თუ რამეს მივაღწიეთ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ

პრემიერ-მინისტრმა ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლებთან და ექსპერტებთან პანდემიის ფონზე კიდევ ერთი შეხვედრა გამართა.

“გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს,” – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ჯანდაცვის სფეროს ექსპერტებს შორის გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

ამირან გამყრელიძემ ხაზი გაუსვა, რომ ყოველკვირეულად გაკეთდება კვირის შეფასება ეპიდსიტუაციის, ტესტირების, სამკურნალო ქსელში არსებული მდგომარეობის და შესაბამისად მიიღება გადაწყვეტილებები. მისივე თქმით, საუბარი შეეხო საერთაშორისო მაგალითებსაც.

“გვქონდა შეხვედრა პრემიერ-მინისტრთან საკოორდინაციო საბჭოს წევრების და ასევე საერთაშორისო ექსპერტების, ჩვენი თანამემამულეების ამერიკის შეერთებული შტატებიდან, შვეიცარიიდან, ნორვეგიიდან და კიდევ რამდენი ქვეყნიდან. გავაკეთეთ რეზიუმე, შეზღუდვების დაწესების შემდეგ ქვეყანაში ეპიდემიოლოგიური სიტუაციის განვითარების, თუ რა მდგომარეობა გვაქვს დღეს. ჯერ ცოტა ნაადრევია შეფასება, შეზღუდვების დაწესების შემდეგ გვაქვს უკვე რამე შედეგები თუ არ გვაქვს. მოგეხსენებათ, რომ დაახლოებით 5-6 დღეა უკვე მკვეთრად გაფართოებული ტესტირება მიმდინარეობს.

გუშინ, 24 საათში, დაახლოებით 21 000 ტესტი ჩატარდა ქვეყანაში და ჯერჯერობით, ინფიცირების რიცხვი  მერყეობს ისევ, შაბათ-კვირას დაახლოებით 3 500-ის ფარგლებში, დღეს და გუშინ გვაქვს 4 000-დან 5 000-ის ფარგლებში.

ასევე, ერთ-ერთი პოზიტიური ტენდენცია ჩანს, რომ ოდნავ დაკლების ტენდენცია აქვს დადებითობის მაჩვენებელს, მაგრამ ეს ყველაფერი, მოგეხსენებათ, სულ რამდენიმე დღის შედეგია და ამას ჯერჯერობით ვერ შევაფასებთ ხანგრძლივვადიან პერსპექტივაზე. ამიტომ, ყველა ჩამოვყალიბდით დაახლოებით და შევთანხმდით, რომ ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს და ყოველკვირეულად უნდა ვაკეთოთ კვირის შეფასება – ეპიდსიტუაცია, ტესტირება, მდგომარეობა სამკურნალო ქსელში.

ერთიანი აზრია, რომ თუ რამეს მივაღწიეთ ამ 3-კვირიანი შეზღუდვებით და გაფართოებული ტესტირებით, მერე უცბად წყალში არ გადავყაროთ,” – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

 

“რუსთავი2”