ხარვეზი ბევრია და იმიტომ, რომ სისტემა ძალიან გადატვირთულია, იმიტომ რომ შემთხვევების რაოდენობა ძალიან ბევრია, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ „TV პირველის“ ეთერში, ქვეყანაში სამედიცინო კრიზისზე საუბრისას განაცხადა.
ვირუსი
„ხშირად ისმის კითხვა, ჯანდაცვა ამისთვის რატომ არ მოემზადა?!, ამაზე მარტივი პასუხია – იდეალური არაფერია. გაზაფხულზე რომ ასეთი ტალღა ყოფილიყო, სისტემა 2 კვირაში ჩამოიშლებოდა. მესმის, რომ ბევრი ხარვეზია და ბევრ ადამიანს აქვს პრეტენზია. ამ ტიპის გამოწვევას მარტო სახელმწიფო, ჯანდაცვა, ექიმები ვერ გაუმკლავდებიან, აქ ყველას პასუხისმგებლობა დგას. დღეს სისტემა ზღვარზე მუშაობს.
დღესაც არის საზოგადოების დიდი ნაწილი, ვისაც კოვიდის არსებობის არ სჯერა. მძიმე დეკემბერი და იანვარი იქნება, ვიდრე საქართველოში ვაქცინა არ შემოვა და მოსახლეობის დაახლოებით 20-25% არ აიცრება, მანამდე ეს ჭირი თავს არ დაგვანებებს“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.
დღეს საქართველოში კორონავირუსი კიდევ 5450 ადამიანს დაუდასტურდა.
ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 158 154 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 129 210-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1462 მოქალაქე. კარანტინის რეჟიმშია 1325 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ 6671 პაციენტია. კოვიდ-სასტუმროში 4067 ადამიანი იმყოფება.
ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.