პარლამენტის წინ შეკრებილები ჯანდაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვენ

უკვე მეხუთე დღეა სამოქალაქო აქტივისტები პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე კარვებში ათენებენ. მათ მთავარ მოთხოვნებს ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის თანამდებობიდან გადადგომა დაემატა. აქტივისტები ხელახალი არჩევნების ჩატარებას, დაწესებული შეზღუდვების ყველასთვის თანაბრად აღსრულებასა და პოლიტიკური მოტივით დაკავებული პირების განთავისუფლებას ითხოვენ. აქტივისტები ამბობენ, რომ მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში პროტესტი არ შეწყდება.

“ისევ ის მოთხოვნები გვაქვს, რომ უნდა ჩატარდეს სამართლიანი არჩევნები, გაუშვან პოლიტპატიმრები და აუცილებლად უნდა მოიხსნას ეს უაზრო კარანტინი 9-დან 5 სათამდე. მთავრობა უნდა გამოვიდეს გარეთ ხალხთან და არა კაბინეტებში იმსჯელოს მხოლოდ,”-განაცხადა მოძრაობა “საქართველოსთვის” აქტივისტმა ლაშა ხუსკივაძემ.

პროტესტის ერთ-ერთი მონაწილის, სამოქალაქო აქტივისტ გივი ცინცაძის განცხადებით, შექმნილი ვითარების გამო, ჯანდაცვის მინისტრს თანამდებობაზე ყოფნის მორალური უფლება აღარ აქვს.

“ჩვენს ძირითად მოთხოვნებს დაემატა ერთი მთავარი მოთხოვნა  – მინისტრმა ტიკარაძემ დაუყოვნებლივ დატოვოს თანამდებობა, ვინაიდან მას გაექცა მართვის ყველა სადავე, ჯანდაცვის სამინისტროს მენეჯმენტი ჩამოშლილია, ადამიანები იღუპებიან, საწოლფონდის მობილიზება ვერ ხდება ელემენტარულად, ამიტომ მას მორალური უფლება აღარ აქვს დარჩეს თანამდებობაზე,”- განაცხადა აქციის მონაწილემ.

 

“რუსთავი2”