კიდევ ერთი არამეგობრული ჟესტი აზერბაიჯანის მხრიდან – გიორგობაზე საინგილოში ქართველების ნაწილს მანქანებით არ ატარებენ

ისტორიული ჰერეთის ნაწილში, საინგილოში (ზაქათალა-კახის რაიონები, აზერბაიჯანი) ქართულნომრიან მანქანებს არ უშვებენ აზერბაიჯანელი მესაზღვრეები. შეზღუდვები ლაგოდეხის გამშვებ სასაზღვრო პუნქტზე ამ დღეებში ამოქმედდა. ეს ინფორმაცია “ნიუსფრონტისთვის” საინგილოს ქართველებისგან გახდა ცნობილი.

“ალიევს აქვს ასეთი პოლიტიკა, 2006 წლამდეც კეტავდა საზღვარს, როდესაც სააკაშვილი ყველა საკითხში დათმობაზე წავიდა, მერე გახსნა. ჩვენს ხელისუფლებას კი ერთი მუჭა ქრისტიანებისთვის ვერ მოუვლია აზერბაიჯანში მაშინ, როდესაც ალიევს ყველაფრის უფლებას აძლევენ ქვემო ქართლში, მეჩეთებს აშენებინებენ, კულტურის ცენტრებს ახსნევინებენ და მიდის აზერბაიჯანის გავლენის ზრდა” – ამბობენ საინგილოს მცხოვრებნი “ნიუსფრონტთან” საუბარში.

მანამდე “ფეისბუკზე” ანსამბლ “ჰერულამ” გაავრცელა შემდეგი სახის ინფორმაცია:

“მეგობრებო, დღეიდან აზერბაიჯანის საზღვარზე ქართული სერიის ავტომობილებს აღარ უშვებენ. მხოლოდ წელიწადში 3-ჯერ გადმოსვლის უფლებაა დატოვებული და ვინც 3-ჯერ ხართ გადმოსული ავტომობილით არ გამოგიშვებენ გიორგობას აზერბაიჯანში. ერთმანეთს გააგებინეთ. ხვალ გიორგობისთვის 5000-მდე ადამიანი ჩამოდის და ცოდვაა ხალხი, უკან გააბრუნებენ”.

შეგახსენებთ, რომ 6 მაისი და 23 ნოემბერი, გიორგობის დღესასწაული, საინგილოში განსაკუთრებულად აღინიშნება. ამ ორ დღეს იხსნება ხოლმე სხვა დროს ჩაკეტილი ქურმუხის წმ. გიორგის სახელობის ტაძარი და საინგილოში საქართველოდან ბევრი მომლოცველი და სტუმარი ჩადის. აზერბაიჯანულ მხარეს ეს ფაქტი რატომღაც სულ აღიზიანებს და ხელოვნურ ბარიერებს უქმნის ქართველებს.

აუცილებელია, მეზობელს შევახსენოთ, რომ საქართველოს აქვს თავისი ბერკეტებიც, რა თქმა უნდა, მშვიდობიანი. მაგრამ მიტინგებით გამოლაყებულ ქართველობას აქვს რაიმის თავი? – საკითხავი მხოლოდ ეს არის…