“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი ლიდერი, ხატია დეკანოიძე ჟურნალისტებთან პარტია „ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივნის, ირაკლი კობახიძის განცხადებას არჩევნების შედეგების შემსწავლელი საგამოძიებო კომისიის შექმნასთან დაკავშირებით ეხმაურება და მის ინიციატივას ფარისევლობას უწოდებს.
როგორც ხატია დეკანოიძე აცხადებს, „ქართული ოცნება“ ერთი მხრივ, აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან ჩახსნას, მერე მხრივ კი აცხადებს, რომ შექმნის საგამოძიებო კომისიას, რომელიც საკუთარ დანაშაულს გამოიძიებს.
“რეალურად ეს იყო ფარისევლობა, იმდენად, რამდენადაც ირაკლი კობახიძე ერთი მხრივ, აანონსებს „ნაციონალური მოძრაობის“ რეგისტრაციიდან ჩახსნას, აანონსებს იმას, რომ ჩვენ გაგვიუქმებს რეგისტრაციას, მეორე მხრივ, კი გვეუბნება რომ შევქმნი საგამოძიებო კომისიას და ეს საგამოძიებო კომისია გამოიძიებს ჩემს დანაშაულს, რა თქმა უნდა, ეს ფარისევლობაა“,- აღნიშნა დეკანოიძემ.
ის ასევე, მმართველ პარტიას დემოკრატიული პროცესების დაბრკოლებაში ადანაშაულებს.
“ბიძინა ივანიშვილი ძალიან დიდი დაბრკოლებაა ჩვენი ევროკავშირში და ევროსტრუქტურებში გაწევრიანების კუთხით. ერთპარტიული პარლამენტი თავიდან ბოლომდე შიშველი სახეა ზუსტად ბიძინა ივანიშვილის რეჟიმის და ივანიშვილის ძალაუფლების, შესაბამისად, ჩვენ გადავწყვიტეთ არ მივანიჭოთ ამ პარლამენტს ლეგიტიმაცია იმიტომ, რომ ბიძინა ივანიშვილმა დააბრკოლა ქვეყნის დემოკრატიული განვითარება” – განაცხადა დეკანოიძემ.