„ჯოჯოხეთის მოწყობა“ დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერობის კანდიდატი გია ვოლსკი ოპოზიციის და აქციის ორგანიზატორების განცხადებას, რომ ისინი ხელისუფლებას პოლიტიკურ ჯოჯოხეთს მოუწყობენ. ამასთან, ვოლსკის შეფასებით, პარლამენტის მუშაობისთვის ხელის შეშლა კანონდარღვევაა. მან იმედი გამოთქვა, რომ აქციის მონაწილეები „ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ.“
„ჯოჯოხეთის მომწყობი მხოლოდ ეშმაკისეული ვიცი. ჯოჯოხეთის თემის ასე ხშირად ხსენებამ ცუდ მომენტამდე მიგვიყვანა, როდესაც საერთოდ დავკარგეთ ყველანაირი შეხება ოპოზიციასთან. ჯოჯოხეთის მოწყობა არ არის ახალი. ეს დიდი ხნის გამონათქვამია, რომელიც მხოლოდ ამ პოლიტიკურ ეშმაკისეულებს შეიძლება ახასიათებდეთ.
აქცია, პიკეტირება – ეს ყველაფერი საკმაოდ ნორმალური გამოვლინებაა. შეიძლება, მე არ მომწონდეს, მაგრამ არის ხალხი, ვისაც მიაჩნია, რომ პროტესტი ასე უნდა გამოხატოს. თუკი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობას ხელს უშლის, ეს უკვე კანონს სცილდება და ამ კანონის მუხლები მათაც კარგად იციან. ვფიქრობ, ასეთ ბოროტ დარღვევაზე არ წავლენ,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.