უფროსი თაობების მოწამლული ახალგაზრდობა: დღეს, რუსთაველზე გაიმართა მორიგი დიქტანტი თემაზე “რუსოფობია ღუპავს საქართველოს”

დღეს, რუსთაველზე გაიმართა მორიგი დიქტანტი თემაზე “რუსოფობია ღუპავს საქართველოს”

 

უფროსი თაობების მოწამლული ახალგაზრდობა. შხამი, რომელიც ზუსტად ისე წამლავს ქვეყანას, როგორც ვერცხლისწყალი ადამიანის ორგანიზმს – მცირე დოზებით, თანდათანობით და მუდმივად. პოლიტიკური მერკურიზაციის შედეგები – ჰალუცინაციები და ეროვნული (უფრო სწორად, ანტიეროვნული) ტრემორი. თაობები გვეცლება ხელიდან.

საუბედურად, ეს ახალგაზრდები შეუპოვრად და მცდარად დარწმუნებულნი არიან საკუთარ პატრიოტიზმში და აიგივებენ პუტინს რუსეთთან, თუმცა არც ერთი იციან (პუტინი ესმით გაბუნიას დონეზე) და არც მეორე. ჩვენ, ასაკით უფროსებს, კი ეს კინო ბევრჯერ გვაქვს ნანახი და ვიცით, რითი სრულდება.

სხვათაშორის, რაც დღეს ხდება ესაა ასლი იმისა თუ როგორ მოწამლა ოდესღაც ჩვენი თაობა ე.წ. “ეროვნულმა მოძრაობამ”, რომელმაც თითქმის დაშალა საქართველო და შეყარა იმდროინდელ პარლამენტებში ყველანაირი საზოგადოებრივი ჭირი და ლექი (გარდა იშვიათი გამონაკლისებისა).

შემოიტანა ქართულ პოლიტიკურ ცხოვრებაში ყველა ეს “გაზვიადებული” და “გაღორებული” კომუნისტები, მჩხავანი ნაციონალისტები, ძველი ბიჭები, მიშიკოები, მარგველები, ბიძინები…

გვახსოვს, პარლამენტი ყბედობდა, მთავრობა კი მაიმუნობდა და იპარავდა – ერთი სიტყვით, ყველა იმას აკეთებდა, რაც იცოდა. და ამ “ყველაას” ყოველთვის უხვად ჰქონდა წაყრილი რუსოფობიის პილპილი. სია გრძელია. ახლა გინდა მეორე ტალღა უწოდეთ ამას, გინდა მესამე და გინდა მეოთხე.
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე