მმართველი გუნდი კიდევ ერთხელ მოუწოდებს აქციის მონაწილეებს, რომ აქციის მიმდინარეობის დროს კანონს ნუ დაარღვევენ და საკუთარი პროტესტი მშვიდობიანად გამოხატონ. წინააღმდეგ შემთხვევაში სამართალდამცველები იძულებული გახდებიან ადეკვატური ზომები მიიღონ.
დეპუტატები ოპოზიციის მიმართ მოლაპარაკებასთან დაკავშირებით არჩილ თალაკვაძის შეთავაზებასაც ეხმიანებიან. უმრავლესობის წევრების განცხადებით, ცივილიზებული ფორმით საკითხის განხილვა ოპოზიციის ინტერესებში არ შედის.
“თავისი არაადეკვატური, არაკონსტიტუციური მოთხოვნებით და კმარას გაცვეთილი მეთოდებით, მეორადმა კმარელებმა თავისი თავი შეიყვანეს ჩიხში. ეს მათი საქმეა, რომელი რუსული პარტია დადგება “ნაციონალური მოძრაობის” რომელი განშტოების გვერდზე, მაგრამ თუ იქნება კანონდარღვევა, ბუნებრივია ეს ვალდებულებაა და ასე უნდა ხდებოდეს ნებისმიერ ქვეყანაში, კანონდარღვევა იქნება აღკვეთილი,” – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ.
უმრავლესობის წევრის გურამ მაჭარაშვილის თქმით, ოპოზიციამ თვითიზოლაციაში მოიქცია თავი:
“თუ მათ ქუჩაში უნდათ ყოფნა და პარლამენტში არ უნდათ საქმიანობა, მაშინ საერთოდ რატომ ითხოვენ რომელიმე ტიპის საარჩევნო სისტემას, რა აზრი აქვს, პარლამენტში თუ მოხვდებიან, მერე ისევ ქუჩაში გავლენ და იქ დაიწყებენ საქმიანობას. თვითონ მოიქციეს იზოლაციაში თავი, თვითონ აირჩიეს ასეთი დესტრუქციული პროცესები, თორემ ჩვენ ყოველთვის ვიყავით და ვართ მომხრე რომ განვიხილოთ ნებისმიერი საკითხი, თუმცა კანონმდებლობის და კონსტიტუციის ჩარჩოებში,” – აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.