ცხინვალის უკანონო რესპუბლიკის პრეზიდენტის თანაშემწე რელიგიის საკითხებში სონია ხუბაევა პატრიარქ ილია მეორეს “ქართული ფაშიზმის იდეოლოგად” მიიჩნევს. ხუბაევა უკმაყოფილოა ახალგორის (ოსებისთვის – ლენინგორის) რაიონში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლების “უკანონო”, როგორც ის მიიჩნევს, მოღვაწეობით.
ოსების პრეზიდენტის თანაშემწე აცხადებს, რომ ყველა, მათ შორის, ქართული ეკლესია, ვალდებულია, რეგისტრაცია გაიაროს ცხინვალში, წინააღმდეგ შემთხვევაში, ნებისმიერი რელიგიური ორგანიზაციის საქმიანობა უკანონოა.
ოსი სეპარატისტების ნეგატიური დამოკიდებულება ილია მეორისადმი არახალია. ოსებმა ვერ იგრძნეს მხარდაჭერა ქართული ეკლესიისაგან ვერც გამსახურდიას, ვერც სააკაშვილის დროს გაჩაღებული კონფლიქტების დროს. ისინი მიიჩნევენ, რომ ქართულმა ეკლესიამ ნაციონალისტური პოზიცია დაიკავა.
კონკრეტულად, სონია ხუბაევა იხსენებს გაზეთ “ასავალ-დასავალისათვის” პატრიარქის მიერ მიცემულ ინტერვიუს, რომელშიც პატრიარქს უთქვამს, რომ სკოლებში ზვიად გამსახურდიას “საქართველოს სულიერი მისსია” უნდა ისწავლებოდეს, ხოლო 2008 წელს ილია მეორემ ქართული ჯარი აკურთხა კონსტიტუციური წესრიგის დასამყარებლად (ანუ, ოსებისთვის – მათი “გენოციდის” განსახორციელებლად). ყველაფერი ეს, ცხინვალის ოფიციოზის აზრით, მიუთითებს იმაზე, რომ პატრიარქი ნაციონალიზმს მფარველობს და ოსი ხალხის მტერია.
რასაკვირველია, ოსებს შეიძლება, ჰქონდეთ თავიანთი პრეტენზიები, მაგრამ ილია მეორის დადანაშაულება ფაშისტური იდეოლოგიის მფარველობაში, დიდი სისულელეა. ასე რუსეთის პატრიარქმაც დალოცა რუსეთის ჯარი ჩეჩნეთში “საკონსტიტუციო წესრიგის” აღსადგენად 90-იან წლებში, ხოლო რუსულ სკოლებში სოლჟენიცინის “შემოქმედება” ისწავლება და ეკლესია ამას არ აპროტესტებს. შესაბამისად, ეკლესიას არ უნდა მოერთხოვოს ის, რაც მის კომპეტენციას სცილდება.
საინტერესოა, ქართველი “ლიბერასტების” პოზიცია ამ ვითარების მიმართ. აი, გამოჩნდა თქვენი მოკავშირე – სონია ხუბაევა; ეს მომენტი დისკომფორტს არ გიქმნით?!