ელჩებზე თავდასხმა რუსული პროპაგანდის გზავნილია – სალომე სამადაშვილი

ელჩებზე თავდასხმა რუსული პროპაგანდის გზავნილია და ეს მიუღებელია, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა,  სალომე სამადაშვილმა „მთავარის“ ეთერში განაცხადა.

„სრულიად მიუღებელია თავდასხმა საელჩოებზე. ვხედავ, რომ სოციალურ ქსელებში კამპანიური სახე მიიღო საელჩოებზე და ელჩებზე თავდასხმამ. მინდა ამ ხალხს შევახსენო, რომ პარლამენტში შესვლისკენ ოპოზიციას მოუწოდებს საფრანგეთის და გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრები, მოუწოდებენ საუკეთესო მეგობრები, მაგალითად, ევრონესტის საპარლამენტო ასამბელის თავმჯდომარე, ანდრიუს კუბელიუსი და მოუწოდებს ფაქტობრივად, ყველა.

ამიტომ ამ ორ ფასილიტატორ ელჩს (კელი დეგნანი; კარლ ჰარცელი) ნუ ვაქცევთ, რომელიც ცდილობს რომ მოლაპარაკების პროცესს ხელი შეუწყოს, სამიზნედ. მათ ეს არ დაუმსახურებიათ, ისინი აკეთებენ იმას, რაც მათ შეუძლიათ და გვითხრეს, რომ ჩვენ შეგვიძლია მხოლოდ შევქმნათ სივრცე, სადაც მოხვალთ და ერთმანეთს დაელაპარაკებით, მაგრამ ჩვენ თქვენს ნაცვლად ვერ შევთანხმდებით. 

ამიტომ, როგორც ოპოზიცია ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობას ელჩებს თავის გადაწყვეტილებაზე, ასევე, ვერც მთავრობა ვერ გადააბარებს პასუხისმგებლობის აღებას საკუთარ გადაწყვეტილებებზე სხვას. უნდა გვესმოდეს, რომ ეს პირველად არ ხდება – მსგავსი პროცესი მოხდა სერბეთში, სადაც იქაურმა ოპოზიციურმა პარტიებმა უკანასკნელ არჩევნებზე ბოიკოტი არჩევნებს გამოუცხადეს ბოიკოტი და მონაწილეობა არ მიიღეს. 

მიუხედავად იმისა, რომ ევროპარლამენტის უშუალო მონაწილეობით თვეების მანძილზე მიდიოდა მოლაპარაკებები შეთანხმებისთვის. მსგავსი შემთხვევები, ძირითადად ბალკანეთის ქვეყნებში ხდება.

მოდით, მადლობა ვუთხრათ ყველას, ვინც ცდილობს ქვეყანაში ხელი შეუწყოს პოლიტიკური ვითარების ნორმალიზაციას.

შეიძლება არასათანადოდ შეაფასო რისკები, შეიძლება პოლიტიკურ ანალიზში რაღაც შეცდომა მოგივიდეს, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ პირდაპირ რუსული პროპაგანდის ნაწილები ავიღოთ, ერთ სიბრტყეში როცა აყენებ და საუბრობ რუსეთსაც არ უნდა თავისუფალი არჩევნები ქვეყანაში და ამერიკის საელჩოც არაფერს აკეთებს იმისთვის, რომ თავისუფალი არჩევნები ჩატარდეს ქვეყნაში, ეს რუსული პროპაგანდის გზავნილია“, – განაცხადა სალომე სამადაშვილმა.