რა შეუთვალა ივანიშვილმა გახარიას, რამ “გამოაღვიძა” მინისტრი ტიკარაძე და ვის გამოურთეს “მწვანე შუქი”?!

რა ხდება ქვეყანაში, როდემდე გაგრძელდება კოვიდინფექცით ადამიანების გარდაცვალება და რატომ დგას ყალყზე მოსახლეობა, რომელსაც უშუალოდ შეეხო ჯანდაცვის სფეროში შექმნილი განუკითხაობაა?

 


„ალიას“ წინა ნომერში გამოვაქვეყნეთ სასწრაფო დახმარების სამსახურის შეფის ავთანდილ თალაკვაძის სამსახურიდან დათხოვნის დეტალური კულუარები და როგორც ირკვევა, სწორედ მისი წასვლით გამოეცალა საძირკველი საბოტაჟის იმ ფუნდამენტს, რომელიც თავის დროზე ააშენა „ნაცმოძრაობამ“ მასთან მიბმულმა არაერთმა „ოცნების“ ჩინოვნიკმა.
მაშ, ასე… დღეს გთავაზობთ საკმაოდ სკანდალურ სქემას, თუ როგორ გასხვისდა და განიავდა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საავადმყოფოები და როგორ დაისაკუთრეს ისინი იმ ადამიანებმა, რომლებიც დღეს არათუ თითის ქნევით გველაპარაკებიან, არამედ ამ უმძიმეს მდგომარეობაში საბოტაჟსაც გვიწყობენ! ეს არის ძალიან კომპეტენტული ადამიანების მიერ მოწოდებული ინფორმაცია, რომლის გადამოწმებასაც, რა საკვირველია, ვერ ვახერხებთ, თუმცა, თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, ყველა დეტალს ვაქვეყნებთ და თუ ქვემოთ დასახელებულ რომელიმე ადამიანს საწინააღმდეგო მოსაზრება აქვს, ანდაც კომენტარების გაკეთების სურვილი გაუჩნდებათ, მათაც გულდასმით მოვუსმენთ.

დღეს საქართველოში არსებული საავადმყოფოების 85% კერძო საკუთრებაშია! კახა ბენდუქიძის დროს დაწყებული დიდი პრივატიზაციის წყალობით და „ნაცმოძრაობის“ ხელშეწყობით, იმ ხალხმა დაიწყო ჯანდაცვის ობიექტების შესყიდვა, რომლებსაც ფულიც ჰქონდათ და ზურგიც!
ჯანდაცვის მაშინდელი მინისტრი ანდრია ურუშაძე, ვანო მერაბიშვილის დავალებით, სწორედ იმ მიზნით „შეუშვეს“ მინისტრად, რომ საკადრო წმენდის პარალელურად, ვინც თვალში არ მოსდიოდათ, ის ადამიანები „ჩაერეცხათ“, და თან გამალებული პრივატიზაციაც, სარფიანად გაეგრძელებინათ! ამ თემაზე, ათი წლის წინ „ალია“ ექსკლუზიურად, სკანდალურ მასალებს აქვეყნებდა და თამამად შეიძლება ითქვას, რომ ერთადერთი მედიასაშუალება ვიყავით, როდესაც სააკაშვილის ზეობის დროს, მის ჩინოვნიკებს ვამხელდით.
სწორედ ანდრია ურუშაძის დროს დააპატიმრეს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე კოკა ფრუიძე და ფრუიძესთან ერთად, დააკავეს კომპანია “ენ-ფარმა +”-ის დამფუძნებელი ზურაბ ნატროშვილიც. მაშინ „ალია“ ექსკლუზიურად წერდა, რომ პაატა იმნაძე პატიმრობას ბეწვზე გადაურჩა, რაც დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა მხოლოდ წლების შემდეგ დაადასტურა.
მოკლედ, ანდრია ურუშაძის მინისტრობისასვე გაიყიდა საავადმყოფოების უდიდესი ნაწილი და როგორც კი ფინიშისკენ გავიდნენ, თბილისის მაშინდელი მერის გიგი უგულავას მოადგილედ გადაიყვანეს, ემანდ საბუთების მოწესრიგებაში რამე შეცდომა არ გაგვეპაროსო!
დღეს ანდრია ურუშაძის მფლობელობაში, წყაროს მტკიცებით, არაერთი საავადმყოფოა და იგი ამავდროულად ჯანდაცვის ექსპერტადაც გვევლინება, ბედის ირონიით!
გიგი უგულავას მერობისას რომ პოლიკლინიკებისა და საავადმყოფოების მიტაცების ახალი ტალღა აგორდა, ყველას ემახსოვრება, მაგრამ ბევრმა შეიძლება არც იცოდეს ის, რომ მამუკა მდინარაძის მეგობარი, ირაკლი აბესაძის ხელიც ურევია საავადმყოფოების გასხვისების მაფიაში და ახლავე გეტყვით, როგორ…
ირაკლი აბესაძე, იმ დროისთვის გიგი უგულავას მარჯვენა ხელი გახლდათ და სწორედ მის სამსახურს ევალებოდა თბილისის საავადმყოფოებისა თუ პოლიკლინიკების საპრივატიზაციოდ მომზადების იურიდიული საკითხები!

