რატომ იქცევა ასე უცნაურად “ქართული ოცნება” და ივანიშვილი?

საარჩევნო აყალ-მაყალის მიღმა, საქართველოს  გვერდის ავლით,  უამრავი  საჭირბოროტო საკითხების გადაწყვეტა დაიწყეს ახლო სამეზობლოში, მაგრამ არათუ ხელისუფლება, მედიაც სდუმს ამ თემებზე და სწორედ ამიტომ, ამ და სხვა მრავალი კითხვით, საქართველოს პარლამენტის დეპუტატს, ადა მარშანიას მივმართეთ…

 

– მოგესალმებით, ქალბატონო ადა და პირდაპირ გკითხავთ – საარჩევნო არეულ-დარეულობის მიღმა, რა თემები მიიჩქმალა, რომელსაც თითო-ოროლა ადამიანი თუ ადევნებს თვალყურს და რაც მთავარია, სახელისუფლებო თუ ოპოზიციური მედია შეხმატკბილებულად  რატომ დუმან?

– მივესალმები „ალიას“ მკითხველს და აქვე მადლობას გიხდით  ჩემდამი  გამოჩენილი ყურდღებისთვის… უპირველესი და უზენაესი მთავარი თემა ეს გახლავთ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა და გამთლიანების საკითხი, რომელიც, ჩემდა გასაკვირად, პოლიტიკოსებს ინტერესის მიღმა რჩებათ! ეს გახლავთ უპირველესი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის, როცა პოლიტიკოსს ავიწყდება თავისი უპირველესი მოვალეობა შთამომავლების წინაშე და არათუ იღწვის სამშობლოს გაერთიანებისთვის, არამედ სიტყვა ,,აფხაზეთის“ თქმაც  ამოიღეს თავიანთი ლექსიკონიდან! ქვეყანაში არჩევნები, ეპიდემია თუ რაც არ უნდა იყოს, ჩვენი მიწა-წყლის დაბრუნება და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა უნდა იყოს უპირველესი იდეა! რასკვირველია, ეპიდემიის დროს დროებით უნდა გადაიდოს ეს საკითხი, მაგრამ ამდენი წელი, განა სულ ეპიდემიაა საქართველოში, ამ მიმართულებით რომ ნაბიჯიც არ გადადგმულაა? როდესაც ჩვენს რეგიონში ხდება ისეთი სერიოზული ფაქტები და ვგულისხმობ, ყარაბაღის ომის დასრულების შემდეგ განვითარებულ პოლიტიკურ პროცესებს, რომელიც ჩვენ არათუ სერიოზულად, არამედ, საერთოდ არ განგვიხილავს ჩვენს ჭრილში, რაზე ვილაპარაკოთ? არადა, ეს საკითხი მართლაც მოითხოვს უსერიოზულეს გაანალიზებას – რა მოხდა ყარაბაღში რეალურად? მე მრჩება შთაბეჭდილება, რომ ეს პროცესი ჯერ კიდევ არ არის დამთავრებული და ექნება უფრო სერიოზული გაგრძელება! რა მივიღეთ, რა დავკარგეთ, რის წინაშე ვდგავართ? ამაზე საუბარი არ მიმდინარეობს და თუ სადღაც მიმდინარეობს, ეს ძალიან ზედაპირულია! თქვენ საუბრის დასაწყისში მკითხეთ, რამდენად შეესაბამება სიმართლეს ხმები, ყარაბაღელი დევნილების აფხაზეთში ჩასახლების  თაობაზეო? სამწუხაროდ, ეს არ არის მოარული ხმები, ეს რეალური გეგმაა, რომელზეც მწარედ და ცხარედ რეაგირებენ თვითონ აფხაზები არამხოლოდ  სოციალურ ქსელებში და ასეთი კამათი დღემდე გრძელდება! დღეში ხან 300-400 ინფორმაციას ვიღებ ტელეფონით, რასაკვირველია, ვაკონტროლებ ამ საიტებს და გულისყურით ვეცნობი, მაგრამ ჯერ ფაქტი, კონკრეტულად, თუნდაც 1 ოჯახის ჩასახლებისა, არ მომხდარა! მაგრამ, შიში თვითონ აფხაზებში ძალიან დიდია და აფხაზური ეთნოსისთვის ეს კატეგორიულად მიუღებელია!

