11 დეკემბერს მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას, – ამის შესახებ „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა, შალვა ნათელაშვილმა განაცხადა.
როგორც შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა, მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11 დეკემბერსვე და უნდა ჩაიხსნას სიები, რომ ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში სამარცხვინო ფურცელი დამთავრდეს.
„დიდი იმედი მაქვს, როდესაც შევალ მოლაპარაკებაზე, იქ დამხვდება საკუთარი ბუნაგიდან გამომძვრალი ბიძინა ივანიშვილი, რომელიც გუშინ მოვიწვიეთ მოლაპარაკებაზე, როგორც პარტიის ლიდერი. დამერწმუნეთ, ვიწვები მისი წარმომადგენლების საცოდაობით, რადგან ისინი ვერაფერს წყვეტენ, არავინ მათ არ კითხავს, ხურმა რა ხილია. ამიტომ უნდა მონაწილეობდეს აღნიშნულ ფორმატში სრულუფლებიანი წარმომადგენელი პარტიის პირველი პირი, როგორც ჩვენ. ხომ არის მმართველი პარტიის ლიდერი, ეს ლიდერობა მარტო იმაში ხომ არ გამოიხატება, საყდრისის ააფეთქოს, პოლიტპატიმრებით ქვეყანა აავსოს, ბავშვებს თვალები დათხაროს, მოვიდეს მოლაპარაკებაზე, დაგვიჯდეს, ვეტყვით ჩვენ სათქმელს და იმედია, ისიც მოახერხებს რამეს. არაფერი საიდუმლო ამ მოლაპარაკებებში არ არის, რაც შეიძლება ჩვენ არ ვიცოდეთ“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
მისივე თქმით, ხელისუფლება ოპოზიციას სთავაზობს, რომ დათანხმდეს საარჩევნო რეფორმას და კოსმეტიკურ ცვლილებებს პარლამენტში შესვლის სანაცვლოდ.
„სამაგიეროდ, ივანიშვილი მოითხოვს 2024 წლამდე მისი კრიმინალური ბანდა, პარლამენტად წოდებული დარჩეს ხელისუფლების უმაღლეს მმართველად. მოლაპარაკებები შეიძლება პერიოდულად შეჩერდეს, იყოს გარკვეული შუალედები, მაგრამ ის არ დასრულდება, ვიდრე არ დაინიშნება ახალი საპარლამენტო არჩევნები. 11-ში მთელი მსოფლიო იხილავს თვითწოდებული პარლამენტის შეკრებას და მის იმავე დღეს გარდაცვალებას. სპორტსმენი, რომელიც ოთხი წელი ემზადება ოლიმპიური შეჯიბრებისთვის, უცბად ის ვერ იღებს მონაწილეობას ამ ტურნირში, ხომ რთული გადასატანია ფსიქოლოგიურად, იგივეა პოლიტიკოსებიც რთულად გადააქვთ ის მომენტი, რომ ამდენი ხანი იბრძოლეს, ოფლი ღვარეს და პარლამენტში არ შედიან. მინდა, გამოვრიცხო პრეცედენტი, რომ რომელიმე ოპოზიცური ლიდერი შევა ამ სამარცხვინო კანტორაში, რომლითაც ბიძინას სურს, დაამთავროს საქართველოს ისტორია. მანდატებზე უარი უნდა ითქვას 11-შივე, ე.წ. ბიძინა ივანიშვილის სახელობის პარლამენტის მუშაობის გახსნას სრულად უნდა დაემთხვეს მანდატებზე უარის თქმა და სიების ჩახსნა, რომ ერთხელ და სამუდამოდ ეს სამარცხვინო ფურცელი ჩვენს ქვეყანაში დავამთავროთ, რომ ჩვენი შვილები, შვილიშვილები არ იდგნენ ქუჩაში სამართლიანია არჩევნების მოთხოვნით. ჩემი ინფორმაციით, ოპოზიცია ერთიანია, რომ პარლამენტი არ უნდა შედგეს, რადგან ის არ არჩეულა, არჩევნები გააყალბეს, ძალაუფლება მიითვისეს“, – განაცხადა ნათელაშვილმა.
კითხვაზე, „ლეიბორისტულ პარტიასთან“ თუ იყო შეთავაზება პარლამენტში შესვლაზე, შალვა ნათელაშვილმა აღნიშნა: „ჩვენთან არავის გაუბედავს გადაბირების მცდელობა და სეპარატისტული მოლაპარაკებები“.