვეყანაში საკურორტო სეზონი დამთავრდა, ქვეყანაში ინფიცირების ბუმი მოხდა – ახალი შემთხვევების დღიური ზრდა ბოლო დროს უკვე 3–4 ათასია.

“სპუტნიკი”