მოვითმინოთ და ახალი წელი შორიდან მივულოცოთ ერთმანეთს, რათა ბევრი ახალი წელი და შობა გვქონდეს

ტკბილი სიტყვით, სიყვარულით შორიდან მივულოცოთ ეს ერთი ახალი წელი, რომ გვქონდეს ბევრი ახალი წელი და ბევრი შობა. ვირუსმა არ იცის, რომ არის შობა-ახალი წელი, – ამის შესახებ საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტმა, გაეროს გენერალური მდივნისა და ვაქცინებისა და იმუნიზაციების გლობალური ალიანსის მრჩეველმა გიორგი ფხაკაძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა.

 

როგორც ფხაკაძე განმარტავს, ნაადრევად მოხსნილ შეზღუდვებს როგორც ეკონომიკური თვალსაზრისით, ასევე ჯანმრთელობის კუთხითაც უფრო მწარე შედეგების მოტანა შეუძლია.

„თუ ნაადრევად არის მოხსნილი შეზღუდვები, შედეგი არის უფრო მწარე, უფრო მტკივნეული, როგორც ჯანმრთელობისათვის, ასევე ეკონომიკისთვის. ჩვენ თუ ვხსნით ეკონომიკას, ჩვენ თუ ვხსნით ამ შეზღუდვას, უნდა იყოს ძალიან ფრთხილად და გაანალიზებული უნდა იყოს, რა შეიძლება და რა – არა. თუ ჩვენ სიტუაცია გვაჩვენებს, რომ მდგომარეობა არც თუ ისე კარგია, უნდა იყოს გადახედილი, გახსნა შეიძლება თუ არა. ყველაფერი ნაადრევი, განსაკუთრებით, ამ ვირუსთან მიმართებაში, არის ძალიან დიდი ზიანის მომტანი, შეიძლება მოკლევადიანი შედეგი იყოს ფინანსური, შეიძლება მოკლევადიანი იყოს ფსიქოლოგიური შვება, მაგრამ გრძელვადიანი, როგორც ფინანსური, ასევე ფსიქოლოგიური, ასევე ჯანმრთელობის კუთხით, ძალიან დიდი ზიანის მომტანი იქნება. ეს ზომები არ აღმოჩნდა ისეთი ეფექტური, როგორიც უნდა ყოფილიყო, ვირუსმა არ იცის რომ არის შობა-ახალი წელი, ვირუსისთვის არ არსებობს არც ახალი წელი, არც დაბადების დღე, არც ქორწილი და არც სხვა შეკრება. ვირუსი არის ძალიან მარტივი, უტვინო არსება, რომელსაც აინტერესებს ერთადერთი გამრავლება და ხომ შეიძლება ყველამ ერთად გავაჩეროთ? მაინც არ ვშვებით. რა მოხდება, რომ გადავიტანოთ? ხომ შეიძლებოდა ეს „შავი პარასკევი“ ერთი დღე არ ყოფილიყო და ერთი კვირა ყოფილიყო და გადანაწილებული?..

მე მაინც ვფიქრობ, რომ ზეიმი არის ძალიან მნიშვნელოვანი, სიხარული, სიყვარული, არის ერთადერთი, რაც გადაგვარჩენს და ეს სიხარული და სიყვარული შეიძლება იყოს ჩვენში, არ არის აუცილებელი შევიკრიბოთ, ეს ერთი წელიწადი მოვითმინოთ, რომ ის ახლობლები გადავარჩინოთ. არ ჯობს მოვითმინოთ, ტკბილი სიტყვით, სიყვარულით შორიდან მივულოცოთ ეს ერთი ახალი წელი, რომ გვქონდეს ბევრი ახალი წელი და ბევრი შობა“, – განაცხადა ფხაკაძემ.