პასუხი ამ კითხვაზე მარტივია: ეს არის ტექნიკური საკითხი, რომლის დასახელებაც უფრო ჟღერადია, ვიდრე მისი პრაქტიკული დანიშნულება.
გრიგორი კარასინის მიერ გაჟღერებული ცენტრი სხვა არაფერია, თუ არა ენის კურსები – ძირითადად, რუსეთის მოქალაქეობის მსურველთათვის, რომელთა რიცხვი საქართველოში ფორმალური დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 28 წლის შემდეგაც არ ილევა. სწორედ ამიტომ ეს “ენის და კულტურის ცენტრი” სავიზო ცენტრში იქნება განთავსებული.
როგორც “სპუტნიკი-საქართველო” იუწყება, ცენტრში მოწვეულნი არიან რუსეთის ხალხთა მეგობრობის უნივერსიტეტის (РУДН) საერთაშორისო სახელმწიფო სტანდარტის სერტიფიკატის მქონე სპეციალისტები, რომლებიც მსურველებს დასწრებული და დაუსწრებელი სწავლების ფორმებს შესთავაზებენ. დაუსწრებელ სწავლებაში მონაწილეობას უშუალოდ РУДН-ის წამყვანი ლექტორები მიიღებენ. მიმდინარე წელს მათ უკვე ჩაატარეს თბილისში “უმაღლესამდელი მომზადების” კურსები.
კარასინმა ისიც აღნიშნა, რომ რუსეთი დააკვირდება, საქართველოში არ მოხდეს ახალი ანტირუსული ინციდენტები კულტურულ ღონისძიებებთან დაკავშირებით.
თუმცა კითხვები ისმის საკუთრივ “სავიზო ცენტრის” მიმართ – ვინ დგას მის უკან და სად მიდის უზარმაზარი შემოსავლები. “ქართული მარშის” ლიდერი სანდრო ბრეგაძე აქტიურ და მეტად უარყოფით პოზიციას გამოხატავს ამ საკითხის მიმართ:
“აბაშიძე-კარასინის ფორმატის ერთადერთი შედეგი არის რუსეთის სავიზო ცენტრი, რომელიც ჩვეულებრივი კორუფციული ფულის საჭრელი მანქანაა და მილიონებს შოულობენ მოსახლეობისთვის ვიზების გაცემაზე! როგორც ირკვევა – ამ მილიონიან ბიზნესს სწორედ აბაშიძე-კარასინის ოჯახის წევრები კურირებენ და მილიონებს ითვისებენ ვიზების მომსახურებაში! ასე რომ, უკვალოდ არ ჩაუვლია აბაშიძე-კარასინის ფორმატს, მართალია, საქართველოსთვის ამას არაფერი შედეგი არ მოუტანია, სამაგიეროდ, კარგი მსუყე ბიზნესი კი აიწყვეს პატივცემულმა აბაშიძე-კარასინმა! როგორც ამ საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, წელიწადში ამ ბიზნესიდან 10 მილიონამდე მოგება რჩება, ანუ თვეში დაახლოებით მილიონი სუფთა მოგება! ალბათ ძნელი მისახვედრი არაა, რომ ეს ფორმატი არაფერ სასიკეთოს არ აკეთებს ჩვენი ქვეყნისთვის და მხოლოდ კერძო-კომერციულ ინტერესებს ემსახურება!“ – წერს სანდრო ბრეგაძე საკუთარ ფეისბუკ-გვერდზე.
“ნიუსფრონტ-საქართველოს” რედაქცია, თავის მხრივ, გამოთქვამს სურვილს: ნეტავ კი მართლა გაიხსნას რუსული ენის და კულტურის მძლავრი ცენტრი, რუსული ბიბლიოთეკითურთ, რათა ქართველ ახალგაზრდობას ხელი შევუწყოთ კარგი განათლების მიღებაში! ის, რაც სავიზო ცენტრში იხსნება, ამ იდეალისაგან ძალიან შორს არის…