საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს

საფრანგეთი მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას არ აღიარებს. ამის შესახებ საფრანგეთის საგარეო უწყებაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს.

 

„25 ნოემბერს სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც საფრანგეთის ხელისუფლებას მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის აღიარებისკენ მოუწოდებს. სენატში გამართული დებატების დროს სახელმწიფო მდივანმა, ჟან-ბატისტ ლემუანმა სენატორებს საფრანგეთის მთავრობის პოზიცია შეახსენა. საფრანგეთი არ აღიარებს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულ რესპუბლიკას “, – ნათქვამია საფრანგეთის საგარეო უწყების განცხადებაში.

25 ნოემბერს საფრანგეთის სენატმა რეზოლუცია მიიღო, რომელშიც ქვეყნის მთავრობას მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობის აღიარებისკენ მოუწოდებს. აღნიშნულ რეზოლუციას მხარი 305-მა სენატორმა დაუჭირა.

აღსანიშნავია, რომ რეზოლუცია, რომელიც საფრანგეთის სენატმა მიიღო, სარეკომენდაციო ხასიათისაა და მთავრობას მისი განხორციელება არ ევალება.

10 ნოემბერს ნიკოლ ფაშინიანმა მთიან ყარაბაღში საომარი მოქმედებების შეწყვეტა გამოაცხადა. სომხეთის პრემიერის განცხადებით, მან შესაბამის შეთანხმებას ხელი რუსეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებთან ერთად მოაწერა. რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ სომხეთი და აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში რუსი მშვიდობისმყოფელების განლაგებაზე შეთანხმდნენ.