როდესაც მთავრობამ გაზაფხულზე მოსახლეობის “დახმარება” დააანონსა, 300 ლარითა და კომუნალურ გადასახადების დაფარვით, გამიკვირდა მისი ასეთი გულუხვობა და კინაღამ დავიჯერე, რომ ხალხზე ზრუნვის ეპოქა იწყება – პირველად ბოლო 30 წლის მანძილზე.
მაგრამ მალევე მივხვდი, სად არის ძაღლის თავი დამარხული ან, როგორც მადამ პრეზიდენტი ზურაბი იტყვის ხოლმე, “ეშმაკი დეტალებშია”. კერძოდ, გაირკვა, რომ ე. წ. დახმარება ეხება მხოლოდ იმ აბონენტებს, რომლებიც თვის მანძილზე 200 კილოვატზე ნაკლებ ელექტროენერგიასა და 200 კუბურ მეტრზე ნაკლებ ბუნებრივ აირს დახარჯავენ. ახლა, ნოემბერ-თებერვალში გამოცხადებული ანალოგიური დახმარებაც იმავე პირობებს ითვალისწინებს.
მეტიც, მთავრობა მომჭირნე აბონენტებს ელ.ენერგიასა და ბუნ.აირთან ერთად, წყლისა და სანდასუფთავების გადასახადსაც სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუფარავს.
ბუნ.აირის შემთხვევაში ეს ნიშნავს, რომ აბონენტმა დაახლოებით 110-115 ლარამდე ღირებულების აირი უნდა დახარჯოს, ხოლო ელექტროენერგია მაქსიმუმ 36 ლარის ოდენობით.
გამოდის, რომ საშუალო რაოდენობის წევრებისგან შემდგარმა ოჯახმა, საშუალო ფართის ბინაში, ზამთრის სეზონზე ენერგია ისე უნდა ხარჯოს, თუკი ე. წ. დახმარების მიღება უნდა, რომ ამ ლიმიტს არ გადააჭარბოს, წინააღმდეგ შემთხვევაში “ბუბლიკებს” მიიღებს მთავრობისაგან. ანუ არაფერს.
საჰაკაშვილის დროს დაწესებული “ნაცური” აბსურდი 8 წელი “ქოცისტანის” პირობებში არ შეცვლილა: დენის საფასურის გადახდა მიბმულია წყალზე და დასუფთავებაზე, არ იხდი წყლის გადასახადს – დენი გეთიშება, ნაგავზე არ გადაიხდი – მაინც დენი გაგეთიშება. მაგრამ ეს აბსურდი კიდევ უფრო შორს მიდის: რაც მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს ადამიანი/ოჯახი, მით უფრო ძვირდება 1 კილოვატ-საათის ღირებულება. საერთოდ, საბაზრო ეკონომიკის პირობებში ასეა, რომ რაც მეტს ყიდულობ ერთი და იმავე დასახელების პროდუქციას, ის უფრო იაფდება, მოქმედებს ფასდაკლება, რადგან გამყიდველს რაოდენობის ხარჯზე მეტი მოგება რჩება, ვიდრე ნაკლები რაოდენობის პროდუქცია გაყიდოს უფრო ძვირად. ელექტროენერგიის შემთხვევაშიც არაფერი იცვლება ამ მხრივ. წესით და რიგით, ვინც მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს თვის მანძილზე, მას უფრო ზომიერი ტარიფი უნდა ეხებოდეს. მაგრამ არა! საჰაკაშვილის მიერ “აშენებულ” საქართველოში ყველაფერი პირიქითაა – რატომღაც მიიჩნევა, რომ ვინც მეტ ელ.ენერგიას მოიხმარს, იგი უფრო მდიდარია!