– მეც ვადევნებ თვალ-ყურს მათ რეაქციებს და თუკი ვინმემ შეახსენათ, სომხები ომის დროს ჩვენ გვეხმარებოდნენო, ასეთებთან  პირდაპირ და დაუფარავად  გადადიან შეტევაზე და  „ვრაგ აფხაზსკოგო ნაროდას“  უწოდებენ!

– კი, ასეა იმიტომ, რომ აფხაზები ყველაზე კარგად ხვდებიან იმ გეგმების შესახებ, რომელიც ჯერ არ განხორციელებულა, მაგრამ ეს გეგმები რომ არსებობს, იციან! მოარული ხმები კი, ისევე როგორც კვამლი, ცეცხლის გარეშე, არ არსებობს!

– ჩემი აზრით, ჯერ ყურის გახედვნის  ეტაპია, აბა, როგორი რეაგირება მოჰყვება აფხაზებისგანო და დანარჩენის მოსაგვარებლად მხოლოდ დროა საჭირო, არ მეთანხმებით?

– კი, კი ტაქტიკური სვლაა და აკი ზოგმა უკვე თქვა, რომ ჩვენთვის მძიმე დროს ომში გვეხმარებოდნენ, იხოცებოდნენ და ახლა ჩვენი ჯერია, სიკეთის გადახდის, როგორ ვიქცევით, სირცხვილიაო! აფხაზეთში არის ასეთი პიროვნება, არ ვიცი მართლა რუსეთის გმირია თუ იბრალებს, მაგრამ ნამდვილად არსებობს ადამიანი – ახრა ავიცბა, რომელიც თურმე დნეპრისპირეთშიც იბრძოდა, პირდაპირ აცხადებს – დიახაც, უნდა დავეხმაროთ ყარაბაღელებს, ჩამოვიყვანოთ, დავასახლოთ და გვერდში დავუდგეთ ისე, როგორც აქ მცხოვრები სომხური ეთნოსის წარმომადგენლები დაგვიდგნენ ჩვენთვის მძიმე დროსო! ხომ ნახეთ და წაიკითხეთ, როგორ დაესივნენ აფხაზები, რას წერ და ლაპარაკობ, შენ ხარ  ამ სიტყვების შემდეგ აფხაზი პატრიოტიოო?

– მახსოვს, შარშან,  აფხაზეთში მცხოვრებმა სომხებმა აფხაზეთის ხელისუფლებას მათთვის  კულტურული ავტონომიის შექმნის  მოთხოვნითაც მიმართეს და ამ ინიციატივას სოხუმში ქუჩის აქციით დაუპირისპირდნენ აფხაზები….

– არამხოლოდ შარშან, პერიოდულად  ახმოვანებენ ამ მოთხოვნას, მაგრამ ჯერჯერობით  აღფრთოვანებით არც ახლა უსმენს ეგრეთწოდებული დე ფაქტო ხელისუფლება  მათ… ნუ სომხურ დიასპორას პრეტენზიები კი აქვს, მაგრამ საბოლოოდ, მიაღწევენ თუ არა, ჯერჯერობით გაურკვეველია! მე ყურადღებას გავამახვილებდი აფხაზეთის  სომხური დიასპორის უფროსზე და ძალიან მძიმე ფაქტიც მინდა გაგახსენოთ… საქმე იმაშია, რომ ამ დიასპორის უფროსად აირჩიეს და დღემდე ინარჩუნებს ამ პოსტს, ბაგრამიანის ბატალიონის მეთაური გალუსტ ტრაპიზონიანი! ეს ფაქტი ბევრმა არ იცის, არადა მიმაჩნია, რომ ყველამ უნდა იცოდეს, რადგან  ეს ადამიანი არის მხილებული ძალიან ბევრ სისასტიკეში და მის მიმართ საქართველოს არცერთ ხელისუფლებას, სისხლის სამართლის საქმეც კი არ აღუძრავს!!! გალუსტ ტრაპიზონიანის ამ პოსტზე არჩევა, თვითონ სომხეთის სახელმწიფოს და იმ დიდ დიასპორას არ უნდა აწყობდეთ  ყველანაირი თვალსაზრისით, იმიტომ რომ სისასტიკით ცნობილი სადამსჯელო ბატალიონის  უფროსი აირჩევა, ყველა ჰუმანიტარული, საერთაშორისო კანონმდებლობის შეურაცხყოფა და უგულვებელყოფაა და მე მაინტერესებს, საქართველოს ხელისუფლებამ ერთხელ მაინც, თუნდაც ფაქტების ჩამონათვალით, გნებავთ საბრალდებო დასკვნის სახით, ეს კაციჭამია გარეწარი არ უნდა ამხილოს, მაშინ როცა ამის დამადასტურებული ფაქტები უამრავიააა? იქნებ სადღაც ჩუმად დაწერეს და შენახული აქვთ პროკურატურაში და ჩვენ არ გვეუბნებიან? თუ არ გვეუბნებიან, რატო? – ეს ხომ მაინც უნდა გვითხრან? მეორე – განა ასეთი რთულია სომხეთის ხელმძღვანელებთან კულუარული მოლაპარაკება, იმის თაობაზე რომ ეს მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელი გარეწარი, თვითონ სომხებმავე გაიწვიონ ამ დიასპორის ხელმძღვანელი პოსტიდან? ჩვენ რომ სუულ ცოტა, სახელმწიფო ვიყოთ, სახელმწიფოებრივი საკითხები გვაღელვებდეს, მოლაპარაკებებს ვაწარმოებდეთ  მეზობელ სომხეთთან, რომელიც პირდაპირ მიბმულია საქართველოზე მრავალი ასპექტით, განა ასე მოხდებოდაა? რასაკვირველია ისინი ამაზე საჯარო დისკუსიისგან თავს შეიკავებდნენ, მაგრამ ხომ არსებობს კულუარული მოლაპარაკებებიც და რატომ არ იწუხებენ თავს, თუნდაც ამ კუთხით?

