მოსკოვი არ აპირებს დრაკონული შეზღუდვების დაწესებას – სამედიცინო სისტემას დიდი რეზერვები აქვს

რუსეთის დედაქალაქში, ისევე, როგორც მთელ ქვეყანაში, სამედიცინო სისტემა უმკლავდება “კოვიდ19”-ით განპირობებულ გამოწვევას. კვირას მოსკოვის მერმა ს. სობიანინმა რუსეთის სახელმწიფო ტელევიზიას განუცხადა, რომ ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მოქალაქეთათვის ახალი შეზღუდვების დაწესება საჭირო არ არის:


“შეზღუდვების გამკაცრება შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი სამედიცინო სისტემა ვერ უმკლავდება პაციენტების ნაკადს. ეს კი მოსკოვში არ შეინიშნება, ჩვენ გამძლეობის საკმაოდ დიდი რეზერვი გვაქვს” – აღნიშნა მოსკოვის მერმა.

ჟურნალისტმა მას ისიც ჰკითხა, შესაძლებელია თუ არა, რუსეთში განმეორდეს კორონავირუსთან ბრძოლის ჩინური სცენარი, როდესაც მთელი მიკრორაიონები იკეტებოდა. ამაზე მერმა სობიანინმა უპასუხა, რომ “რა თქმა უნდა, ჩინური მეთოდი ეფექტურია, მაგრამ რამდენად მიესადაგება იგი რუსეთს, სხვა საკითხია – მე მიმაჩნია, რომ ეს მეთოდი ჩვენთან გამოუსადეგია”.

დედაქალაქის მერმა ასევე აღნიშნა, რომ ახალი წლის დღეებში არ იქნება დაწესებული კომენდანტის საათი – “ჩვენ არ ვზღუდავთ არც შეხვედრებს და არც საკომენდანტო საათებს ვაცხადებთ” – ასეთია სერგეი სობიანინის პოზიცია. მისი თქმით, შეზღუდვას არც ალკოჰოლით ვაჭრობა დაექვემდებარება. “მსოფლიოში ბევრი მაგალითია იმისა, როდესაც ღებულობენ მშრალ კანონებს და ეს ყველაფერი, როგორც წესი, საყოველთაო ლოთობით მთავრდება. ამიტომ მე ასეთი აკრძალვების აზრს ვერ ვხედავ” – განაცხადა მერმა.

ქალაქის თავმა ისიც თქვა, რომ მიუხედავად უცხოელებისთვის რუსეთში შესვლის საშუალების შეჩერებისა (ქვეყნების მიხედვით), სასტუმროები მოსკოვში ფუნქციონირებას აგრძელებენ, ვინაიდან შიდარეგიონული მიმოსვლა რუსეთში ინტენსიურად გრძელდება. ამიტომ, სასტუმროების დაახლოებით ნახევარი მაინც არის დატვირთული, უცხოელი ტურისტების არყოფნის პირობებშიც-კი.