ფოტოგრაფის ცემის გამო ზუგდიდის მერიის თანამშრომლებს პატიმრობა შეეფარდათ

ფოტოგრაფ რომან თოლორდავას ცემის საქმეზე, ზუგდიის მერიის ააიპ-ის თანამშრომლებს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მაღალჩინოსნის ძმას, ირაკლი ქუთელიას გირაო შეეფარდათ. ეს გადაწყვეტილება ზუგდიდის სასამართლოს მოსამართლე შოთა ბიჭიამ მიიღო.

საქმე ეხება ზაფხულში მომხდარ დაპირისპირებას, რომელშიც ქუთელიას გარდა, ზუგდიდის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი დიმიტრი ფაცაცია და ააიპ-ის თანამშრომელი ლევან ხუფაცარია ფიგურირებენ.

ბრალდებულების ადვოკატმა იოსებ ჯანაშიამ განაცხადა,რომ სამივე მათგანს 2-2 ათასი ლარიანი გირაოს გადახდა დაეკისრათ.

მისივე თქმით, რომან თოლორდავა ირაკლი ქუთელიას და დიმიტრი ფაცაციას ძალადობას ედავება, ლევან ხუფაცარიას კი მუქარას სიცოცხლის მოსპობაზე. თუმცა ბრალდებულები თავს უდანაშაულოდ მიიჩნევენ.

უფლებადამცველის ინფორმაციით, ჩხუბი მოხდა ფოტოგრაფს და ქუთელიას შორის, დანარჩენი ორი კი უბრალოდ მათ აშველებდა, რასაც კამერის ჩანაწერებიც მოწმობს.

ადვოკატის ცნობით, დაპირისპირება ბიზნეს საქმიანობას უკავშირდება. კერძოდ, ის ამბობს, რომ ირაკლი ქუთელიას სამსახურიდან გაშვება სწორედ თოლორდავას ბრალი იყო და ეს იმიტომ გააკეთა, რომ მის ადგილას თავისიანი დაესაქმებინა. შემდეგ კი, შემთხვევით ფოტოგრაფის სახლთან ნახეს ერთმანეთი. საუბრის დროს, ადვოკატის განცხადებით, თოლორდავამ შეურაცხყოფა მიაყენა ირაკლი ქუთელიას, რაც ჩხუბში გადაიზარდა.

“ხარებავების კომპანია ჩხოროწყუში. იქ მუშაობა ქუთელია. თაფლის წარმოებაში იყო ჩართული, ფუტკრის მეურნეობა ჰქონია. მისი უფროსი იყო. თოლორდავამ იმდენი გააკეთა, რომ გააგდებინა სამსახურიდან. შემდეგ ქუთელია სამსახურიდან გაშვებაზე ედავებოდა სამოქალაქო წესით. პერსპექტიული სარჩელია. კაცს ჩხუბი თუ უნდოდა, ცოლ-შვილს რატომ წაიყვანდა?”, – ამბობს ადვოკატი.

ფოტოგრაფ რომან თოლორდავას მომხდარზე საუბარი არ სურს.

საქმეზე მომდევნო პროცესი იანვარში ჩაინიშნა.

წყარო: ptn.ge