– სრულ სიმართლეს ბრძანებ როგორც ყოველთვის! საქართველოზე გადის სომხეთისთვის საციცოცხლო გზა და ბოლო-ბოლო რაღაცის სანაცვლოდ ხომ შეიძლება ეს საკითხიც მოაგვარონ?

– რა თქმა უნდა! ეს ფაქტი არის ცინიზმი და მსხვილი საკითხების მოგვარება თუ არ შეუძლიათ, იქნებ ეს მაინც მოაგვარონ და მოაშორონ მკვლელი ტრაპიზონიანი იმ დიასპორას, რომელიც აფხაზეთშია?

– ქალბატონო ადა, ამასწინათ, ერთ-ერთმა აფხაზურმა სააგენტომ გამოაქვეყნა  მრავალპუნქტიანი ხელშეკრულების  პაკეტი, რომელსაც  სოჭში  ხელი მოაწერეს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა და აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ასლან ბჟანიამ! თუ შეიძლება გაშალეთ ეს თემა, რომელიც აგრეთვე ქართული საზოგადოების ყურადღების მიღმა დარჩა საარჩევნო ორომტრიალის გამო…

– 3-4  დღის წინ გასაჯაროვდა ეს ხელშეკრულება, თუმცა სინამდვილეში ამ ხელშეკრულებას ხელი მოეწერა 12 ნოემბერს! აქ საგულისხმო ის არის, რომ 12 ნოემბერს ხელმოწერილ ხელშეკრულება, არც აფხაზურ და არც რუსულ მედიას იმავე დღესვე არ გაუშუქებია და ეს ხოლოდ ახლა გააკეთეს..

– რატომ?

– ბევრი საჩოთირო პუნქტებია იქ და იმიტომ… მოკლედ რომ გითხრათ, ეს ხელშეკრულება გააგრძელებაა იმისა, რომ  რუსეთი აფხაზეთში  სოციალური და ეკონომიკური დაახლოვების ჰარმონიზაციას იწყებს, რაც გაგრძელებაა  ხაჯინბას დროინდელი, 24 ნოემბერს ხელმოწერილი დოკუმენტისა და რომელიც გულისხმობს, საბოლოოდ რუსეთთან დიდი ხელშეკრულების გაფორმებას!

– ე.ი. უკვე ბჟანიას ხელმოწერილ ხელშეკრულებაში იკვეთება ის, რომ რუსეთი აფხაზეთს  საბოლოოდ მიიერთებს როგორც ტერიტორიას?

