ცნობილი სოროსელი (ანუ ერთ დროს ჯ. სოროსის ფონდის წამყვანი მუშაკი), “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ყოფილი შეფი, შემდეგ ამერიკაში “სტაჟირებაზე” გაგზავნილი ანა დოლიძე აქეთ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს, იქით – მიხეილ სააკაშვილს და მათ “მენტალურ პენსიონერობაზე” ლაპარაკობს.
მიუხედავად ანა დოლიძის ამერიკულ-ლიბერალური ბეგრაუნდისა, მიგვაჩნია, რომ მან მართალი სიტყვები თქვა და აქცენტი გაჭირებულ ხალხზე გააკეთა თავის მიმართვაში:
“თქვენს თვალსაწიერში არ არის არც დაღლილი ხალხი, არც მშრომელი ემიგრანტები, არც მშიერი და ქუჩაში დაყრილი მოხუცები და ბანკში წინასწარ დატოვებული მათი პენსიები, არც სიცივეში გათბობის გარეშე დარჩენილი ბავშვები, არც გამონაბოლქვით მსუნთქავი მოსწავლეები, არც დაღლილი დემონსტრანტები და პოლიციელები, არც აყრილი გზები და არც კორპუსებს გარეშე დარჩენილი რამდენიმე კვადრატული მეტრი, არც დეპრესიაში ჩავარდნილი მოზარდები და ავარიებისან დაშლილი ოჯახები. ეს ზუსტად ვნახეთ და ვიცით.
თქვენ შეპყრობილნი ხართ ერთმანეთთან ეგო შეტაკებებით, ჩვენი კი ვოცნებობთ სულ სხვა ქვეყანაზე. ქვეყანაზე სადაც დილას ბედნიერად ვულაგებთ ჩანთას შვილებს და მშვიდად ვატანთ ბუფეტის ფულს, სადაც გზის და ბუფეტის ფული ყველა ბავშვს აქვს, სადაც სკოლიდან გამოსულები მშვიდად გადადიან გზაზე და თამაშობენ მწვანე მოლზე დიდ ქალაქში, სადაც სუფთა ჰაერზე ვსეირნობთ შაბათ კვირას, ოჯახებით ვიცინით და არ გვეშინია ტელეფონზე ცუდი შეტყობინებების, სადაც დედები და მამებიც აქ არიან, ჩვენთან ერთად, ამერიკელი მოხუცების მაგივრად საკუთარ შვილიშვილებს ასეირნებენ, სადაც ჩვენი შვილები მეცადინეობენ, კითხულობენ, უნივერსიტეტებში ესსებს წერენ, კარგ ფილმებს უყურებენ, და სამ სამსახურში არ მუშაობენ რომ აქეთ გვარჩინონ და ვალები გაისტუმრონ თვიდან თვემდე.
თქვენ ასეთ ქვეყანას ვერ მოგვიტანთ. არა იმიტომ, რომ არ შეგიძლიათ. იმიტომ, რომ თქვენს სამყაროში არსებობს მხოლოდ თქვენი დუელი, სადაც ხალხს მხოლოდ სეკუნდანტების როლი ღა დაგვრჩა – იმ სეკუნდანტების, რომლებიც ამასობაში დაბერდნენ.
მოკლედ, თქვენი მენტალური პენსიის დროა. დაგვღალეთ. წადით, აი როგორც ამ სურათშია, ერთად წადით და ერთმანეთს ლოტო ეთამაშეთ, ან ჭადრაკი, ან დომინო. აზარტულს ნუ ითამაშებთ რამეს, შეჩვევა იცის”, – მიმართავს ადრესატებს ანა დოლიძე.