გერმანული და ამერიკული კომპანიების მიერ შექმნილი ვაქცინების შესახებ დოკუმენტაცია ევროკავშირის წამლების სააგენტოს სერვერზე ინახებოდა
ჰაკერებმა, რომლებმაც კიბერშეტევა მოაწყეს ევროკავშირის წამლების სააგენტოზე (EMA), ფარმაცევტული კომპანიების, BioNTech-ისა და Pfizer-ის ანტიკორონავირუსული ვაქცინის შესახებ ზოგი დოკუმენტი მოიპოვეს, BioNTech-ის განცხადებაში.
ევროპული სააგენტოს განცხადებით, კიბერშეტევა ოთხშაბათს განხორციელდა.
„წამლების ევროპულმა სააგენტომ ოთხშაბათს გვაცნობა, რომ კიბერშეტევის შედეგად, [ჰაკერებმა] ხელში ჩაიგდეს BioNTech-ისა და Pfizer-ის ვაქცინა-კანდიდატ BNT162b2-ის შესახებ ზოგი ნორმატიული დოკუმენტი, რომლებიც EMA-ს სერვერზე ინახებოდა“, ― ნათქვამია განცხადებაში.
ევროკავშირის წამლების სააგენტო არის ორგანო, რომელიც შეისწავლის კორონავირუსის ვაქცინების გამოცდების შედეგებს, წარადგენს დასკვნას და გასცემს რეკომენდაციებს ვაქცინების გამოყენებაზე ევროკავშირის შიდა ბაზარზე.
გერმანულმა კომპანია BioNTech-მა და ამერიკულმა ფარმაცევტულმა გიგანტმა Pfizer-მა ნოემბერში გამოაცხადეს, რომ მათ მიერ შექმნილმა კოვიდ-ვაქცინამ კლინიკური გამოცდის მესამე ფაზაზე 95%-იანი ეფექტი გამოავლინა.
“სპუტნიკი”