„ესე იგი, ჩემმა წინაპარმა ეკლესია შეურაცხყო და მე იმიტომ მყავს დაუნის სინდრომიანი შვილი?“

მას შემდეგ რაც, მამა შალვა კეკელიას ქადაგება გასაჯაროვდა, უამრავი ადამიანი მისმა სიტყვებმა აღაშფოთა.

 

განსაკუთრებით მძიმე მოსასმენი იყო ეს ქადაგება განსხვავებული უნარების მქონე ბავშვების მშობლებისთვის – „ესე იგი, ჩემმა წინაპარმა ეკლესია შეურაცხყო და მე იმიტომ მყავს დაუნის სინდრომიანი შვილი? ის ჩემი სასჯელი კი არა, ღმერთის საჩუქარია!“ – წერს ერთ-ერთი მშობელი.

ქადაგებიდან ცოტა ხანში, მამა შალვა კეკელია ფეისბუქ-ლაივით კვლავაც ჩაერთო სოციალურ ქსელში და განმარტება გააკეთა – „ბევრი ადამიანი მიკავშირდება, შეწუხებულები არიან. თურმე მლანძღავენ, რომ მე ვიღაცა დავწყევლე… როგორ შეიძლება, სასულიერო პირმა ვინმე დაწყევლოს…“ – ამბობს მამა შალვა.

„ღმერთმა დალოცოს ნიკა გვარამიას შვილები და ოჯახი. სიკეთე მისცეს მის ოჯახს და ყველა ოჯახი ქვეყანაში ღმერთმა დალოცოს.. ადამიანები საკუთარი თავით და საქციელით თავად გამოუტანენ განაჩენს. მინდა, კიდევ გავიმეორო: მე არასდროს არავინ დამიწყევლია და არც არავის დავწყევლი. მღვდელი ადამიანებს ლოცავს და ჩვენ ლოცვისთვის ვართ, ადამიანებს თვითონ გამოაქვთ განაჩენი თავისი საქციელით“ – თქვა მამა შალვამ.