სულ უფრო საზიზღარ ფორმებს იღებს გლობალისტი ჟურნალისტების ისტერიული საქციელი, როდესაც ისინი ჯანსაღი აზრის მიჩქმალვას ცდილობენ და, როდესაც ეს არ გამოსდით, ისტერიკაში ვარდებიან.
საქართველოს ფსევდოჟურნალისტებზე არ არის ახლა საუბარი, არამედ სავსებით რესპექტაბელურად მიჩნეულ საერთაშორისო, ცნობილ ჟურნალისტებზე. ასე მაგალითად, გერმანიაში, ტელეარხ ZDF-ის პოლიტიკურ შოუში “მარკუს ლანცი”, თავად ჟურნალისტი მარკუს ლანცი აღმოჩნდა ნერვული შეტევის ზღვარზე, როდესაც მან მოწვეული სტუმარი, ექიმი, პროფესორი, სპეციალობით ვირუსოლოგი – იონას შმიდტ-ხანაზიტი ვერ აიყოლია ბავშვების დადანაშაულებაში, რომ ბავშვები ავრცელებენ კორონავირუსს.
შეგახსენებთ, რომ ანგელა მერკელის “ლოკდაუნებმა” გერმანიას ვერ უშველა და ვირუსი იქ კვლავ ვრცელდება, მიუხედავად იმისა, რომ არა ისე უკონტროლოდ და მთავრობისთვის სამარცხვინოდ, როგორც ეს საქართველოშია.
მარკუს ლანცის შოუს რომ დავუბრუნდეთ, იქ გაიმართა ასეთი დიალოგი (გადმოგცემთ გერმანულივე ჟურნალ FOCUS-Online-ის მიხედვით):
ჟურნალისტის აზრით, სასკოლო პროცესი წარმოადგენს “სუსტ წერტილს” ინფექციის გავრცელებასთან დაკავშირებით. მან მიმართა პროფესორს: “რატომ ვერავინ გვეუბნება დღემდე, რამდენად გადამდები არიან ბავშვები, რა მოაქვთ ბავშვებს სახლში სინამდვილეში და რას ვაკეთებთ ამის საწინააღმდეგოდ, თუ ეს ასეა?”
ექიმის პასუხი, რომელიც ჰამბურგის ტროპიკული მედიცინის ბერნარდ ნოხტის სახელობის ინსტიტუტს ხელმძღვანელობს, ძალიან მშვიდი და ლაკონური იყო: “სინამდვილეში სუსტ წერტილს მოხუცთა და სნეულთა თავშესაფრები წარმოადგენენ”. პროფესორმა შმიდტ-ხანასიტმა ასევე აღნიშნა, რომ ეს ფაქტი არ იქნა გათვალისწინებული ამას წინათ ჩატარებულ საყოველთაო კვლევებში და ნაცვლად ამისა, სარეკომენდაციო დასკვნაში სკოლები იქნა მიჩნეული პრობლემატურ ადგილებად. ეს, პროფესორის აზრით, არასწორი პრიორიტეტია – “სკოლებში არავინ კვდება” – განაცხადა მან.
ამ განცხადებამ ჟურნალისტი ლანცი აღაშფოთა: “რას ჰქვია, არავინ კვდება?”
პროფესორმა დაუზუსტა: “ბავშვები არ კვდებიან”.
ჟურნალისტი სულ გადაირია: “მაგრამ ისინი, ვინც სახლში არიან, შეიძლება, მოკვდნენ!”
პროფესორმა კიდევ ერთხელ დააზუსტა, რომ 12 წელზე ნაკლები ასაკის ბავშვებში არ შეინიშნებიან გადამდები, ვირუსის მატარებელი ინდივიდები, რომლებიც საზოგადოებისთვის მწვავე პრობლემას შეიძლება წარმოადგენდნენ. რა თქმა უნდა, გაკვეთილზე ნიღბები აპრობირებული მეთოდია, სხვა ახალი ინფექციების რისკის შესამცირებლად, მაგრამ აქ საუბარია იმაზე, არიან თუ არა სკოლები განსაკუთრებულად საშიში ინფექციის გავრცელებისათვის – თქვა შმიდტ-ხანაზიტმა. “დაბეჯითებით ვამბობ, რომ სკოლების აბსოლუტური უმრავლესობა არ უწყობს ხელს მოსახლეობაში ინფექციების მასობრივ გავრცელებას და არ წარმოადგენს პრობლემას, ხოლო სკოლებში ნიღბების ტარების აუცილებლობა უბრალოდ პოლიტიკური გადაწყვეტილებაა” – დააზუსტა ვირუსოლოგმა.
ექიმმა თავისი მშობლიური ქალაქის, ჰამბურგის მაგალითზე მოითხოვა, რომ განხორციელდეს საბაზისო რეგულაციები – დაუშვებელია, რომ ბორდელებით ცნობილ ჰამბურგში პოლიცია არაფერს აკეთებს ამ ბორდელ-ბარებში არალეგალური შეკრებების წინააღმდეგ, მაგრამ არავითარ საფრთხეს არ შეიცავს საშობაო ბაზრობები, სადაც გერმანელები ტრადიციულად გლიუვაინს (“ცხელ ღვინოს”) მიირთმევენ. “ეს საშიში იქნება მაშინ, თუკი ადამიანის ძალიან დიდი მასები შეიკრიბება, ეს მასა საათობით იდგება იქ, ადამიანები ერთმანეთთან ამ ხნის მანძილზე ნიღბების გარეშე იკონტაქტებენ. მაგრამ თუკი შეივლით ამ ბაზრობაზე და გლიუვაინს აიღებთ, ინფექციის გავრცელების თვალსაზრისით არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს” – დაასკვნა გერმანელმა პროფესორმა.
აი ასეთი სურათია, ზომიერი, რადიკალიზმის გარეშე, როდესაც საუბრობენ პროფესიონალი ექიმები და არა შარლატანი კულუმბეკოვები. გერმანელი “მეინსტრიმ”-ჟურნალისტების ფაფხუნიც გასაგებია – გლობალისტებს ხომ დიდი ხანია, ბავშვები და ოჯახის ინსტიტუტი, ზოგადად, პრობლემად მიაჩნიათ. ამიტომ ვახსენეთ სტატიის სათაურში სიტყვა “კორონაიდეოლოგია”. დიახ, სამედიცინო თემა თავიდანვე იდეოლოგიზებული იყო და რაც დრო გადის, ამ საშიში იდეოლოგიის გავლენის ქვეშ სულ მეტი ადამიანი ექცევა. —