რა “საკენკზე” საუბრობს “მეორე” ვაშაძე?!

თუ პლებისციტს შემოგვთავაზებენ, ეს იქნება მათი მხრიდან კიდევ ერთი მოტყუების მცდელობა, ამ საკენკს არავინ აკენკავს, – ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „ლეიბორისტული პარტიის“ ოფისში ოპოზიციური ძალების ლიდერების შეხვედრის დაწყებამდე განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თუ თვითონ უნდათ პლებისციტი, ჩაატარონ. ჩვენ გვაქვს კონკრეტული მოთხოვნები და ეს უნდა შესრულდეს. ეს არის პროპორციული ვადამდელი არჩევნები, მთავრობის გადადგომა, პოლიტპატიმრების გათავისუფლება, ვინც 20 ივნისის შემდეგ არის დაკავებული და ვინც ახლა დააკავეს“, – განაცხადა ვაშაძემ.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, დღეს ოპოზიციური პარტიის სხვა ლიდერებთან შეხვედრაზე ე.წ. გერმანულ მოდელზე დაფუძნებულ საარჩევნო სისტემის კანონპროექტის შინაარსსაც განიხილავენ.

„ბოლო სამი დღე ინტენსიური მუშაობის შედეგად ჩვენ შევიმუშავეთ უკვე კანონპროექტი, რომელიც სრულად შეესაბამება კონსტიტუციას, მაქსიმალურად გამოხატავს იმ მოთხოვნებს, რაც ჩვენ გვაქვს. ეს სრულად პროპორციული არ არის, მაგრამ ეფუძნება „გერმანულ მოდელს“, თუმცა ითვალისწინებს იმ რეალობას, რაც საქართველოშია შექმნილი.

ახალი რამ, რაც ჩნდება, არის ის, რომ მრავალმანდატიანი მაჟორიტარული ოლქები იქნება და ეს მნიშვნელოვან გამოსავალს იძლევა, რომ 35 ან 25%-იანმა პარტიამ ვერ მიიღოს უმრავლესობა პარლამენტში და ეს მიიღოს ვინმემ მხოლოდ მაშინ, თუ მას მხარს უჭერს 50%-ზე მეტი, ანუ დაახლოებით იგივე სულისკვეთებაა, რაც არის პროპორციული არჩევნების პირობებში“,- განაცხადა ვაშაძემ.