არადა, არავინ ითვალისწინებს, რომ ოჯახები, სადაც არიან მცირეწლოვანი ბავშვები და/ან მოხუცები, სადაც არ დგას გაზის გამათბობლები, ბინა არ არის თბილი სხვადასხვა მიზეზის გამო – იქ ყველგან მეტი ელექტროენერგია იხარჯება. მე, მაგალითად, 200 კილოვატი თვეში არასოდეს მეყოფა – მაგრამ არა იმიტომ, რომ ეკონომიურად არ ვხარჯავ და “მდიდარი” ვარ. თუმცა სახელმწიფო “მსჯის” და ელეტროენერგიაში, წყლის და დასუფთავების გარეშე, ზამთრის სეზონზე, თვეში დაახლოებით 150 ლარი მეხარჯება! დამატებით მოვიხმარ ბუნებრივ აირს გასათბობად და აქ შეიძლება ჩავეტიო 200 კბ.მეტრის ლიმიტში და მთავრობას მადლობები ვუხადო… მაგრამ ხომ არის ხალხი (და ასეთები დიდი უმეტესობაა), ვინც შედარებით ძვირ ელ.ენერგიას ნაკლებად მოიხმარს და უფრო მეტად ბუნებრივ აირს ხარჯავს – ასეთ ხალხი ვერ ჩაეტევა გაზის 200 კბ.მეტრ ლიმიტში…
გამოდის, რომ მთავრობა მოსახლეობის უდიდეს ნაწილს ან ელ.ენერგიის მიზერულ საფასურს უფარავს ან გაზისას – ორივეს ერთად მხოლოდ იმ შემთხვევაში დაფარავს, თუ სახლს გაყინავთ და ჩააბნელებთ. სამაგიეროდ, სალაპარაკო თემა არის – “მთავრობა მოსახლეობას დაეხმარა”.
გამოდის, რომ ვინც “ლიმიტში” ეტევა, მათი ელექტროენერგიის საფასურს მე და ჩემნაირები ვიხდით. რატომ არ შეიძლება, რომ მე, რომელიც, დავუშვათ, 400 კილოვატ ელ.ენერგიას ვხარჯავ თვეში, ის 200 კილოვატი დამეფაროს მთავრობისგან, როგორც ყველა სხვას და დანარჩენი 200 კვტ. მე დავფარო? მაინც, რატომ არაო? საინტერესოა, “დენდროპარკის” ხარჯებიც ხომ არ დაგვეკისრება?!- გმადლობთ, რომ არა! სამაგიეროდ, ენგურჰესის მორიგ გარემონტებას მორიგი გაძვირება მოჰყვება: ე. წ. მარეგულირებელი კომისია, პარაზიტი ტკიპებით დაკომპლექტებული, 10 ათას ლარს თვეში ხელფასს რომ არ ეძახიან, აანონსებს, რომ ელექტროენერგია მომავალი წლის იანვრიდან კიდევ თეთრნახევრით გაძვირდება!
ამ დროს კი ხალხს გადაუარეს, როდესაც ნამახვან-ჰესის მშენებლობა გააპროტესტეს (სვანეთში და პანკისში გაცილებით ფრთხილად იქცევიან უცხოელი “ინვესტორების” მცველი ქართველი დამქაშები), საქართველოს მდინარეები ჩააბეტონეს და წყალსაცავებად აქციეს, რათა ჩვენი ჰიდრორესურსებით მიღებული ელ.ენერგია მარტივად გაყიდონ უცხოეთში და ჩვენ მამასისხლად მოგვასყიდონ. ზარალდება ეკოლოგია, ზარალდება ქვეყნის იერ-სახე, ზარალდება ჩვენი ჯიბეები… მაგრამ ეს ვის ადარდებს მთავრობაში? საჰაკაშვილის მთავრობასავით “გარეთ მხდალი, შინ ძლიერი” მთავრობა გვყავს, ჩვენს ხალხთან აქვთ დიდი გული – აბა აფხაზებს გაუბედონ და ენგურს აქეთ დადგან ელექტროენერგიის გამანაწილებელი “რუბილნიკები”, რომლებიც გალის რაიონშია… ან ერთი დიდი, ეროვნული მნიშვნელობის ჰესი ააშენონ სახელმწიფოს ხარჯებით, რათა არ ვიყოთ ენგურჰესზე და აფხაზების კაპრიზებსე დამოკიდებულები… მაგრამ ეს სტრატეგია არ აწყობს მთავრობას, ამის ნება არ მიუღიათ უცხოელი პატრონებისგან.
მაგრამ ხალხი იმსახურებს მთავრობას, რომელიც მას ჰყავს – ძველი ჭეშმარიტებაა.
თუმცა ეს სხვა თემაა, დანარჩენს თავად მიხვდებით…
P.S. სხვათა შორის, არც 300 ლარით დამხმარებია მთავრობა, ეტყობა, მარტო გადასახადების და პატრულის ჯარიმებისთვის ვარ “დამოუკიდებელი” ქართული “სახელმწიფოს” ე. წ. მოქალაქე.
გულბაათ რცხილაძე