– იცით, რააა? ისინი ამ ხელშეკრულებაში ამას პირდაპირ ვერ დაწერდნენ, მაგრამ უკვე დაწერილ პუნქტებში, არა ფანტაზიის, არამედ რეალურად დაწერილ და გაწერილ მუხლებში იკვეთება ის, რომ სამართლებრივად მიიახლოვონ, დააინტეგრინონ ის სფეროები, რომელიც, მათი აზრით, საბოლოო მიზნამდე მიიყვანთ! 12 ნოემბრის ხელშეკრულებაში კი ეს უფრო გაღრმავებული, ,,დახვეწილი“ სახითიაა! სხვათაშორის ამ ხელშეკრულების გამოქვეყნებიდან მალვე, ასლან ბჟანია რუსეთის სოფლის მეურნეობის მინისტრს შეხვდა! ამ შეხვედრის დეტალები მართალია,  უცნობია, მაგრამ ცხადია, მდიდარი აფხაზური მიწების დამუშავებასა და ციტრუსის მოყვანა-გატანის  ხელშეწყობაზე ექნებოდათ საუბარი… აფხაზეთი რთულ ეკონომიკურ ვითარებაშია და ახლა ამ პანდემიის ფონზე მათი სოციალური ყოფა უფრო გართულდა… ამიტომაც მიმართეს რუსეთს, დახმარებოდა მათ საველე  ჰოსპიტალის გახსნის თვალსაზრისით და სხვათაშორის უკვე გაიშალა კარვები, სადაც მათ მკურნალობენ! აფხაზეთში უკიდურესად დაძაბული ვითარებაა კოვიდ 19 დაკავშირებით, არიან ინფიცირებულებიც და გარდაცვლილებიც და მოსახლეობა ნერვოზულ სტრესშია!

მოგეხსენებათ ზამთარში მდინარე ენგურზე წყლის დონე მცირდება და ამოდენა უბედურებას ისიც დაემატა, რომ აფხაზეთში ელექტრო ენერგიის მწვავე დეფიციტიც შეიქმნა! მართალია აფხაზეთში ისე არ ცივა, როგორც საქართველოს მაღალმთიანეთში, მაგრამ დენის გარეშე ხომ წარმოგიდგენიათ, სიბნელეში, სიცივეში რა დღეშცაა იქ ხალხი? ბავშვები იყინებიან უკვე და ქალაქებში „ფეჩს“ ხომ ვერ დაანთებენ, როგორც სოფლებში? მე რასაკვირველია მაქვს კონტაქტები და სწორედ ისინი მიყვებიან ამ საშინელებებს!

ამ ფონზე კი ადვილია პოლიტიკური ზრახვების სისრულეში მოყვანა – აქეთ ბჟანია გაიქცა პუტინთან ხელშეკრულებაზე ხელის მოსაწერად, იქით საველე ჰოსპიტალების  გასნის თხოვნით მიმართა რუსულ ბაზებს მოსახლეობამ, იქეთ კიდევ ელექტრო-ენერგო სისტემაა საერთოდ მწყობრიდან გამოსული, შესაცვლელია და ვინ შეცვლიან აფხაზები? ეს გამორიცხულია, იმიტომ რომ ძალიან ძვირი დაუჯდებათ და მაგდენი ფული  არ აქვთ!

– ოოოო, ჩვენთანაც ელექტროენერგიით დაიწყეს რუსმა ბიზნესმენებმა საქართველოს ეკონომიკის ხელში ჩაგდება და ვხვდები, საითაც მიგყავთ საუბარი…

– კი, რუსეთი სთავაზობთ ენერგოსისტემის სრულ მოწესრიგებას, რომელიც საბჭოთა კავშირისდროინდელია და კატასტროფულ მდგომარეობაშია,  მაგრამ სანაცვლოდაც ხომ უნდა მიიღოს რამე, ამოდენა ინვესტიციას თუ განახორციელებს?

– აფხაზებმა, რაც პირველად გააკეთეს, ეს იყო კანონი მიწის შესახებ, სადაც მკაფიოდ უწერიათ, რომ მიწას უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ გაჰყიდიან! რუსეთს კი აფხაზეთში სწორედ მიწა აინტერესებთ, რომ იქ ინვესტიციები განახორციელონ საცხოვრებელი სახლების, სასტუმროების თუ რესტორნების მშენებლობისთვის! ეს კანონი იმხელა დაბრკოლებაა რუსებისთვის და იმოდენა კოზირია აფხაზებისთვის, ძნელია კომპრომისის მოძებნა….

– მე თუ არ ვიცი, რა დამოკიდებულებაა მიწის გაყიდვაზე  და ზოგადად რუსებისადმი, სხვამ ვიღამ იცის? დიახ, ცოცხალი თავით არ დათმობენ და არ გაყიდიან აფხაზები მიწას, მაგრამ ნახეთ, რუსეთი რას სთავაზობს და როგორ?