2004 წელს ირაკლი აბესაძე თბილისის მერიის სამოქალაქო მონაწილეობისა და ინტეგრაციის საქალაქო სამსახურის უფროსია! 2005-2007 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის დაგეგმვის და ანალიზის განყოფილების უფროსი. 2007-2008 წლებში იყო თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის გენერალური ინსპექციის უფროსის მოადგილე. 2008 წელს — თბილისის მერიის საქალაქო სამსახურის კანონიერების დაცვის გენერალური ინსპექციის უფროსი. 2008-2011 წლებში იყო თბილისის მერიის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე, შეთავსებით – თბილისის მერიის ადმინისტრაციის იურიდიული სამსახურის უფროსი. 2011-2013 წლებში იყო თბილისის მერიის იურიდიული საქალაქო სამსახურის უფროსი. 2013-2014 წლებში იყო თბილისის მერის მოადგილე. 2014-2016 წლებში იყო თბილისის საკრებულოს წევრი. 2016 წლიდან არის საქართველოს პარლამენტის დეპუტატი პარტიავროპული საქართველოდან“!
საავადმყოფოების უდიდესი უმრავლესობა და მათი მეპტრონეები, როგორც თავში მოგახსენეთ, ნაცმოძრაობის კლანისაა და მათ შორის ერთ-ერთი, მსახიობს და „ნაცმოძრაობის“ სახესაც ეკუთვნის! მისი საავადმყოფო დიღმიდან სანზონისკენ მიმავალ გზაზეა და კოვიდინფიცირებულებს არც მისი საავადმყოფო იღებს!

სავარაუდოდ, სწორედ ერთ მუშტად შეკრულ ქოცნაციონალურ ჯანდაცვის მაფიას დაუპირისპირდა ამჟამინდელი მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე დს გიორგი გახარიას საყვედურიც უთხრა იმ სკანდალურ სხდომაზე იმის გამო, რომ სახელმწიფომ ვერ უზრუნველჰყო კერძო კლინიკების მეპატრონეებთან ჯეროვანი მოლაპარაკებები ქვეყანაში შექმნილ კოვიდ ვითარების გამო და დასნებოვნებული ადამიანები სამედიცინო დახმარების გარეშე რჩებოდნენ!
დღეს ამ სფეროს ბევრი ექსპერტი ღიად საუბრობს, რომ სწორედ კერძო კლინიკების მეპატრონეების გადაწყვეტილებით, დაეკეტათ კარები ავადმყოფებს და ამაში დამნაშავე არის 2 მხარე – მთავრობა და კერძო კლინიკები!
გახარიასთან კამათამდე კი, ტიკარაძემ რამდენიმე საათით ადრე მოხსნა სასწრაფო დახმარების სამსახურის უფროსი ავთანდილ თალაკვაძე სიტყვებით – „არც შენ მაინტერესებ და არც შენი ძმა, ამ წუთიდან მოხსნილი ხარ, საბოტაჟს განახებთ მე თქვენო“ და დაიწყოოოო, მაგრამ რა დაიწყოო?.
ყველა ლოგიკით გახარიას, ჯანდაცვის მინისტრისთვის მხარი უნდა დაეჭირა სამართლიანი საყვედურის გამო, მაგრამ მოხდა პირიქით და როგორც კულუარებიდან შევიტყვეთ, ტიკარაძის მიმართულებით ბოთლი ისროლა!
როგორც წინაზეც ვწერდით, ბოთლის სროლა ეგრე არ უნდაო და ტიკარაძემ მიაძახა- ,,შე ბოროტო, განახებ როგორ დარჩები პრემიერადო“…
დროში დამთხვეული უცნაურობაა თუ რა არის, არ ვიცით, მაგრამ გიორგი გახარიას ამის შემდეგ აღარ უაქტიურია, არ ჰქონია ბრიფინგები თუნდაც კოვიდვითარებასთან დაკავშირებით, მაგრამ მთელ ამ სამთავრობო აურზაურის შემდეგ, რაღაც სასწაულით, 526 თავისუფალი საწოლიც გამოჩნდა და სასწრაფო დახმარების ბრიგადების მისვლა ავადმყოფებთანაც, ცოტათი მაგრამ მაინც გამოსწორდა.

