სახალხო დამცველი ფიქრობს, რომ გადაადგილების აკრძალვა არადომინანტი რელიგიური გაერთიანებებისთვის შესაძლოა დისკრიმინაციული იყოს. ამის შესახებ განცხადებას ომბუდსმენი სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საქართველოს მთავრობის მიერ ახალ კორონავირუსთან დაკავშირებული რეგულაციები, რომელიც 2020 წლის 28 ნოემბრიდან 2021 წლის 31 იანვრის ჩათვლით, მათ შორის,21:00 საათის შემდეგ გადაადგილების და საჯარო სივრცეში ყოფნის აკრძალვას გულისხმობს, შესაძლოა, არადომინანტი რელიგიური გაერთიანებების მიმართ დისკრიმინაციული იყოს.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი შეზღუდვა არ გავრცელდება შობის – 6 იანვრის ღამეს, ამავე პერიოდში სხვა რელიგიური გაერთიანებების დღესასწაულები კი, რომლებიც, შესაძლოა, ასევე ღამის თევით აღინიშნებოდეს, მთავრობის მიერ გავრცელებულ განცხადებაში მოხსენიებული არ არის.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფოს მიერ დაწესებული რეგულაციები მსგავსად მიემართებოდეს ყველა რელიგიურ გაერთიანებას, რათა მათ თანასწორ საფუძველზე შეძლონ რელიგიის თავისუფლების რეალიზება. რომელიმე რელიგიური გაერთიანებისთვის უპირატესობის დაუსაბუთებლად მინიჭებით, ბუნდოვანი რჩება სხვა გაერთიანებებისთვის ამავე უფლების ჩამორთმევის ლეგიტიმურობა.
სახალხო დამცველი მიმართავს საქართველოს მთავრობას, განიხილოს ზემო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაწესების შესაძლებლობა იმ რელიგიურ დღესასწაულებზე, რომელთა აღნიშვნაც ღამის თევას ითვალისწინებს”,- წერია გავრცელებულ განცხადებაში.
წყარო: ptn.ge