ირაკლი კობახიძე: ნიკა გვარამიას და ნიკანორ მელიას განცხადებები სრული ფსკერია

პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიის წევრის ირაკლი კობახიძის განცხადებით, ოპოზიციასთან მოლაპარაკების ბოლო რაუნდი 10 დეკემბერს შედგება.„მოლაპარაკების ამოცანა არის ის, რომ ყველა პოლიტიკურმა პარტიამ მოაწეროს ხელი შეთანხმებას.

 

სურვილი გვაქვს, რომ პარლამენტში ვიხილოთ ყველა ის პოლიტიკური პარტია, რომელიც არ იქნება ამბოხის სცენარის შემადგენელი ნაწილი და რომელიც არ მონაწილეობდა ისეთ საკითხში, რაც ხდებოდა მაგალითად გუშინ, 8 დეკემბერს „მთავარი არხის“ ეთერში.ნიკა გვარამია და ნიკანორ მელია აშშ-ს ადარებენ საბჭოთა კავშირს, ეს არის ფსკერი და უფრო მეტიც “ , – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

როგორც მმართველი გუნდის წევრმა განაცხადა, გარკვეული საკითხი საპარლამენტო მანდატებთან დაკავშირებით შეიცვალა.

„იცვლება ზუსტად ის, რომ ამბოხის ინტერესი გამოიკვეთა, კონკრეტული პოლიტიკური პარტიების მხარეს. ამიტომ ჩვენ ისინი უნდა გავმიჯნოთ ერთმანეთისგან.

თუ ის პარტიები, რომლებიც ამბოხის სცენარის მონაწილეები არიან უარს ამბობენ მანდატებზე ძალიანაც კარგი, ბუნებრივია მათ ეს მოთხოვნა დაუკმაყოფილდებათ.

ხოლო მათ, ვინც არ არის ამ სცენარის მომხრე და მონაწილე ისინი ბუნებრივია არც წარმოადგენენ ასეთ განცხადებას.

თუ დეპუტატი დაწერს განცხადებას უფლებამოსილების შეწყვეტასთან დაკავშირებით მას ეს დაუკმაყოფილდება“ , – დასძინა ირაკლი კობახიძემ დღეს, 10 დეკემბერს გამართულ ბრიფინგზე საუბრისას.