საქართველოსადმი აზიას მეტი ინტერესი აქვს, ვიდრე ევროპას

ბოლო წლებში აშკარა ხდება, რომ საქართველოსადმი ინტერესი ბევრად მეტი აზიაშია, ვიდრე ევროპაში. თანაც, ეს ინტერესი არის უფრო ჯანსაღი, ვიდრე ევროპისა და მთლიანად, დასავლეთის მხრიდან გამოვლენილი ინტერესი.

ამის უარყოფა თანდათან რთული ხდება, რადგან ბოლო წლებში მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები ძირითადად, აზიელების ინტერესს იწვევს. ასე მაგალითად, ყბადაღებული ანაკლიის პორტისადმი ჩინელების ჰქონდათ ინტერესი, მაგრამ ყველაფერი გააფუჭა ამერიკელების არაჯანსაღმა მიდგომამ, რომლებმაც ეკონომიკური პროექტი სამხედრო ავანტიურად გადააქციეს და საქართველოს გამოყენებას ცდილობენ რუსეთთან გეოპოლიტიკურ ჭიდილში. ბაქო-ყარსი-არზრუმის რკინიგზაც აზიელების განხორციელებულია – თურქეთის და აზერბაიჯანის პროექტია. საქართველოს სამხედრო გზის რეაბილიტაცია, შემოვლითი 23-კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობის პროექტი, რომლის საშუალებითაც რუსეთთან სახმელეთო კავშირი უფრო მოკლე და უსაფრთხო გახდება, ასევე აზიელების დაფინანსებით ხორციელდება – აზიის განვითარების ბანკი პროექტში ლომის წილს იღებს და 400 მილიონ დოლარზე მეტს დებს მასში, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი კი მხოლოდ 60 მილიონ დოლარს.

დღეს კიდევ ერთი პროექტის შესახებ ხდება ცნობილი, რომელიც აზიის განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება – შორაპნის შემოვლითი გზა.

ფინანსთა მინისტრმა, ივანე მაჭავარიანმა და საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მუდმივი წარმომადგენლობის დირექტორმა, შეინ როზენტალმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას 255.1 მლნ ევროს ოდენობის ფინანსური რესურსის გამოყოფის თაობაზე. აღნიშნული თანხა მიიმართება შორაპანსა და არგვეთას შორის, დაახლოებით, 14.7-კილომეტრიანი ორმხრივი, 4-ზოლიანი გზის მშენებლობასა და აღნიშნულ ავტომაგისტრალზე საგზაო უსაფრთხოების გაუმჯობესების ღონისძიებებზე. პროექტის ფარგლებში აშენდება 14 ხიდი და 12 გვირაბი.

პროექტს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მეშვეობით საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო განახორციელებს. პროექტის დასრულება 2025 წლის ივნისში იგეგმება.

მართალია, აზიის განვითარების ბანკის ერთ-ერთი უმსხვილესი აქციონერი შეერთებული შტატებიცაა, მაგრამ ბანკის საქმიანობა ორიენტირებულია აზიისა და შორეული აღმოსავლეთის, ასევე წყნარი ოკეანის რეგიონის განვითარებაზე (აზიის ბანკის სათავო რეზიდენცია ფილიპინებზე, მანილაში მდებარეობს, მისი ამჟამინდელი პრეზიდენტი იაპონელი ტაკეჰიტო ნაკაო გახლავთ). საქართველო აზიის დიდი ქვეყნებიდან ჩინეთისთვის არის პირველ რიგში საინტერესო, “ერთი სარტყელი – ერთი გზის” სტრატეგიის ფარგლებში.

ეს ფაქტი მოწმობს, რომ საქართველო გეოსტრატეგიულად განიხილება აზიის ნაწილად და საგარეო ეკონომიკური ვექტორი, პირველ რიგში რუსეთისკენ და აზიის კონტინენტისკენ (ჩინეთი, თურქეთი, აზერბაიჯანი, შუა აზია) ბუნებრივად იქნება მიმართული.