ანტივირუსული მედიკამენტი მკურნალობის ადრეულ სტადიაზე მხოლოდ ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისთვის გამოიყენება
„რემდესივირი“ არ განიხილება, როგორც 100–პროცენტიანი გარანტიის მედიკამენტი, თუმცა ამ ეტაპზე არ არის უკეთესი ვარიანტი, ამიტომ ჩვენმა ქვეყანამ გადაწყვიტა მედიკამენტის შემოტანა, განაცხადა ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა თენგიზ ცერცვაძემ „პირველ არხთან“ საუბრისას.
ცერცვაძემ აღნიშნა, რომ აღნიშნულ საკითზე სამთავრობო ხელშეკრულებას ხელი გუშინ მოეწერა და მედიკამენტს საქართველოში დაახლოებით ორ კვირაში შემოიტანენ.
თენგიზ ცერცვაძეს ამერიკის შეერთებული შტატების მაგალითი მოჰყავს და ამბობს, რომ ამერიკის ნაციონალურმა ინსტიტუტებმა „რემდესევირით“ მკურნალობა თავიანთ გაიდლაინში ოფიციალურად შეიტანეს.
„მიუხედავად იმისა, რომ „რემდესივირზე“ განსხვავებული მოსაზრებები არსებობს, მაგალითად ამერიკაში მას ოფიციალურად მისცეს რეკომენდაცია ყველა კოვიდინფიცირებულის სამკურნალოდ, ამავდროულად ჯანმომ არ შეიტანა მედიკამენტი თავის გაიდლაინში და ამბობს, რომ მის ჩატარებულ კვლევაში „რემდესივირმა“ საკმარისი ეფექტურობა ვერ აჩვენა“, – აღნიშნა ცერცვაძემ.
ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურმა დირექტორმა განმარტა, თუ რომელი პაციენტები მიიღებენ აღნიშნულ მედიკამენტს და როგორ მოხდება მისი გამოყენება.
საქართველომ ჯანმოს რეკომენდაცია მიიღო: COVID-19-ის სამკურნალოდ „რემდესივირს“ გამოიყენებენ>>
„რემდესივირი“ ანტივირუსული მედიკამენტია და ბოლო მონაცემებით ნაჩვენებია ჟანგბადდამოკიდებული პაციენტებისათვის, ანუ ვისაც ადრეულ სტადიაზე სუნქთვის გაძნელების პრობლემები აქვს. ხოლო დაგვიანებულ სტადიაზე, როდესაც ვირუსის რეფლიკაცია დასრულებულია და წინა პლანზე სხვა ფაქტორები გამოდის, „რემდესივირი“ არაეფექტურია“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.
მისი თქმით, აღნიშნული პრეპარატის საქართველოში შემოტანის შემდეგ სპეციალური პროტოკოლი დაიხვეწება, რომელშიც ზუსტად იქნება გაწერილი, თუ რა კატეგორიას უნდა მიეცეს მედიკამენტი.
შეგახსენებთ, ინფექციური პათოლოგიისა და შიდსის ცენტრის გენერალურ დირექტორს კორონავირუსი 17 ნოემბერს დაუდასტურდა. ინფიცირებიდან ორ დღეში კი ფილტვების პნევმონიით ის სამკურნალოდ სტაციონარში გადაიყვანეს.
როგორც კლინიკაში განაცხადეს, თენგიზ ცერცვაძე თანხმლები დაავადებების გამო ორმაგად მაღალი რისკის ჯგუფს მიეკუთვნებოდა. შესაბამისად მისი მკურნალობა მედიკამენტ „რემდესივირის“ დახმარებით გაგრძელდა.
28 ნოემბერს თენგიზ ცერცვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუმჯობესდა და ის სახლში გაწერეს.
საქართველოში ახალი კორონავირუსით დაავადებულთა რაოდენობა ბოლო დღე-ღამეში 3.759-ით გაიზარდა და ინფიცირებულთა საერთო რიცხვმა 139.343-ს მიაღწია.
„რემდესივირის“ ეფექტი: ჯანმო ჯერჯერობით ვერ გასცემს ერთმნიშვნელოვან რეკომენდაციას>>
ამ დროისათვის სულ გამოჯანმრთელდა 117 560 ადამიანი, გარდაიცვალა – 1 303.
საქართველოში კორონავირუსის პირველი შემთხვევა 26 თებერვალს დაფიქსირდა.
“სპუტნიკი”