კონსტიტუციის 38-ე მუხლი: პარლამენტის ლეგიტიმურობა ცალსახა არ არის!

საქართველოს კონსტიტუციაში არსებობს 38-ე მუხლი, რომელიც ახალი პარლამენტის არჩევის შემდეგ, მისი ლეგიზლატურის დაწყებასა და ძველი პარლამენტის უფლება-მოსილების შეჩერებას არეგულირებს. გამომდინარე ამ მუხლიდან, ჩნდება კითხვა: რამდენად ლეგიტიმურია დღევანდელი პარლამენტი კონსტიტუციის თვალსაზრისით?!

ვნახოთ, რა წერია ამ მუხლში:

“მუხლი 38. პარლამენტის პირველი სხდომა და უფლებამოსილების შეწყვეტა

ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა იმართება პარლამენტის არჩევნების შედეგების ოფიციალურად გამოცხადებიდან არაუგვიანეს მე-10 დღისა. პირველ სხდომას ნიშნავს საქართველოს პრეზიდენტი. პარლამენტი პირველ სხდომაზე უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას, თუ სხდომას ესწრება პარლამენტის სრული შემადგენლობის უმრავლესობა. პარლამენტი სრულ უფლებამოსილებას იძენს პარლამენტის წევრთა ორი მესამედის უფლებამოსილების ცნობის მომენტიდან. ამ მომენტიდან უფლებამოსილება უწყდება წინა მოწვევის პარლამენტს”.

ანუ ეს მუხლი ნიშნავს არა იმას, რომ პარლამენტის ლეგიტიმაციისთვის აუცილებელი იყო საერთო წევრთა რაოდენობის 2/3, არამედ იმას, რომ უბრალო უმრავლესობას, რომელიც სხდომაზე შეიკრიბებოდა, უნდა ეცნო პარლამენტის წევრთა საერთო რაოდენობის (პარლამენტში სულ 150 დეპუტატია) მინიმუმ 2/3. ეს ასეც მოხდა: 90-მა დეპუტატმა (უბრალო უმრავლესობამ, ხოლო 2/3-ს სჭირდება 100) სცნო 150 დეპუტატის უფლებამოსილება და ამით თითქოს მოხდა კიდეც პარლამენტის საკონსტიტუციო ლეგალიზება.

მაგრამ ისმის შემდეგი კითხვები:

1. თუკი ოპოზიცია ამტკიცებს, რომ მან უარი თქვა საპარლამენტო მანდატებზე, რამდენად კონსტიტუციურია მანდატზე უარის მთქმელი დეპუტატების უფლებამოსილების ცნობა? “გინდა თუ არ გინდა, მაინც ხარ დეპუტატი!” – ასეთი პრინციპია კონსტიტუციაში ჩადებული?

2. ოპოზიციამ ნამდვილად თქვა უარი მანდატებზე? სატელევიზიო ეთერებში ლაყლაყის გარდა, მათ წარადგინეს იურიდიულად გამართული განაცხადი ცესკოში თუ პარლამენტში (პროცედურულად როგორ არის, არ ვიცი) იმის თაობაზე, რომ თავს არ სცნობენ პარლამენტის წევრებად? ან, ბოლოსდაბოლოს, რატომ არ მივიდნენ პირველ სხდომაზე და იქ, დაპირებისამებრ, არ გააფორმეს ოფიციალური უარი? – ამ შემთხვევაში, ჩემი აზრით (და შესაძლოა, არა მხოლოდ ჩემი აზრით), პარლამენტს ექმნებოდა საკონსტიტუციო ლეგიტიმაციის პრობლემა.

თუმცა ოპოზიციისთვის არც ახლა არის დაგვიანებული, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართონ და გაასაჩივრონ ის ფაქტი, რომ უბრალო უმრავლესობამ პარლამენტი სრული შემდგენლობით სცნო უფლებამოსილად მაშინ, როდესაც საკუთარ თავს ამ შემადგენლობაში არ სცნობს 60 პირი!

ყველა შემთხვევაში, ეს საკითხი ყურადღებამისაქცევია კონსტიტუციონალისტების მხრიდან, თუკი გვყვანან ისეთები, ვისაც კელი დეგნანის “თხლაშანის” არ ეშინიათ!

გულბაათ რცხილაძე