ჩვენ მოგიწესრიგებთ, ენერგოსისტემას ისე, რომ არ იყოთ დამოკიდებული ენგურჰესზე, მაგრამ ჩვენ გთავაზობთ ამ სისტემის პრივატიზებას და მოგებაც ჩვენ უნდა დაგვრჩესო! ქალბატონო ირა, დღეს აფხაზეთში 1 კვ ელექტროენერგია 40 რუსული კაპიკი ღირს!! ანუ ინვესტიციის შემთხვევაში, მინიმუმ 2 მანეთი და 40 კაპიკი გახდება და აფხაზეთში ვის აქვს ამდენი ფულიი? რასაკვირველია, ვგულისხმობ, უმუშევართა დიდ არმიას და სხვათაშორის ვინც დასაქმებულია, იმათაც არ ულხინთ, რომ იცოდეთ… აფხაზეთში დღეს მაქსიმალური ხელფასი არის 10000 რუბლი (დაახლოებით, 435 ლარი) და ეს იმდენაც სასაცილო ხელფასია, საჭმელის საყიდლადაც რომ არ ჰყოფნით! ამ გაუსაძლის  სიტუაციაშიც კი, სიტყვა ,,პრივატიზაციამ“ ძალიან დააფრთხო აფხაზები, მაგრამ ახალ დოკუმენტში ჩაწერეს ახალი სიტყვა ,,ინვესტირება“ და  როგორი გაგრძელება მოჰყვება ამას, რა გითხრათ, აბაა? ნებისმიერი ინვესტიცია, რაღაც მოგებაზე ხომ არის გათვლილი და რას მოიგებს ან ერთი, ან მეორე მხარე ვერაფერს გეტყვით… დრო გვაჩვენებს!

მაგალითად, ისეთი პოლიტიკოსები როგორიცაა ჟირინოვსკი, პირდაპირ ამბობენ რომ აფხაზეთი ჩვენი უნდა გახდეს იმიტომ, რომ იქ გარდა დიდძალი ფინანსური რესურსისა, ჩვენი ჯარისკაცებიც დაიღუპნენ და ბევრი ვალი აქვთ ჩვენიო! აი ზატულინი  კი, პირიქით, ჭკვიანურად მოქმედებს, ჩადის აფხაზეთში, ხვდება იქაურ მოსახლებას, სხვათაშორის, რომ იცოდეთ პატივსაც სცემენ აფხაზები, მაგრმ ახლა გაბრაზებულები არიან მასზე იმიტომ, რომ ამასწინათ აფხაზებს უთხრა – 30 წლის განმავლობაში გაანიავეთ ყველაფერი, არაფერი შეგიქმნიათ, მუშაობა გეზარებათ და რის გაყიდვაც შეიძლებოდა, ყველაფერი გაყიდეთო! რა თქმა უნდა აფხაზებმა თვითონვე კარგად იციან, რაც გააკეთეს, მაგრამ ზატულინმა რომ უთხრა, აიფხორნენ და ეწყინათ, როგორ გვაკადდრაოო? ზატულისთანა პოლიტიკოსებს პირში მიხლა არ სჩვევიათ და ნაბიჯ-ნაბიჯ მიდიან მიზნისკენ, ეს იციან აფხაზებმაც და ალბათ ოდესღაც მოხდება მოსახდენი, მაგრამ ეს ჩვენი ხელისუფლება სად არის ამ დროს, სად, აპირებს რაიმე დიალოგის ან შემხვედრი სხვა ნაბიჯების გადადგმას აფხაზეთთან მიმართებით?

– რუსეთისთვის  არანაკლებ მნიშვნელოვანია აფხაზეთზე გამავალი სარკინიგზო მაგისტრალიც და გვახსოვს, რომ სწორედ რკინიგზაზე არსებული ვითარება გახდა მიზეზი ომის დაწყებისა…თითქოსდა სომხეთისთვის განკუთვნილი ტვირთები იძარცვებოდა…. მე მაშინ აფხაზეთში ვმუშაობდი  და მიუხედავად დიდი მობილიზებისა , 1 ადამიანიც არ მინახავს შსს-ს მიერ დაკავებული ამ ბრალდებით… როგორ ფიქრობთ, რკინიგზა შეიძლება გახდეს ჩვენი, რუსების და აფხაზების დიალოგის საგანი?

