დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ თეთრი სახლის დასატოვებლად მზად არის. ამის შესახებ განცხადება აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა უცხო ქვეყნებში მყოფ ამერიკელ სამხედროებთან ვიდეოჩართვის დროს გააკეთა, რომელშიც ტრამპმა ჯარისკაცებს მადლიერების დღე მიულოცა.
მისი თქმით, ის თეთრ სახლს დატოვებს, თუ საარჩევნო კოლეგია მის კონკურენტ ჯო ბაიდენს ფორმალურად დაამტკიცებს პრეზიდენტად.
„რა თქმა უნდა, დავტოვებ თეთრ სახლს, მაგრამ აქვე მინდა განვაცხადო, რომ თუ საარჩევნო კოლეგია ბაიდენს დაამტკიცებს პრეზიდენტად, ისინი შეცდომას დაუშვებენ“, – განაცხადა ტრამპმა.
ამასთან ერთად ტრამპი კვლავ ამტკიცებს, რომ 2020 წლის არჩევნებზე ადგილი ჰქონდა თაღლითობას.
„მარცხის აღიარება ძალიან რთული იქნება, რადგან ვიცით, რომ ადგილი ჰქონდა მასობრივ თაღლითობას“, – თქვა აშშ-ის მოქმედმა პრეზიდენტმა.
საარჩევნო კოლეგიის სხდომა 14 დეკემბერს უნდა შეიკრიბოს, სადაც აშშ-ის 46-ე პრეზიდენტი ფორმალურად უნდა დაამტკიცონ.