14 დეკემბრამდე ახალი მინისტრთა კაბინეტის სია უნდა დაიდოს მაგიდაზე, მაგრამ შიდასახელისუფლებო კლანების დაპირისპირების და მათში ჩანერგილი ნაცების წყალობით, დღემდე მიმდინარეობს ბრძოლა და როგორც გვითხრეს, შაბათ-კვირის ,,მთავარის“ და „ტვ პირველის“ მეშვეობით მომზადებული სიუჟეტებიც ამ კლანებს შორის დაპირისპირების გამოძახილიაო!
იმასაც ვწერდით, გიორგი გახარია, იუსტიციის მინისტრად ნათია მეზვრიშვილს რომ ამზადებდა და აკი ამიტომაც გადაიყვანა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსად! ნათია მეზვრიშვილი ზურაბ ადეიშვილის ხელის გოგო იყო, მის პერიოდში მუშაობდა პროკურორად და ოცნების ხელისუფლებაშიც დაფასებული ქალი გახლდათ! ნათია მეზვრიშვილის კანდიდატურა ბიძინა ივანიშვილმა დაბლოკა, ისევე როგორც დაბლოკა გახარიას კიდევ ერთი კადრი ნაცმოძრაობიდან, სამეგრელო ზემოსვანეთის შემოსავლების სამსახურის უფროსის ლევან კაკავას ფინანსთა მინისტრად! გახარიას რომ მწვანე შუქი გამოურთეს, ცხადზე უცხადესია და ამის ირიბ დასტურად, უცებ გამოცოცხლებული ეკა ტიკარაძეც კმარა, რომელიც, ივანიშვილის თანხმობის გარეშე, ალბათ თმასაც არ ივარცხნის, არამცთუ გახარიასთან შეკამათებას გაბედავდა. უკვე ხუმრობენ კიდეც – „მართალია ტიკარაძეს ააცილა ბოთლი, მაგრამ ივანიშვილი გახარიას არ ააცდენსო!“

კულუარებში ამბობენ, რომ არჩევნების წინ, ბიძინა ივანიშვილმა გახარიას შეუთვალა, არჩევნებზე აუცილებლად ოჯახთან ერთად წადიო. რაღაც ხმები დადის და გააბათილეო! ამ თემის გაშლას არ ვაპირებთ, თუმცა, პირადულ ამბებზე ჭორები ძალიან უყვარს ბიძინა ივანიშვილს, ტყუილია თუ მართალია, არ აქვს მნიშვნელობა… პრემიერი როცა იყო, მაშინაც არ ერიდებოდა ამ თემებზე ღიად საუბარს და კარგად გვახსოვს, მაგალითად, ირაკლი ალასანიას პირად თემებზე ივანიშვილმა ერთ-ერთ შეკრებაზე ჟურნალისტების თანდასწრებითაც რომ ილაპარაკა!

გომელაური, ლილუაშვილი და ღარიბაშვილი – ივანიშვილს ერთგულ ჯარისკაცებად მიაჩნია და ისინი არათუ შეინარჩუნებენ პოსტებს ,არამედ დაწინაურდებიანო, გვამცნობს ჩვენი წყარო!
პრემიერად ივანიშვილს ისევ ღარიბაშვილი უნდაო, ამასაც ამბობენ.
თეა წულუკიანი პარლამენტის თავმჯდომარე გახდებაო, ესეც გვითხრეს!
კულტურის მინისტრად ელისო ბოლქვაძეს ვიხილავთო!
ირაკლი კობახიძეს სასამართლო სისტემისკენ მოისვრის ივანიშვილიო!-ესეც გაგვიმხილეს და რამდენიმე თვის წინათ ვწერდი ამაზე, მაგრამ ვინც არ უნდა შეარჩიონ მინისტრთა კაბინეტისთვის, ახალმა პარლამენტმა როგორ უნდა დაამტკიცოს, აი ეგ არის საკითხავი, რადგან ოპოზიცია პარლამენტში შესვლას არ გეგმავს და რანაირად მოხდება ეგ ამბავი, ისიც კანონის ფარგლებში ვერაფერს გეტყვით!

ფაქტი ერთია! ან საქართველოში კვალიფიციური კადრების უმწვავესი დეფიციტია, ანდა იქ არ ეძებენ ადამიანებს, სადაც უნდა მოძებნონ!
ამასობაში კი, ქვეყანაში კოვიდ 19 მძვინვარებს! მოსახლეობა სრულიად მოუმზადებელი და გაღატაკებული ხვდება ზამთარს, რაც იმუნიტეტის დაქვეითების უპრველესი ფაქტორია და მოკლედ, რა გვეშველება ამათ ხელში, მხოლოდ ღმერთმა უწყის

ირინე გოგოსაშვილი, ალია