– მე დიდი ხანია ვამბობ, რომ აფხაზეთის მიმართულებით გადასადგმელ ნაბიჯებში, რკინიგზა ეს არის ყველაზე დიდი და ჩვენთვის მომგებიანი საკითხი! მეტიც, ეს ის ბერკეტია, რომელსაც ჭკვიანი ხელისუფლება გამოიყენებდა!

– „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი ამ მიმართულებით ნაბიჯების გადადგმას არ აპირებენ, ჰქონდათ მცდელობა, მაგრამ წარუმატებელი თუ რააა? თქვენ დეპუტატი ხართ დღემდე და იქნებ კულუარული მოქმედებები იყო, გაგვანდეთ…

– ვაიი, ბიძინა ივანიშვილს ისეთ უმნიშვნელო რამეებზე არ დაუწყია მოლაპარაკებები, რკინიგზა რა მოსატანიააა?

– მოდით, მაშინ ასე დავსვამ კითხვას… იქნებ ნაცმოძრაობას იმიტომაც აძლიერებს ქართული ოცნება, რომ ნაცმოძრაობა გამობრძმედილია ქართული სტრატეგიული  ობიექტების რუსეთისთვის გადაცემის საქმეში? განა ენერგეტიკა, წყალი, მობილური კავშირები, საბანკო სისტემა და წიაღისეული სიმდიდრეები სწორედ სააკაშვილმა არ უფეშქაშა კრემლს, ტერიტორიების 20% ერთად?

– ჩვენ რაც დავინახეთ ისაა, რომ „ქართულ ოცნებას“ ნაბიჯიც არ გადაუდგამს არც სამართლიანობის აღდგენის და არც რეჟიმის გასამართლების კუთხით!

– ჰოდა, მაგას გეკითხებით… ბიძინა ივანიშვილი დამოუკიდებელი მოთამაშე არ არის, ეს ფაქტია და იქნებ სწორედ ამიტომაც აძლიერებს ნაცებს, რომ მათი ხელით მოხდეს საქართველოს საბოლოო ოკუპაციაა?

– ბიძინას რა უნდა არ ვიცი, მაგრამ რატომ არ უნდა უნდოდეს ქვეყნისთვის სასიკეთოდ  გამოიყენოს თუნდაც რკინიგზის თემა და ევაჭროს რუსეთს აფხაზეთთან მიმართებით? მე არც ის ვიცი, საერთოდ უნდა თუ არა ხელისუფლებაშ დარჩენა და როდის დაამთავრებენ ნაცებთან თამაშობანას…

– კრემლი რომ ნაცმოძრაობას მფარველობს, ეს ახალი ამბავია? ან ის, რომ ივანიშვილის ხელისუფლება ნაცებთან შეხმატკბილებულია და  60 სადეპუტატო მანდატიც უფეშქაშეს საარჩევნოდ, ეგ არაფერზე მიანიშნებს?

– კი ბატონო, არ არის შემთხვევითი და ძალიან გული მტკივა, ასე უცნაურად რომ იქცევა ქართული ოცნება და ივანიშვილი! ისიც მაკვირვებს რატომ არ შეფასდა და გაანალიზეს სინამდვილეში რა მოხდა ყარაბაღში ჩვენთვის საზიანოდ? რა ხდება -მოემატა ამ ჩვენს რკინიგზას ფასი მოსალაპარაკებლად, დააკლდა, საერთოდაც არაფერი არ ღირს უკვე თუ რაშია საქმეეე? მთიან ყარაბაღში – ლაჩინის კორიდორი რომ გახსნეს უკვე, თურქეთი რომ გამოდის და იძახის, ჩქაროსნული მატერებლებისთვის რკინიგზას მოკლე დროში დავაგებო და რომ გააკეთებენ და მაღალი ხარისხით, ეს ხომ ვიცით? ჰოდა, ეს ჩვენი რკინიგზა  ამ ვითარებაში  ფასს არ დაკარგავს, ნეტავ? საერთოდ ეს ხელისუფლება ამ თემებზე ფიქრობს თუ მხოლოდ საარჩევნო   და თანამდებობებზე ვინ დანიშნოს  ამ თემების  განხილვით  ერთობა?

ანდა საქართველოში ჭკვიანი ადამიანები დაილიენ, ეს რობოტები რომ გამოჰყავთ და ალაპარაკებენ იმ თემებზე, რომელზეც წარმოდგენა არ აქვთ? მოკლედ, ძალიან მძიმე ვითარებაა ყველა მიმართულებით და რა  იქნება მომავალში, ძალიან  რთულია თქმა!

ირინე გოგოსაშვილი, ალია