საჭიროა 7 ოპოზიციონერი დეპუტატი, რომელიც პარლამენტს ლეგიტიმაციას მისცემს – კონსტიტუციონალისტი.
ქართულ საპარლამენტო ცხოვრებაში, რომელსაც მე-10 მოწვევის პარლამენტი ხვალ შეუდგება, პოლიტიკური კრიზისია.
რამდენი ოპოზიციონერი უნდა შევიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ უმაღლესი საკანონმდებლო ორგანო ერთპარტიული არ იყოს?
ოპოზიციონერები უარს ამბობენ დეპუტატის საქმიანობის დაწყებაზე, რადგან 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს უნდობლობას უცხადებენ. თუმცა, მათ შორის არიან ისეთებიც, ვინც პირდაპირ არ ადასტურებენ პარლამენტში შესვლის გადაწყვეტილებას, მაგრამ ირიბად მედიასთან საუბარში მიანიშნებენ.
ამ დროისთვის, ოპოზიციიდან, რომლებმაც პროპორციულ არჩევნებში ზღვარი გადალახეს, ორი პარტიიდან აპირებენ მანდატების გამოყენებას, ესენი არიან: მოქალაქეები და გირჩი.
მოქალაქეებმა ორი მანდატის მოპოვება შეძლეს და ისინი არიან: ალეკო ელისაშვილი და ლევან იოსელიანი. ხოლო გირჩმა ოთხი მანდატი მოიპოვა, თუმცა, პარლამენტში შესასვლელად სავარაუდოდ, იაგო ხვიჩია და ვახო მეგრელიშვილი აპირებენ.
გამოდის, რომ ამ დრომდე გავრცელებული ინფორმაციით, ოპოზიციის რიგებიდან მხოლოდ 4 დეპუტატი ჩაჯდება პარლამენტის სავარძლებში.
“პრაიმტაიმნიუსმა” კონსტიტუციონალისტ ლევან ალაფიშვილს მიმართა კითხვით – რამდენი ოპოზიციონერი დეპუტატი უნდა შევიდეს პარლამენტში იმისთვის, რომ იყოს ლეგიტიმური და შეიქმნას ოპოზიციური ფრაქცია.
როგორც მან აღნიშნა, ოპოზიციური ფრაქციის შესაქმნელად, მინიმუმ 7 ოპოზიციონერი დეპუტატის შესვლაა აუცილებელი.
„დღევანდელი მოცემულობით, ახალ არჩეულ პარლამენტში მინიმუმ შვიდი ოპოზიციონერი პარლამენტარი უნდა შევიდეს, რათა ერთპარტიულად არ ჩაითვალოს და ფრაქცია შეიქმნას.
პოლიტიკური ლეგიტიმაციის კუთხით, მმართველ პარტიას ექნება შესაძლებლობა, თქვას, რომ პარლამენტში ოპოზიციური გაერთიანება არსებობს. მიუხედავად იმისა, თუ 7 ოპოზიციონერი შევა, კითხვები მაინც დარჩება ლეგიტიმაციის თვალსაზრისით.” – ამბობს ლევან ალაფიშვილი.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც კითხვის ნიშნის ქვეშ დგება არის ის კონსტიტუციური კანონპროექტები და პროცედურები, რომელთა დამტკიცებას მაღალი ქვორუმი სჭირდება. ამის შესახებ კონსტიტუციონალი ამბობს, რომ მსგავსი კანონები ჩავარდება, ხოლო საჭროების შემთვევაში, თანამდებობიდან გადაყენების პროცედურები ვერ განხორციელდება, რამაც შესაძლოა, სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით, სერიოზული საფრთხეები გამოიწვიოს.
– რა ბედი ეწევა იმ კონსტიტუციურ კანონებს და პროცედურებს, რომლებსაც მაღალი ქვორუმი სჭირდება, რათა პარლამენტმა დამტკიცება შეძლოს?
– კონსტიტუციურ კანონებს, რომელსაც დეპუტატთა ორმესამედზე მეტი ხმა სჭირდება, ვერ მიიღებენ. ამის გარდა, დავუშვათ, პრეზიდენტმა დანაშაული ჩაიდინა და იმპიჩმენტის პროცედურები დაიწყო, მასაც ვერ გადააყენებენ, რადგან ამას მინიმუმ 100 ხმა სჭირდება. ასევე, უფრო მაღალი ქვორუმი სჭირდება კომუნიკაციების კომისიის წევრის გაშვებას, მინიმუმ 101 ხმა. მაგალითად: საზოგადოებრივი მაუწყებლის ბორდში ცვლილებას 100 და მეტი ხმა სჭირდება.
ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის კუთხით, საჭირო რომ გახდეს დე ფაქტო აფხაზეთის ან ოკუპირებული სამხ. ოსეთის მიმართებაში კანონის მიღება, ამას ვერ შეძლებენ, რადგან ორიმესამედი სჭირდება ტერიტორიული მთლიანობასთან დაკავშირებული კანონების მიღებას.
სახელმწიფოებრივ და პოლიტიკურ ნაწილში, შესაძლოა ერთპარტიული პარლამენტის პირობებში შეიქმნას სერიოზული საფრთხეები სახელმწიფოებრივი თვალსაზრისით.
წყარო: itv.ge