დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან 2 თვის განმავლობაში ქვეყნის მასშტაბით იმოქმედებს ინტენსიური ტესტირების პროგრამა, – ​​ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო კორონავირუსზე დღეში დაახლოებით 20 ათას ტესტს ჩაატარებს, რასაც კერძო კლინიკებსა და ლაბორატორიაში ჩატარებული ტესტები დაემატება.

„განსაკუთრებით ფართოვდება ანტიგენზე დამყარებული სწრაფი ტესტების გამოყენება, რომლის პასუხის მიღებაც შესაძლებელი იქნება ტესტის ჩატარებიდან 20 წუთის განმავლობაში. აღნიშნულის მიზანს წარმოადგენს, ერთი მხრივ, ინფიცირების შემთხვევების სწრაფი გამოვლენა, რაც მსუბუქი და ნაკლებად მძიმე შემთხვევების თვითიზოლაციაში მაშინვე გადასვლას გულისხმობს, საყურადღებო შემთხვევების – კოვიდ-სასტუმროებში გადასვლას, ხოლო მძიმე და კრიტიკული შემთხვევების ჰოსპიტალიზაციას”, – განმარტა სიჭინავამ.

პროგრამა 1-ელ თებერვლამდე იმოქმედებს.

 

“რეზონანსი”