დაშლა გაგრძელდება და ამაში მხოლოდ დადებითს ვხედავ – სოზარ სუბარი “ნაციონალურ მოძრაობაზე”

ეს დაშლა გაგრძელდება, ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების“ წევრი სოზარ სუბარი გრიგოლ ვაშაძის მიერ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვებას.

სუბარის თქმით, “ნაციონალურ მოძრაობაში” წევრებს “ერთმანეთის ატანა არ აქვთ”, რადგან მათ ღირებულებები არ აერთიანებთ.

„არაერთ მათ განცხადებაში გამოჩნდა, რომ მათ ერთმანეთის ატანა არ აქვთ, რომლებსაც არ აქვთ ერთნაირი ღირებულება, რომლებიც აბსოლუტურად სხვადასხვა მსოფლმხედველობას წარმოადგენენ. ბუნებრივია, ეს დაშლა გაგრძელდება, ეს ძალიან ბუნებრივი მოვლენაა. ამ პარტიას რომ მომავალი არ აქვს ამას მგონი მისი ყველა წევრი კარგად ხდება. ეს პროცესი გაგრძელდება, ამაში მხოლოდ დადებითს ვხედავ” – თქვა სუბარმა.

გრიგოლ ვაშაძემ „ნაციონალური მოძრაობის“ დატოვების შესახებ ინფორმაცია რამდენიმე საათის წინ გაავრცელა და ამის მიზეზები განმარტა.

ვაშაძე გავრცელებულ განცხადებაში ამბობს, რომ არ შეუძლია იყოს იქ, სადაც ვერ ხედავს შეცდომებზე სწავლის სურვილს.

„ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერის გადაწყვეტილებას უკვე გამოეხმაურნენ პოლიტიკოსები და ექსპერტები.

წყარო: report.ge