მთავრობასა და ოპოზიციას შორის დიალოგი შედგა, – ამის შესახებ აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეთ რუდმა განაცხადა. მისი თქმით, მხარეებმა რამდენიმე საკითხი განიხილეს, თუმცა მთავარი ის არის, რომ მთავრობაც და ოპოზიციას მოლაპარაკებების გაგრძელების აუცილებლობაზე თანხმდებიან.
„შეხვედრის დაწყებამდე მე აღვნიშნე, რომ ჩვენ გვქონდა მოლოდინი, რომ დაიწყებოდა დიალოგი ნდობის აღდგენასთან დაკავშირებით იმ პრობლემების გადასაჭრელად, რომლის წინაშეც დღეს ვდგავართ. სიამოვნებით ვამბობ, რომ ამ მიზანს მივაღწიეთ, დიალოგი შედგა. ჩვენ რამდენიმე საკითხზე ვიმსჯელეთ. შეხვედრის დეტალებზე არ ვისაუბრებთ, თუმცა ბევრი ვარიანტი განვიხილეთ. რაც მთავარია, მოლაპარაკების გაგრძელებაზე შევთანხმდით. ამაში მთავრობა და ოპოზიცია თანხმდებიან. აშშ და საერთაშორისო პარტნიორები ამ პროცესში მოანწილეობისთვის მზად ვართ“, – განაცხადა რუდმა.
სასტუმრო „ბილტმორში“ „ქართული ოცნების“ და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების შეხვედრა დაახლოებით 6 საათს გაგრძელდა. მას დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. მხარეებმა მიმდინარე პოლიტიკური საკითხები განიხილეს.