ახალი პარლამენტისთვის გუნდის წარსადგენად გიორგი გახარიას 7-დღე აქვს

მთავრობის ფორმირებაზე მსჯელობა “ქართულ ოცნებაში” უკვე დაწყებულია.

პარლამენტმა მინისტრთა ახალი კაბინეტი უკვე მომავალ კვირას უნდა დაამტკიცოს. ვაკანტურია ერთი პოსტი – იუსტიციის მინისტრის ადგილი, რომელიც თეა წულუკიანმა პარლამენტში წასვლით გაათავისუფლა. იქნება, თუ არა სხვა ახალი სახე ახალ მთავრობაში? კანდიდატებთან დაკავშირებით ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.

ახალი მინისტრთა კაბინეტის დამტკიცების პროცესი, სავარაუდოდ, ოპოზიციის გარეშე ჩაივლის, ისევე, როგორც სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო მოსმენები.

პრემიერ-მინისტრის პოსტზე კვლავ გიორგი გახარიაა წარდგენილი. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ გიორგი გახარიამ უკვე აჩვენა მისი შესაძლებლობები და დარწმუნებულები არიან, რომ მისი ქმედებები ქვეყანას კორონავირუსისგან შექმნილი კრიზისიდან აუცილებლად გამოიყვანს. ახალი პარლამენტისთვის საკუთარი გუნდი წარსადგენად მთავრობის დასახელებულ მეთაურს შვიდდღიანი ვადა აქვს.

“მან თავი გამოიჩინა როგორც ძალიან კარგმა მენეჯერმა და კარგმა პოლიტიკოსმა მრავალ სხვადასხვა პოზიციაზე და დარწმუნებული ვარ რომ ამ რთულ პერიოდში რომელიც არის პანდემია და პანდემიიდან გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი, მისი ხელმძღვანელობა შეგვაძლებინებს ამ პრობლემების შედარებით იოლი დანაკარგებით დაძლევას, რაც შეეხება გუნდს, ბუნებრივია ვიცით შემადგენლობის აბსოლუტური უმრავლესობა და გაიგებთ როცა გუნდი იქნება წარმოდგენილი,”- აცხადებს “ქართული ოცნების” წევრი სოზარ სუბარი.

 

“რუსთავი2”