საქართველოში მოქმედი შვიდი ბიზნესასოციაცია გაზის ტარიფის ზრდასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს.
ისინი საქართველოს მთავრობას მიმართავენ, დროულად ჩაერიოს საკითხის მოგვარებაში და პროცესის დასარეგულირებლად ყველა ბერკეტი გამოიყენოს.
“რამოდენიმე დღის წინ, ჩვენთვის და საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ გაზმომარაგების კომპანიამ „თბილისი ენერჯი“-მ მიიღო ბიზნეს-სუბიქტებისთვის (ე.წ. კომერციული სექტორი) გაზმომარაგების ტარიფის 0.24 ლარით გაზრდის გადაწყვეტილება. კომპანიის განმარტებით, ამის მიზეზი გახდა ეროვნული ვალუტის კურსის მკვეთრი გაუფასურება ძირითად უცხოურ ვალუტებთან მიმართებით.
გვსურს დავაფიქსიროთ ჩვენი პრინციპული და მკვეთრად უარყოფითი პოზიცია ამ საკითხთან დაკავშირებით. განსაკუთრებით გაუგებარია ამ გადაწყვეტილების მიღება ახლა, უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის დროს, რომელიც გამოწვეულია კორონავირუსის პანდემიის გავრცელების დიდი მასშტაბით ჩვენს ქვეყანაში და მთელს მსოფლიოში. ახლა, როცა თითქმის ყველა ბიზნესი გაჩერებულია და დაზარალებული დარგები მუდმივად მიმართავენ მთავრობას სხვადასხვა სახის დახმარებებისა და შეღავათების გაწევის მოთხოვნით, “თბილისი ენერჯი” იღებს მოულოდნელ და შეუთანხმებელ გადაწყვეტილებას და ბიზნესზე ახორციელებს სრულიად გაუმართლებელ დამატებით წნეხს და უზრდის ისადაც მაღალ კომუნალურ გადასახადს.
ცნობილია, რომ მოქმედი რეგულაციების მიხედვით, კომერციული სექტორისთვის ტარიფების დაწესება არ რეგულირდება ეროვნული მარეგულირებლის მიერ, რაც ასევე, რბილად რომ ვთავათ, უცნაურია. მაგრამ აქ გასათვალისწინებელია ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – განსხვავებით ჩვეულებრივი სტანდარტული ეკონომიკური საქმიანობისგან, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ბუნებრივ მონოპოლიასთან, რომლის ესა თუ ის გადაწყვეტილება მკვეთრ ზეგავლენას ახდენს ქვეყნის მთელს ეკონომიკაზე და მასში ჩართულ ყველა სუბიექტზე. დიახ, “თბილისი ენერჯიმ” გვაცნობა, რომ ტარიფის ზრდა არ შეეხება ჩვეულებრივ საყოფაცხოვრებო მომხმარებლებს, მაგრამ ეს რომ ასე არ არის, ყველასათვის ცხადია. ჯერ ერთი, გაზის ტარიფის გაძვირება გამოიწვევს პროდუქციის თვითღირებულების და შესაბამისად, სარეალიზაციო ფასების ზრდას, რასაც ეს საყოფაცხვრებო მომხმარებელი მყისიერად იგრძნობას საკუთარ ჯიბეზე, და მეორე, ამ ე.წ. საყოფაცხოვრებო მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა დასაქმებულია სწორედ იმ კომპანიებში, რომლებსაც ახლა დამატებითი უზრმაზარი ხარჯი უჩნდებათ. შესაბამისად, ეს კოპმანიები იძულებულნი იქნებიან კიდევ უფრო შეამცირონ ან დასაქმებულების რაოდენობა ან მათი ხელფასები, რაც ნიშნავს, რომ არაპირდაპირ, მაგრამ ეს პროცესი მთელს მოსახლეობას შეეხება და მნიშვნელოვნადაც დააზარალებს.
ჩვენ კარგად გვესმის ეროვნული ვალუტის მუდმივი დევალვაციით გამოწვეული პრობლემების სიმწვავე, რასაც განიცდის ბიზნეს-საქმიანობაში ჩართული ყველა საწარმო საქართველოში. აქ არ შეიძლება არ ავღნიშნოთ, რომ ჩვენ, სხვადასხვა ბიზნეს ასოციაციები თუ ცალკეული ბიზნეს-კომპანიების წარმომდგენლები არაერთგზის გამოვსულვართ სხვადასხვა წინადადებებით და მიგვიმართავს მთავრობისა და ეროვნული ბანკისათვის წარმოედგინათ კონკრეტული გეგმა, თუ როგორ აპირებენ ამ პრობლემის მოგვარებას – ლარის შეუქცევად გაუფასურებას. თუმცა საკითხი დღემდე გადაუჭრელია და პროგნოზი იმისა, თუ როდემდე გაგრძელდება ეს უაღრესად საზიანო პროცესი, დღესაც არ არსებობს.
ზემოთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ მძიმე პრობლემები შეექმნებოდა “თბილისი ენერჯისაც” და ამ საკითხის მუდმივ მოუგვარებლობაზე ის პასუხისმგებელი ვერანაირად ვერ იქნება. მაგრამ, გამომდინარე საკითხის მასშტაბურობიდან და ქვეყანაში ამ ეტაპზე მიმდინარე უმძიმესი კრიზისული პროცესებიდან, ასევე იქიდან, რომ როგორც ზემოთ უკვე ავღნიშნეთ, საქმე გვაქვს კომპანიის ბუნებრივ მონოპოლიურ მდგომარეობასთან, მოვითხოვთ “თბილისი ენერჯის” ხელმძღვანელ პირებთან შეხვედრას და მათგან განმარტებას შემდეგ 2 საკითხზე:
1) რატომ ხდება კონკრეტულად ამ ოდენობით – 0,24 ლარით ტარიფის გაძვირება და 2) წარმოდგენილ იქნას ტარიფის დათვლის მეთოდოლოგია, თუ რა კომპონენტებისგან შედგება ესა თუ ის ტარიფი და როგორია ხარჯების სტრუქტურა კომპანიაში“, – ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
განცხადება ხელის აწერენ შემდეგი ასოციაციები: ევროკავშირი-საქართველოს ბიზნეს საბჭო; გადასახადის გადამხდელთა კავშირი; საქართველოს მწარმოებელთა ფედერაცია; დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაცია
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია; საქართველოს სასტუმროებისა და რესტორნების ფედერაცია; რესტორატორთა ასოციაცია.
წყარო: ptn.ge