შეზღუდვების შემსუბუქების შესახებ საკოორდინაციო საბჭო კვირის ბოლოს იმსჯელებს

ამირან გამყრელიძემ განმარტა, მოიხსნება თუ არა დაწესებული შეზღუდვები 24 დეკემბრიდან. როგორც დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, საბჭომ ეს საკითხი დღევანდელ სხდომაზე უკვე განიხილა.

შეჯერდა საკოორდინაციო საბჭო, რომ ჩვენ ამ კვირის განმავლობაში ეპიდსიტუაციის განვითარებას დავაკვირდეთ და გადაწყვეტილებები მიიღება კვირის ბოლოს იმასთან დაკავშირებით, თუ რა ზომით და რა მასშტაბით უნდა იყოს ან არ იყოს შემსუბუქება“, – აღნიშნა გამყრელიძემ.

მისი თქმით, გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია როგორც ეპიდემიოლოგიური, ასევე ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობა.

ამ დროისთვის ქვეყანაში კორონავირუსის 191 063 შემთხვევაა დადასტურებული. გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 161 681-ს შეადგენს. გარდაიცვალა 1 839 მოქალაქე.

კარანტინის რეჟიმშია 1010 მოქალაქე, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 6869 პაციენტი. ​კოვიდ-სასტუმროში – 3077 ადამიანი იმყოფება.

ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. 21 მარტს საქართველოში საგანგებო მდგომარეობა ამოქმედდა, 31 მარტიდან კი – საყოველთაო კარანტინის რეჟიმი.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსთან დაკავშირებით პანდემია 2020 წლის 11 მარტს გამოაცხადა. მანამდე კი, 30 იანვარს ჯანმომ კორონავირუსი გლობალურ საფრთხედ გამოაცხადა. ჩინეთში პნევმონიის აფეთქება 2019 წლის დეკემბერში დაიწყო. ის გამოწვეულია კორონავირუსის აქამდე უცნობი შტამით.

 

“იმედინიუსი”