ვაფრთხილებ საქართველოს პოლიციას, კიდევ ერთხელ იძალადებთ ახალგაზრდებზე და კომბლებს ჩაგცხებთ თავში, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ჯელალ ქიქავამ ოპოზიციის აქციაზე ჟურნალისტებს განუცხადა.
მან სამართალდამცველები ძალის გადამეტებაში დაადანაშაულა და აღნიშნა, რომ თუ ეს გაგრძელდება, ისინი კომბლებს გამოიყენებენ.
„კიდევ ერთხელ დავრწმუნდით, რომ პოლიციაში არიან ადამიანები, რომლებიც მოვლენილი არიან ჩვენს ქალაქში სხვადასხვა რეგიონიდან. შემიძლია გითხრათ, რომ ერთ-ერთი პოლიციის უფროსი, დავით მაღრაძე პროფესიონალი მოძალადეა. ბატიბუტივით აყრია მუსკულები და ჰგონია, რომ მაგარია. კადრებიც გვაქვს. არის კიდევ მონიტორინგის უფროსი, გაუსიებია თავი, ხოდა დასდევს ამ ბავშვებს. ბოლოსდაბოლოს იცოდეს მთელმა საქართველომ, დაიკავეთ ეს თქვენ მიერ აჭარაში მოვლენილი ძაღლები, ნუ ძალადობთ აჭარის მოსახლეობაზე. ჩვენ ასლანმა ვერაფერი გაგვიბედა აქ. ვაფრთხილებ საქართველოს პოლიციას, მინისტრს, ვინცაა, ყველას, კიდევ ერთხელ იძალადებთ ახალგაზრდებზე, კომბლებს ავიღებთ ხელში და ჩაგცხებთ თავში“, – განაცხადა ჯელალ ქიქავამ.
შეგახსენებთ, ბათუმში, ოპოზიციის აქციაზე სამართალდამცველებსა და აქციის მონაწილეებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. დაპირისპირების შედეგად დაშავდა ერთი სამართალდამცველი. პოლიციამ რამდენიმე მოქალაქე დააკავა.