როდის იყო აქ ვინმეს ისტორიული სიმართლის აღიარება უნდოდეს, ან  რამეზე პასუხი ეგოს?

საქართველოს უახლესი ისტორია უთოოდ გეცოდინებათ –
“მდედრიონიდან” “მხედრიონამდე” და ედუარდიდან ბიძინამდე… და ვინაა მთავარი დამნაშავე იმაში, რომ ამ დალოცვილ მზიან მხარეში ასე იმძლავრა “ქუჩურ-ქურდულმა” პატრიოტიზმმა?

 


ვინაა მთავარი დამნაშავე და… საბჭოთა კავშირის ნებისმიერ ფასად დაშლის იდეოლოგია – პირველ ყოვლისა! ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ შევაჩერებდით ისტორიული პროცესის მსვლელობას, მაგრამ არავინ გვავალდებულებდა პირველი რიგისკენ მუჯლუგუნებით გვეკვლია გზა.
თუ სიმართლე გნებავთ, საქართველოს ფარგლებში ყველაზე მეტად დამნაშავეა ე.წ “საქართველოს კომპარტია”, რომელმაც ძალაუფლება პრაქტიკულად ნებაყოფლობით (როცა იგრძნო, რომ კრემლმა ჩაუშვა) დაუთმო და ჩააბარა “ნაპირებიდან” გადმოსულ ე.წ. “ეროვნულ მოძრაობას” – ფანატიკოსების, მოძალადეების, ჟულიკებისა და მედროვეების უცნაურ კონგლომერატს (მერე კი დაიწყო მის შიგნით “ზვიადისტებად” და “ჯაბისტ-ედუარდისტებად” დაყოფა, მაგრამ ეგ უკვე დეტალებია, ხოლო სათავე 1989 წლის აპრილში ეძიეთ, თუ მაინცდამაინც).
ომები, წამალი, მარცხი, 90-იანების “ბესპრედელი”, აფხაზეთის და კოდორის დატოვება და ა.შ – ეგ ყველაფერი მანდედან მოდის. რა მებრძოლი (ხშირად საბრძოლო რომანტიკით მოტყუებული) ბიჭების ბრალია მარცხისთვის თავიდან განწირული ომები? საბრძოლო მასალა და საზარბაზნე ხორცი – ეს ძალიან, ძალიან და უაღრესად სამწუხაროა, მაგრამ პოლიტიკურ დასკვნებს უყვარს ზუსტი და სასტიკი განმარტებები.
დაღუპლებს პატივი უნდა ვცეთ და, წესით, მათ პოლიტიკურ უფროსობას უნდა მოვკითხოთ პასუხი, სიტყვიერად მაინც, მაგრამ ვინაა გამკითხველი? როდის იყო აქ ვინმეს ისტორიული სიმართლის აღიარება უნდოდეს ან ვინმეს რამეზე პასუხი ეგოს? პრინციპში, ხომ ყველას ყველაფერი შერჩა. ხმას ამოიღებ – და აქეთ შემოგიტევენ, ცუდი ქართველი და უვარგისი პატრიოტი ხარო. არანაირი რეფლექსია.
ყვირილი, მუშტების გულის ფიცარე ბრაგინი, ახალი არჩევნები და წიოკი გვიყვარს ძალიან, ჭკუას კი მაინც ვერ ვსწავლობთ/ ვერც ეს კოვიდი გვასწავლის ჭკუას.
სამწუხაროდ, ქართულმა საზოგადოებამ დღემდე ვერ გამოიტანა “დათა თუთაშხიადან” სწორი დასკვნები. ისევ იგივე: ერთ წრეზე ბრუნვა კისრის წატეხვამდე და იმის “იმედი”, რომ ტრამპი თუ ბაიდენი გვიშველიან.
როდემდე?
გ.ლ.

გოგი ლორთქიფანიძე, მწერალი